23
Oct
2019

რა გავლენას ახდენს თქვენი საცხოვრებელი ადგილი თქვენს სტარტაპზე?

23 Oct 2019

ანტრეპრენერობა, თავის თავში, გულისხმობს დიდ თავისუფლებას. ანტრეპრენერებს აქვთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად იმოქმედონ საკუთარ კარიერაზე, მართონ გრაფიკი და იცხოვრონ იქ, სადაც სურთ. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად იმატა “ციფრული მოგზაურების” რიცვხმა: ისინი მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და ბიზნესს მხოლოდ ლეპტოპის საშუალებით მართავენ. ამავდროულად, სხვა ანტრეპრენერები ირწმუნებიან, რომ მეგაპოლისებში ცხოვრება ბიზნესისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. ჩნდება კითხვა: რა გავლენას ახდენს თქვენი საცხოვრებელი ადგილი თქვენს სტარტაპზე?

pasha-statiebi
pasha-statiebi

რასაკვირველია, დღევანდელი ციფრული სამყაროს საშუალებით, სტარტაპი ყველგან შეიძლება განვითარდეს და საამისოდ მხოლოდ ერთი რამაა საჭირო – ლეპტოპი! თუმცა, თუკი რომელიმე ქალაქში გადასვლას დააპირებთ, ამ ფაქტორების გათვალისწინებას გირჩევთ:

სიახლოვე სხვა ანტრეპრენერებთან

ბევრი ანტრეპრენერი საქმეს მარტო იწყებს. მარტოხელა ცხოვრების ეს სტილი კი ზოგჯერ ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კალიფორნიის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, სამიდან ერთი ანტრეპრენერი დეპრესიაშია. ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა მიგვითითებს იმაზე, რომ დეპრესიის ალბათობა საკმაოდ დიდია. ადამიანები რეალიზდებიან ისეთ გარემოში, სადაც სხვა ანტრეპრენერებთან შეუძლიათ კომუნიკაცია. ეს შეიძლება იყოს საერთო სამუშაო სივრცეები ან კაფეები.

ასევე, პროდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს სხვა პროდუქტიულ ადამიანებთან ურთიერთობა – ისეთ გარემოში მუშაობა, რომელიც შთააგონებთ და ახლისკენ უბიძგებთ. ამდენად, პატარა ქალაქები, პატარა სამუშაო სივრცეებითა და ანტრეპრენერთა სიმცირით, შეიძლება ნაკლებად სასარგებლო იყოს ბიზნესისთვისაც და ანტრეპრენერისთვისაც.

ყოველდღიური ხარჯები

თუკი სტარტაპის მართვაში ხართ ჩაბმული, ყველა დოლარი იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი. იდეალურია, თუკი ცხოვრების ხარჯები რაც შეიძლება ნაკლებია, რათა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის ბიზნესში დაბრუნება შეძლოთ. სწორედ ეს აწუხებთ ანტრეპრენერებს: შესაძლოა, კარგ ადგილას ცხოვრება სასიამოვნო იყოს, თუმცა, ღირს კი ზედმეტი ხარჯების გაღება ამ მიმართულებით? ეს თქვენი გადასაწყვეტია. საცხოვრებლის შერჩევისას, ფინანსური ფაქტორის გარდა, გაითვალისწინეთ მისი ადგილმდებარეობა – სიახლოვე დიდ ქალაქებთან, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის.

კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიების სიხშირე

ანტრეპრენერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციებში მონაწილეობა. ესაა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაიცნონ ახალი ადამიანები, გაამყარონ ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან, შეიძინონ ბიზნეს პარტნიორები. რასაკვირველია, დიდ ღონისძიებაზე დასასწრებად შეგიძლიათ სხვა ქალაქსა და ქვეყანასაც ესტუმროთ, თუმცა, ამ გარემოცვასთან ფიზიკური სიახლოვე ზრდის თქვენს სანაცნობო წრესაც და გავლენასაც.

მეტი სიახლოვე პოტენციურ კლიენტებთან

თქვენი სანაცნობო წრის გაფართოებით, ბუნებრივია, ბევრად იზრდება პოტენციური კლიენტების რაოდენობა. ამასთან, პირისპირ საუბრით უფრო მეტ ღირებულებას შემატებთ ურთიერთობას, ვიდრე ამას ონლაინ კომუნიკაციით შეძლებდით. რატომ? აქ ნდობის ფაქტორი შემოდის, დამკვეთი პირადად გხედავთ და გრძნობს, რომ შეუძლია გენდოთ. პირისპირ ურთიერთობა ბევრად ამარტივებს პროცესს.

რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი ადგილის შერჩევა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, თუკი თქვენი ქალაქი არც ისე შესაბამისია უცხო სტარტაპისთვის, მაგრამ იდეალურად შეგეფერებათ პირადად თქვენ, მაშინ, ეს ქალაქი ზედგამოჭრილია თქვენთვის, როგორც ანტრეპრენერისთვის.

და ბოლოს, შესაძლებლობები არის ყველგან, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობთ და მუშაობთ.

 

წყარო: inc



განხილვა