ყველამ ვიცით, რომ ჩვენი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მაშინ არ ქრება, როცა ურნაში ვათავსებთ, ნაწილი შეიძლება გადამუშავდეს, ნაწილი კი ნაგავსაყრელზე მოთავსდეს ან დაიწვას კიდეც… ყოველ შემთხვევისთვის, ასე ხდება დიდი ქალაქების უმეტესობაში. მაგრამ ახლა დიზაინერი ბობ ჰენდრიქსი უკეთეს გზას გვთავაზობს იმისა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ნაგვის ლიკვიდირება მომავალში.
ამიტომ, მოდით, „ცოცხალი ურნის“ კონცეფცია განვიხილოთ, რომლის შთაგონებაც არც მეტი, არც ნაკლები, ზღვის ანემონებია. მართალია, ბევრი მათგანი ფერად ყვავილებს ჰგავს, თუმცა ზოგიერთი სახეობა „ყველაფრისმჭამელი ზღვის ცხოველია“. დიახ, ისინი როგორც მცენარეებით, ისე ზღვის პატარა ცხოველებით იკვებებიან, იქნება ეს თევზი თუ კიბორჩხალა. ჰენდრიქსის აზრით, ჩვენი ნაგვის ურნებიც მათ მსგავსად შეგვიძლია ავამუშაოთ.
ჰოლანდიური დიზაინის კვირეულზე დიზაინერმა ხელნაკეთი მინის პროტოტიპიც კი წარმოადგინა, რომელშიც რამდენიმე Beadlet-ის ანემონი იყო მოთავსებული. მართალია, მას იქ ნაგავი არ გადაუმუშავებია, მაგრამ ბობის თქმით, მან პროტოტიპს თავის სტუდიაში ხილის პატარა ნაჭრები აჭამა, რომლის გადამუშავებასაც 8 საათი დასჭირდა. ისიც კი დაადგინა, რომ ამ სახეობას ბანანი ძალიან უყვარს… თუმცა რეალურად Beadlet-ის ანემონია ცნობილი იმით არის, რომ თითქმის ყველაფერს ჭამს, რისი დაჭერაც შეუძლია. ამასთან, ურნის ახალი კონცეფცია ნარჩენების უფრო სწრაფად დაშლისთვის მიცელიუმის სოკოებსაც იყენებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ „ცოცხალი ურნა“ დამაინტრიგებელი რამდენიმე მიზეზის გამოა: შესაძლოა, დიდ ქალაქებს ნაგვის მანქანების რაოდენობის შემცირებაში დაეხმაროს, რევოლუციაც კი მოახდინოს იმაში, თუ როგორ მივუდგეთ ნარჩენების მართვას, რაც, ბუნებრივია, მის დაწვასა და ნაგავსაყრელზე მოთავსებას აღარ გულისხმობს. ისიც მართალია, რომ კონცეფციის რეალურად ამოქმედებას ჯერ კიდევ მრავალი კვლევა სჭირდება, მაგრამ ადამიანებმა უკვე მისი გამოყენების გზებზე დაიწყეს საუბარი. დიახ, იგი თქვენს სამზარეულოში ან სამეზობლოში ჩვეულებრივი ნაგვის ურნის მსგავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ.