26
Aug
2019

„სტარტაპს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ნელა განვითარდეს“ – LiveCaller-ის საერთაშორისო გამოცდილება

26 Aug 2019

„სტარტაპს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ნელა განვითარდეს. ამიტომ, მსგავსი შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ძალიან საჭირო გამოცდილება, რაც შეიძლება სწრაფად მიიღო“, – მერაბ გოცირიძე, სტარტაპ LiveCaller-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

LiveCaller ონლაინზარის პლატფორმა – სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა და როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი, მერაბ გოცირიძე და გაყიდვების დირექტორი, სანდრო ცირეკიძე გვიყვებიან, სტარტაპმა რამდენიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა უკვე გამოიყენა, მაგალითად: GIST Macedonia, Startup Wise Guys, Seedstars Tbilisi. 

GIST ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადახვა ქვეყანაში სტარტაპ აქტივობებს მართავს: სტარტაპ შეჯიბრებები, ტრენინგები, ფიჩ (Pitching) კონკურსები, მენტორებთან მეჩინგი და ა.შ. LiveCaller-მა შეძლო და GIST-ის კონკურსში მონაწილეობის არა მხოლოდ შანსი გამოიყენა, არამედ, ჯერ მსოფლიოს 40 სტარტაპს შორის მოხვდა, შემდეგ კი, 5 ფინალისტიდან, ერთ-ერთში დასახელდა. კონკურსი მაკედონიაში გაიმართა.  „აპლიკაციის ფორმა შევავსეთ, შემდეგ, ონლაინინტერვიუ გავიარეთ და საბოლოოდ, მაკედონიაში ორგანიზაციიდან 2 ადამიანი მიგვიწვიეს“, – სანდრო ცირეკიძე.

GIST-ს სტარტაპების შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი ჰქონდა:

  • სტარტაპი უნდა ყოფილიყო ტექნოლოგიური;
  • სტარტაპს უნდა ჰქონოდა საერთაშორისო მასშტაბზე გასვლის პოტენციალი;
  • უნდა ჰყოლოდა სწორად შერჩეული გუნდი.

ზოგადად, გუნდს ყველა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ლოგიკურიც არის, რადგან სტარტაპში ყველაფერს გუნდი აკეთებს. ჩვენი გუნდი კი, იდეალურადაა დაკომპლექტებული, გამოცდილებისა და ექსპერტიზის მიხედვით, რადგან ჩვენი გუნდის წევრებს გამოცდილება აქვთ, როგორც ბიზნესგანვითარებაზე, ასევე VoiP ინფრასტრუქტურასა და დეველოპმენტზე, – სანდრო ცირეკიძე.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, LiveCaller-მა Startup Wise Guys-ის, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ესტონური პრეაქსელერატორის პროგრამაშიც მიიღო მონაწილეობა.

მერაბ გოცირიძე: აქ, საერთაშორისო სტარტაპ გარემოს გასაცნობად, პირველი ნაბიჯები გადავდგით, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ინვესტორებს შევხვდით და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედეთ, რამაც საერთო ჯამში, გლობალურ ბაზარზე ჩვენს სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე დიდი გავლენა იქონია. მაგალითად, SWG-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა საინვესტიციო კომპანია აირონ ვულფ კაპიტალმა ლიეტუვაში 3 თვიანი აქსელერაციის კონკურსის გასავლელად მიგვიწვია. ამჟამად კი, მათთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს, რომ 3 თვიანი სრული აქსელერაციის პროგრამა ესტონეთშიც გავიაროთ.

M: მერაბ, იმის ფონზე, რომ ქართული სტარტაპები საერთაშორისო აქსელერატორებში არც ისე ხშირად ხვდებიან, თქვენი დაკვირვებით, რას შეუძლია ამ მოცემულობის შეცვლა?
საერთაშორისო პროგრამებში მოსახვედრად, ქართულ სტარტაპებს, პირველ რიგში, გამბედაობა სჭირდებათ და კიდევ იმის გააზრება, რომ საქართველოში საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პოტენციალი გვაქვს, მით უფრო, ინტერნეტისა და ტექნოლოგიური სამყაროს განვითარების ამ ეტაპზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქართულ არეალს გავცდეთ და მსოფლიოსკენ გავიხედოთ. პროდუქტი, რაზეც ვმუშაობთ, მოვარგოთ არა საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარს.

M: LiveCaller “Seedstars Tbilisi-ზეც“ მონაწილეობდა… სანდრო, ამ შემთხვევაში, რა  იყო კონკურსში მონაწილეობის ღირებულება?
Seedstars Tbilisi-ზეც, ასევე, ფინალისტებს შორის მოვხვდით. 100-მდე სტარტაპი გადაირჩა, შემდეგ 20 სტარტაპის წარმომადგენელს გაგვესაუბრნენ და ასე შეარჩიეს 9 ფინალისტი. ჩვენი პროდუქტის შესახებ პრეზენტაცია გავმართეთ და შესაბამისად, ცნობადობის მასშტაბებიც გავზარდეთ.M: რომ შევაჯამოთ, რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როცა საერთაშორისო სტარტაპ სამყაროში გადაწყვიტეთ თქვენი საქმიანობის წარმოჩენა? და მიიღეთ, თუ არა ის შედეგი, რომლის მოლოდინიც გქონდათ? 
სანდრო ცირეკიძე: მაშინაც და დღესაც, ჩვენ ერთადერთი მიზანი გვქონდა და გვაქვს – სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს. ამის განსახორციელებლად ბევრი რამ არის საჭირო. მაგალითისთვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. SWG-ს ღონისძიებამ, რომელიც ლიეტუვაში გაიმართა, საშუალება მოგვცა, ინვესტორები გაგვეცნო, დაგვეინტერესებინა და რეალურ მოლაპარაკებებზე გადავსულიყავით. მაკედონიამ, თავის მხრივ, შესაძლებლობა მოგვცა, პირველი არაქართული კლიენტი აგვეყვანა და „ლაივქოლერის“ დანერგვა ამ ქვეყანაშიც დაგვეწყო.

M: ანუ, ისწავლეთ, რომ…
მერაბ გოცირიძე: ჩვენს ქვეყანაში არსებულ ინტელექტუალურ რესურსს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტი შექმნას. ჩვენი დაკვირვებით კი, სწორედ საერთაშორისო სტარტაპ სამყაროში მსგავსი აქტიურობა განთებს უფრო მეტად და თავდაჯერებულს გხდის, რომ ის, რასაც საქართველოში ქმნი, არაფრით ჩამოუვარდება სხვა, ამ მხრივ, უფრო გამოცდილ ქვეყნებში შექმნილს.

რაც მთავარია, პირველ რიგში, საერთაშორისო აქსელერატორები იმაში დაგვეხმარნენ, რომ „ლაივქოლერის“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია შეგვეფასებინა, როგორც არა მხოლოდ დამფუძნებლების გადაჭარბებულ ხედვად, არამედ სწორედაც, რომ რეალურ, გლობალურად საჭირო პროდუქტად, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე ელიან.

და რაც მთავარია, გავიაზრეთ, რომ სტარტაპს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ნელა განვითარდეს.

განხილვა