24
Oct
2019

ქართული სტარტაპი Amazon-ის, Stripe-ისა და Segment-ის $40 000-იანი გრანტით

24 Oct 2019

რა პრობლემას ჭრის თქვენი სტარტაპი და როგორ? ვინ არის თქვენი პოტენციური კლიენტი? საერთაშორისო მასშტაბით განვითარების რა სტრატეგია გაქვთ? – თუ ამ და სხვა კითხვებზე პასუხები გაქვთ და მიუხედავად იმისა, თქვენი წამოწყება სრულად ფუნქციურია, თუ ჯერ კიდევ დეველოპმენტის ფაზაშია, შანსი გაქვთ, ისეთი კომპანიების ყურადღება მიიქციოთ, როგორიც, მაგალითად, „ამაზონია“.

$10 000-იანი გრანტი „ამაზონისგან“, $5 000-იანი „სტრაიპისგან“, ხოლო $25 000-იანი „სეგმენტისგან“ – ონლაინზარის პლატფორმა LiveCaller-მა მსოფლიოს გიგანტურ კომპანიებს დაუმტკიცა, რომ საერთაშორისო სტარტაპია. საქმიანობისა და გეგმების დეტალურად გაცნობის, ასევე, გრანტის მიღების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, პოზიტიური უკუკავშირი არც მეტი, არც ნაკლები – დაფინანსებაში გადაითარგმნა.

რეალურად, ჩვენთვის სამივე კომპანია მნიშვნელოვანია. სერვერები Amazon-ზე გვაქვს, გადახდისთვის Stripe-ს ვიყენებთ, ხოლო რეპორტინგისთვის – Segment-ს. შესაბამისად, სამივე კომპანიამ დასტური მოგვცა და დავსაჩუქრდით. გრანტი საკუთარ რესურსს დაგვიზოგავს და ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიების სერვისებზე წვდომა უფასოდ გვექნება, რაც თავის მხრივ, ჩვენთვის, როგორც სტარტაპერებისთვის დიდი შეღავათია, – ნიკა გაბუნია, „ლაივქოლერის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

M: ნიკა, სხვა სტარტაპებს რომ ვურჩიოთ, ამდენ ინიციატივაში ჩართვას როგორ ახერხებთ ? თქვენს შემთხვევაში, ინფორმაციის წყარო ვინ/რა არის ხოლმე?
ინფორმაციის არაერთი სხვადასხვა წყარო არსებობს, მათ შორის, უამრავი სტარტაპ ონლაინსაზოგადოებაა. ჩვენ, მაგალითად, Y Combinator-ის Startup School-ში მივიღეთ მონაწილეობა. ონლაინ „სკოლაა“ სტარტაპერებისთვის, სადაც ერთსაათიანი ზარის განმავლობაში, ყოველკვირეულად, ტრენინგის გარდა, სხვა სტარტაპერებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად, მათგან $15 000-იან გრანტს ველოდებით. რაც მნიშვნელოვანია, YC-ს სტარტაპ სკოლა სრულიად უფასოა, რომლისგანაც ღირებულ ინფორმაციას იღებ და სწორედ ამიტომ, როგორც სტარტაპერი, მას რეკომენდაციას ვუწევ.

M: თქვენი აზრით, რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა, რომლითაც საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიების ყურადღებას იქცევთ?
ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენი გუნდია, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც სტარტაპის სწორი განვითარებისთვის გვჭირდება. გუნდზეა ყველაფერი დამოკიდებული, ამიტომ გუნდის შეკვრას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

M: სად იქნება თქვენი შემდეგი გაჩერება?
ჩვენი შემდეგი გაჩერება საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით შესვლაა. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს, უცხოელი კლიენტები უკვე გვყავს და მალე ვაპირებთ, კიდევ უფრო დიდი ძალებით შევუტიოთ. ჩვენთვის საამაყო იქნება საქართველოდან კომპანიის მართვა, რომელიც კომპანიებს, მსოფლიო მასშტაბით, მოემსახურება.

განხილვა