30
May
2019

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge ამოქმედდა

30 May 2019

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge-ს ბეტა ვერსია უკვე ამოქმედდა. ის თიბისი ჯგუფის ინიციატივით Allproperty.ge-ს ბაზაზე შეიქმნა. როგორც თავად ამბობენ, სერვისი მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს, ფინანსურ რესურსს და მათ უძრავი ქონების სფეროში არსებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

 

„განახლებული პლატფორმით სარგებლობა შეუძლია, როგორც ბინის ყიდვა – გაყიდვის მსურველ ფიზიკურ პირებს, ისე დეველოპერებს. მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე“.

Livo.ge-ზე ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება.

„უახლოეს მომავალში, Livo.ge მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვით დაინტერესებულ პირს, შესაძლოა, დასჭირდეს ბინის შერჩევიდან – საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია უძრავი ქონებით დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირი ან დეველოპერი“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Livo.ge მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ სერვისს, რომლის ანალოგი ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს.

„პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, „ონლაინ“ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის, Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს“.

Livo.ge-ს დაემატა კიდევ ერთი სიახლე – 3D ფოტოტურები – მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერის მიერ გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმის შესაძლებლობა ვირტუალურად ექნება, ადგილზე მისვლის გარეშე.

„თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილი 2018 წელს შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, Livo.ge დამოუკიდებელ კომპანიად რჩება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კი ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებაში დაეხმარება. უძრავი ქონების ციფრული პლატფორმის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.

 

განხილვა