2
Dec
2019

როგორ გვეხმარება საზღვარგარეთ ცხოვრება საკუთარი თავის შეცნობაში

2 Dec 2019

„ხშირად მე მსოფლიოს შორეულ უბანში მივდივარ, რომ გავიხსენო, ვინ ვარ… გაშიშვლდი ჩვეული გარშემომყოფებისგან, მეგობრებისგან, ყოველდღიური რუტინისგან… ასე შენ იძულებული ხარ, პირდაპირ გაიცნო ის, ვინც გამოცდილებას იღებს“, – მწერალ მაიკლ კრიკტონის ავტობიოგრაფიული წიგნი ზუსტად გადმოსცემს მკვლევარების: ჯადო ადამის, ოტილია ობოდარუს, ჯექსონ ჯი. ლუს, უილიამ მედექსისა და ადამ გალინსკის ჰიპოთეზას, რომ საკუთარი თავის შეცნობაში საზღვარგარეთ ცხოვრება პოზიტიურ როლს ასრულებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რომ დღევანდელ მზარდად გლობალიზებულ მსოფლიოში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს საზღვარგარეთ ცხოვრებას, მუშაობასა და სწავლას, ვინაიდან, სოციალური მეცნიერებების კვლევები აჩვენებს, რომ საერთაშორისო გამოცდილებებს შეუძლია შემოქმედებითობის გაზრდა, ჯგუფთაშორისი დისკრიმინაციის შემცირება და კარიერული წარმატების ხელშეწყობა.

ხსენებულმა მკვლევარებმა საზღვარგარეთ ცხოვრების ფსიქოლოგიური ეფექტები შეისწავლეს და განსაზღვრეს, რომ ეს მოვლენა ადამიანის სელფ-კონცეფციის სიცხადეზე პოზიტიურად აისახება, ანუ საზღვარგარეთ ცხოვრება საკუთარი თავის, პიროვნების უკეთ გაცნობაში გვეხმარება.

საზღვარგარეთ ცხოვრება და სელფ-კონცეფციის სიცხადე

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, დაკავშირებული იყო, თუ არა საზღვარგარეთ ცხოვრება სელფ-კონცეფციის სიცხადის ზრდასთან, 6 კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 1874-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველ კვლევაში, 296 ადამიანი ჩაერთო ონლაინ და მათი ნახევარი სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში მაინც ცხოვრობდა საზღვარგარეთ. თითოეულმა მათგანმა სელფ-კონცეფციის სიცხადის გასაზომი კითხვარი შეავსო, სადაც მათ უწევდათ იმის განსაზღვრა, რამდენად ეთანხმებოდნენ ასეთ წინადადებებს: „ზოგადად, მე გარკვეული მაქვს ვინ ვარ და რა ვარ“ და „მე იშვიათად მოვდივარ კონფლიქტში საკუთარ თავთან პიროვნული მახასიათებლების განსხვავებული ასპექტების გამო“. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, უფრო ცხადი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე მათ, ვისაც მშობლიური ქვეყნისგან განსხვავებულ კულტურაში ცხოვრების გამოცდილება არ ჰქონდათ.

მეორე კვლევაში ერთმანეთს შეადარეს 136 საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილების მქონე ადამიანები ისეთ 125 მონაწილეს, რომლებსაც პროფესიული მიზნებისთვის საზღვარგარეთ ცხოვრება სურდათ, თუმცა ჯერ ამის გამოცდილება არ ჰქონდათ. როგორც მკვლევარები ამბობდნენ, ისინი ითვალისწინებდნენ დემოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს: ასაკს, გენდერს, ოჯახურსა თუ სოციოეკონომიკურ სტატუსს, პიროვნულ თვისებებს. და მაინც, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც საზღვარგარეთ უცხოვრიათ, სელფის შეგრძნების უფრო მაღალი დონე ჰქონდათ.

საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრების რეფლექსია

შემდეგ, მკვლევარების სურვილი იყო იმის განსაზღვრა, რატომ ზრდის საზღვარგარეთ ცხოვრება სელფ-კონცეფციის სიცხადეს. თვითშეცნობა – ჩაფიქრებულ მდგომარეობაში ყოფნა, საკუთარი იდენტობის განსაზღვრა, ვინ ვარ და რა მინდა, ჩემი კულტურული აღზრდა როგორ აირეკლება ჩემს პიროვნულ ღირებულებებზე – კრიტიკული ინგრედიენტი აღმოჩნდა საზღვარგარეთ ცხოვრებასა და სელფ-კონცეფციის სიცხადეს შორის.

როცა ადამიანები მშობლიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხშირად გარშემორტყმულები ვართ ადამიანებით, რომლებიც ჩვენნაირად იქცევიან და შესაბამისად, კითხვაც არ გვიჩნდება, ჩვენი ქცევა ჩვენივე ღირებულებების შესაბამისია, თუ არა. შედარებისთვის, საზღვარგარეთ ცხოვრება ადამიანს ახალი კულტურული ფასეულობებისა და ზემოქმედების შედეგად, აიძულებს, ხელახლა ჩაერთოს საკუთარი თავის შემეცნების პროცესში.

მკვლევარებმა 116 მონაწილე მოიწვიეს ონლაინ, რომელთაგან ყველა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, თუმცა მათგან ნახევარს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სთხოვეს, საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილებაზე მოეყოლათ, მეორე ნახევარს კი – მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცხოვრების რეფლექსია სთხოვეს, უფრო კარგი სელფ-კონცეფციის სიცხადე აჩვენეს, ვიდრე მონაწილეებმა, რომლებიც მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებაზე ჰყვებოდნენ.

საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრება VS ხშირი მოგზაურობა

უფრო მოცულობით კვლევაში, მაგისტრის სტუდენტები გამოჰკითხეს, რომელთაც, დაახლოებით, 3 თვე ჰქონდათ საზღვარგარეთ გატარებული. და ამ შემთხვევაში, საინტერესო იყო ისიც, რომ უბრალოდ, ხანგრძლივი საერთაშორიოს გამოცდილება ზრდიდა სელფ-კონცეფციის სიცხადეს, თუ სხვადასხვა ქევყანაში ცოტა ხნით ცხოვრების გამოცდილება?

მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ საზღვარგარეთ ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნის გამოცდილება, რადგან ადამიანები რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ სხვაგან, საკუთარი თავის შეცნობის მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ და ეს ერთ ქვეყანაში მოხდება, თუ მრავალ სხვადასხვაში, ნაკლებმნიშვნელოვანია. კვლევამ, რომელშიც 599 სტუდენტი ჩაერთო, პროგნოზი გაამართლა და აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს სელფ-კონცეფციის სიცხადის ზრდას და არა, მრავალ ქვეყანაში მოგზაურობის გამოცდილება.

თვითაღქმა VS იმიჯი

554 მაგისტრ სტუდენტს მოუწია საკუთარი თავის შეფასება და ასევე, თითოეული მათგანი სხვამაც შეაფასა. უნდა განსაზღვრულიყო კონგრუენცია, ანუ დამთხვევა თვითაღქმასა და სხვების მიერ პიროვნების აღქმაში, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებული იყო სელფ-კონცეფციის სიცხადესთან. რადგან თუ ადამიანებს საკუთარი თავის კარგად ესმით, მათ შესაძლებლობა აქვთ, სხვების თვალშიც ისეთივე იმიჯი შეიქმნან, როგორიც სურთ. და აქაც, აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრება მაღალ კონგრუენციას ავლენდა თვითშეფასებასა და სხვების შეფასებას შორის.

კარიერული გადაწყვეტილება

კვლევაში ისიც გამოჩნდა, რომ ადამიანები განსაკუთრებულ სიძნელეს აწყდებიან მაშინ, როცა მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილების მიღება უწევთ და გარდა ამისა, მათი პოსტსაუნივერსიტეტო გამოცდილებაც სტრესთანაა დაკავშირებული – სწავლის შემდეგ, როგორ გააგრძელონ კარიერა. ეს სწორედ თვითშეცნობას, სელფ-კონცეფციის სიცხადეს უკავშირდება – რამდენად ერგება შენი არჩევანი შენს ძლიერ მხარეებს, შესაძლებლობებს, რამდენად ემთხვევა შენს ღირებულებებს და შესაბამისად, თავდაჯერებული ხარ, თუ არა არჩევანში.

98 საერთაშორისო მაგისტრის გამოკითხვით, აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება მათ პიროვნების შეცნობაში დაეხმარა, რაც გადაითარგმნა უნივერსიტეტის შემდგომ ნათელ გეგმებში – მათ ზუსტად იცოდნენ, რა უნდოდათ სამაგისტრო პროგრამის შემდეგ.

საზღვარგარეთ ცხოვრებაზე მომავალში…

მკვლევარებმა პოზიტიური ეფექტი იპოვეს საზღვარგარეთ ცხოვრებასა და სელფ-კონცეფციის სიცხადის ზრდას შორის – ონლაინ პანელით, ექსპერიმენტით, გამოკითხვით… თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ერთი საინტერესო მიმართულება მომავალი კვლევისთვის შეიძლება იყოს იმის აღმოჩენა, როცა საზღვარგარეთ ცხოვრება ნათელ სელფ-კონცეფციას არ უძღვის. მაგალითად, როცა კულტურული შოკის შემდეგ – შფოთი, რომელიც მოდის ყველა ჩვენი ნაცნობი ნიშნებისა და სიმბოლოების დაკარგვით, სოციალური ურთიერთქმედებისას – ადამიანი ვერ ლახავს მას და შედეგად, ვერ ვითარდება…

წყარო: HBR



განხილვა