in

LIYA x JOANA SANZ – ქართული ბრენდისა და ესპანელი მოდელის კოლაბორაცია პარიზში

ამ კოლაბორაციის სამოსი უკვე ეცვათ ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან: Victoria’s Secret-ის მოდელები – ჟიზელ ოლივეირა და ლაის რიბეირო, ფრანგი ინფლუენსერი, დიდი სტოუნი, მომღერალი, ლოლა ინდიგო და სხვები.

პარიზი ის ქალაქია, რომელიც ჯოანას სტილსა და ესთეტიკას ყველაზე მეტად შთააგონებდა. პარიზი ხომ ის ქალაქიცაა, მისი არქიტექტურული მხარე, ფოტოების გადასაღებად, საუკეთესო ფონს რომ ქმნის. ამიტომ, ქართული ბრენდის, Liya-ს კაფსულა-კოლექციისთვის ესპანელი მოდელის, ჯოანა სანზის გადაღებები საფრანგეთში, მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა, ალეხანდრო ბრიტომ საკუთარ თავზე აიღო.

„ალეხანდროსა და ჯოანას წარსულში თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ჰქონდათ და შესაბამისად, ამ კოლექციის გადაღება მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა“, – გვიხსნის ანუკა მჭედლიშვილი, „ლიას“ თანადამფუძნებელი, ვისთან ინტერვიუს მეშვეობითაც, ქართული ბრენდისა და ცნობილი მოდელის თანამშრომლობის შესახებ დეტალებს გიყვებით:

ვინ არის ჯოანა სანზი?

ჯოანა სანზი წარმოშობით ესპანელი მსახიობი და მოდელია, ის არის სახე ისეთი ცნობილი ბრენდებისა, როგორებიცაა: Pronovias, Etam, Ralf & Russo, გამოდის პარიზის მოდის კვირეულზე. 

ჯოანა ცნობილი ფეხბურთელის, დანი ალვეშის (რომელმაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი სამოსი თავადაც მოირგო) ცოლია, თუმცა მან, დიდი ხანია, თავი დაიმკვიდრა, როგორც პროფესიონალმა მოდელმა, რომლის მიზანდასახულობა და გამოცდილება მოდის სფეროში საინტერესო კოლაბორაციის გარანტად იქცა.

LIYA – ქართული ბრენდი

„ლია“ 2017 წელს, ქართველი დიზაინერის, ლია გოგლიძის მიერ შეიქმნა. ლია მოდისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ფლორენციაში (POLIMODA School of design) სწავლობდა და ბაკალავრის წოდების მიღების შემდეგ სწავლა მილანში, IED-ში (Istituto Europeo di Design) განაგრძო. ფლორენციისა და მილანის შემდეგ მან ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტში, Visual Arts and History of Arts მიმართულებით ისწავლა, რომლის პარალელურად, სხვადასხვა გალერეაში სხვადასხვა საინტერესო პროექტზე მუშაობდა. 

ჯოანა სანზთან კოლაბორაციის წინაპირობა

ჯოანა ინსტაგრამით გავიცანით. კომუნიკაცია, მისი მხრიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი ბრენდი ცნობილ ონლაინ მაღაზიაში, LUISAVIAROMA.COM აღმოაჩინა.

Ბრენდით დაინტერესებას პირველი ნაბიჯებიც მოჰყვა – ჩვენი მხრიდან, რამდენიმე სამოსის მისთვის გაგზავნა, რომლის ჩაცმასაც ერთ-ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე აპირებდა. ამ სამოსის მის ინსტაგრამზე დაპოსტვამ, ჯოანას გამომწერებში, ასევე, დიდი ინტერესი გამოიწვია, რამაც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ვინაიდან, ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთს სიახლეებსა და კომენტარებს ვუზიარებდით – ამ საუბარში, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარის ხედვები და ინტერესები საკმაოდ ემთხვეოდა, კოლაბორაციის იდეაც დაიბადა.

LIYA x JOANA SANZ capsule collection

ეს არის გარდამავალი სეზონის (გაზაფხული/შემოდგომა) კოლექცია, რომელიც მოიცავს სამოსსაც და სამკაულსაც. უფრო ზუსტად, კოლექციაში თავმოყრილია: კაბები, პიჯაკები, შარვლები, ქვედაბოლო, მათ შორის, LIYA-ს ცნობილი ნაქსოვი სახელოები და როგორც უკვე ვახსენე, სამკაული. 

კოლექციაში კარგად არის გადმოცემული ჯოანას პიროვნება და LIYA-ს ესთეტიკა. ეს არის საერთო ნამუშევარი, რომელშიც თანაბრად არის წარმოდგენილი ჩვენი ხედვები.

ჯოანასთვის ეს ახალი გამოწვევა და საინტერესო საქმე იყო, რომელსაც წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით მიუდგა. Მართლაც, ამ კოლექციაზე მუშაობა ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო და კომფორტული აღმოჩნდა.

ჯოანა სანზთან თანამშომლობის შემდეგ

ამ კოლაბორაციის სამოსი უკვე ეცვათ ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან: Victoria’s Secret-ის მოდელები – ჟიზელ ოლივეირა და ლაის რიბეირო, ფრანგი ინფლუენსერი, დიდი სტოუნი, მომღერალი, ლოლა ინდიგო და ა.შ.

კოლექციის ნახვა და შეძენა შესაძლებელია მხოლოდ LIYA-ს ონლაინ მაღაზიაში.

LIYA-ს სხვა კოლაბორაციები

განსხვავებით Joana-სგან, LIYA-სთვის ეს პირველი კოლაბორაცია არ იყო. Რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ კიდევ ერთი საზაფხულო კაფსულა-კოლექცია გავუშვით, რომელიც ცნობილ მოდის ბლოგერსა და ინფლუენსერთან, მაია მალნართან (Maja Malnar) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ეს ურთიერთობა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მაია სანტორინიზე გადავიღეთ. ფოტოებში კარგად იგრძნობოდა საზაფხულო განწყობა.

ამის შემდეგ კი, კოლაბორაციის საფუძველზე შევქმენით ახალი ბრენდი, LIYA x KASHKASH, რომელმაც თავის მოვლის ქართულ ბრენდ Kashkash-თან გაგვაერთიანა და პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას შევუდექით.

კოლაბორაციების მოტივი

მსგავსი კოლაბორაციები თანამედროვე მოდის ბრენდებისთვის საინტერესო გამოწვევას წარმოადგენს. თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელს განსხვავებულ მოდელებს ვთავაზობთ, რითაც მათ წახალისებასა და უკეთ გაცნობას ვახერხებთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, არ შევუშინდეთ მსგავს გლობალურ მიმართულებებსა და გამოწვევებს და მათგან ახალი გამოცდილება მივიღოთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

აბაშიძის #37-ში „გულიანმა მეზობელმა“ დაიდო ბინა

ქართულ სტარტაპს Pulsar AI გლობალური კომპანია SpinCar ყიდულობს