in

LiveBoard — ონლაინ პლატფორმა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწო.

მათ შორის ერთ-ერთია LiveBoard, რომელიც მრავალმხრივ პლატფორმას წარმოადგენს დისტანციურად მომუშავე მასწავლებლებისთვის. კონკრეტულად, ის მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ონლაინ საქმიანობა თავად მართონ და მთელი სასწავლო პროცესი ერთ სივრცეში გააერთიანონ.

LiveBoard-ის შესახებ უფრო დეტალურად პროდუქტის მთავარ ხელმძღვანელთან, ჰასმიკ ტერ-გრიგორიანთან ერთად გიამბობთ.

M: ჰასმიკ, საინტერესოა, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა?

იგი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც საერთო, ორმხრივი, რეალურ დროში თანამშრომლობის პლატფორმა. ხოლო როდესაც Covid-19-ის პანდემია დაიწყო, პროდუქტის რედიზაინი გადავწყვიტეთ, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებზე, ონლაინ რეპეტიტორებზე იქნებოდა ფოკუსირებული. მიზანი კი მათთვის და მოსწავლეებისთვის ახალ რეალობაზე მორგებული პლატფორმის შეთავაზება იყო — ამან ნამდვილად იმუშავა.

M: როგორც აღნიშნეთ, ამან იმუშავა… უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რატომ მიგაჩნიათ თქვენი სტარტაპის საქმიანობა ღირებულ და მოთხოვნად სერვისად დღევანდელ რეალობაში?

მარტივად რომ ვთქვათ, ღირებულება ჩვენი ზოგიერთი ინდიკატორით დასტურდება, მაგალითად, უკვე მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ვოპერირებთ. ამას ემატება 1,5+ მილიონი ჩამოტვირთვა, 10 მილიონზე მეტი ონლაინ სესია და 8k მიმოხილვა — თანაც, ეს ყველაფერი ყოველგვარი მარკეტინგული კამპანიებისა და რეკლამების გარეშე.

გამოკითხვების თანახმად, ჩვენი აქტიური მომხმარებლების 65%-ზე მეტი იმედგაცრუებული დარჩება, თუ LiveBoard-ის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. ეს ციფრები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ კონკრეტულ პრობლემას ვაგვარებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

M: თქვენი გადმოსახედით, ამ გზაზე რა არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორი? რა სირთულეებს აწყდება სტარტაპი?

გზაზე ბევრი სირთულეა, მაგალითად, შემდეგ საფეხურზე გადასვლა დროისა და ფულის დაკარგვის გარეშე. ასევე, რთულია სტარტაპის საქმიანობა, როდესაც შესაბამის მენტორებთან არ გაქვს კავშირი, რომლებიც შემაფერხებელი ბარიერების გადალახვაში დაგვეხმარებიან.

ხოლო პოპულარობის თვალსაზრისით, ეს არის პროდუქტის შეთავაზებული ღირებულების პირდაპირი შედეგი. თუ ის მოაგვარებს რეალურ პრობლემას, პროდუქტი საბოლოოდ გახდება პოპულარული.

M: რას იტყვით ამ შესაძლებლობაზე — თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 500 Global პროგრამაში მონაწილეობა. ამ პროგრამას დიდ პატივს სცემენ წამყვანი ტექნოლოგიების ინვესტორები, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო აქსელერატორს მსოფლიოში. ასე ვთქვათ, მასში მონაწილეობა მსოფლიოს აცნობებს, რომ კონკრეტული სტარტაპი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რადგან 500 Global-ის მენტორებისა და კონსულტანტების მასიურ ქსელზე გვექნება წვდომა, რაც პროგრამას ფასდაუდებელს ხდის.

M: დაბოლოს, რას იტყვით სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე?

სამწუხაროდ, დღეს ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ძნელია მომავალზე დარწმუნებით საუბარი. მაშინაც კი, როდესაც გეგმავთ ერთი კვირის საქმიანობას, ვერ განსაზღვრავთ მოახლოებულ საგანგებო სიტუაციებს, როგორც ადგილობრივს, ისე გლობალურს.

ამის მიუხედავად, თითოეული პერიოდისთვის მაინც ვაგრძელებთ მიზნების დასახვას. პირველი ეტაპი 500 Global-ის პროგრამაში მონაწილეობით პროდუქტის განვითარებაა — მათ შორის, გაუმჯობესებული KPI და მკაფიო სკალირების სტრატეგია. საბოლოო მიზანი კი არის, გავხდეთ ონლაინ სწავლების დე ფაქტო პლატფორმა მსოფლიოში.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

ინსტაგრამის რეკლამა ადამიანი რომ იყოს

ის, რაც გულს გვიჩქარებს! – „ავერსის“ ვიდეორგოლი 28 წლის იუბილესთვის