ალბათ, მხოლოდ რამდენიმე მოდის ბრენდს შეუძლია, დროის ცვლილებების რიტმს აუწყოს ფეხი და ყოველთვის შესაბამისობაში მოვიდეს ხალხთან. სწორედ ასეთია Levi’s 170 წლის ბრენდი, რომელიც განუწყვეტლივ განახლებებზე ზრუნავს და ცდილობს, „ფესვების ერთგულებასთან“ ერთად, საჭირო ცვლილებებსაც აედევნოს. ახლა კი Levi’s ახალი კამპანიით გვახსენებს ამ მიდგომას — ის არა მხოლოდ საკულტო ლურჯ ჯინსზე, არამედ მოძრაობისა და ცეკვის ძალაზეც ფოკუსირდება.
კამპანია „Live in Levi’s“-ის ცენტრში დინამიკური ვიდეორგოლი მოექცა, რომელიც ცეკვას ცვლილებებისა და პროგრესის მექანიზმის სახით წარმოგვიდგენს. ის მეგობრების ჯგუფზე მოგვითხრობს, რომლებიც ყოველდღიურობის ერთფეროვნებაში იძირებიან. თუმცა როგორც კი თავისუფლებისკენ გადადგამენ ნაბიჯს, მთელი სამყარო იცვლება, რაც მოძრაობისა და სიხარულის ჯაჭვურ რეაქციას იწვევს.
„Levi’s იყო, არის და ყოველთვის იქნება პროგრესის არაოფიციალური ფორმა. ჩვენი მთავარი იდეა კი უკეთესისკენ სვლაა“, — აღნიშნავს კენი მიტჩელი, Levi’s-ის მარკეტინგის უფროსი ხელმძღვანელი.
ვიდეორგოლის გადასაღებად ბრენდი სარეკლამო სააგენტო TBWA\Chiat\Day-თან თანამშრომლობდა. ამ უკანასკნელის აღმასრულებელი დირექტორის, ერინ რაილის, თქმით კი, ახალი კამპანია ავთენტურობისა და თვითგამოხატვის ირგვლივ ტრიალებს. „ცხოვრება რაღაცის ყურებას არ ნიშნავს, არამედ ესაა მუდმივი მოქმედება“.