13
Jun
2019

“ჩემი ნამუშევრები ყველაზე კარგად მახსენებენ, როდის რას ვგრძნობდი, როდის რა გადამხდა და როდის რა მინდოდა..” – ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება

13 Jun 2019

ტბისფერი ქალაქი. ექოა მთებიდან,

თმები და ხელები ეძებენ საყუდელს,

ამ უღელს ჩემიდან გაიტანს ძვრები და

მინდა, რომ შევება ამ ღამეს, ამ ზღუდეს.

თვითგამოხატვა მარტივი არ არის, თუმცა, მარტივია ის საგნები, რისი საშუალებითაც ვახერხებთ, გამოვხატოთ ჩვენივე თავი. თუნდაც, ერთი ტილო ყველაფრის დამტევი შეიძლება იყოს. ამის კარგი მაგალითი ლიზი ბუდაღაშვილის ნამუშევრებია.. თითოეული ნახატი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებების კომბინაციაა. მათში თითოეულ ფერს განსაკუთრებული დატვირთვა და მიზანი აქვს. საერთო ჯამში კი ყველაფერ ამას ერთ უნიკალურ ისტორიამდე/ამბამდე მივყავართ, რომელსაც ნახატი თავად გვიყვება.

შერეული ტექნიკა და მრავალგვარი ნიჭი ისაა, რაც ლიზი ბუდაღაშვილს ახასიათებს. იგი არა მხოლოდ მხატვარია, არამედ წერს ლექსებსაც და ქმნის მუსიკასაც.. შესავალში შემოთავაზებული სტროფიც მისი შემოქმედებიდან ავიღეთ..

M: ვინ არის ლიზი ბუდაღაშვილი – გაგვაცანი შენი თავი..

ვარ 19 წლის. ადრეული ასაკიდან ვხატავ და ვწერ ლექსებსა და მუსიკას. უკვე წლებია, ამით ვცხოვრობ, ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და იმავეს ვაპირებ მომავალშიც..

M: როდის გქონდა ხატვასთან პირველი შეხება და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

დედამ შენიშნა პირველად ჩემი სამხატვრო მონაცემები, როდესაც 5 წლისა ვიყავი და ორი წლის შემდეგ მანვე ჩამწერა ათწლიანი რესპუბლიკური სამხატვრო სასწავლებლის მისაღებ გამოცდაზე. ეს იყო ხატვასთან პირველი პროფესიული შეხების მცდელობა. სამხატვრო სკოლამდე, სიმართლე გითხრათ, ახლა რომ ვიხსენებ, მომენტები ზუსტად არ მახსენდება, თუმცა მოგონებად აშკარად მახსოვს ხატვისას მიღებული გაუაზრებელი, მაშინ ჯერ კიდევ აუხსნელი სიამოვნება და სიხარული. საბედისწეროს ვუწოდებდი ჩემს მაშინდელ ხატვასთან შეხებას, რამდენადაც მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ „მომწამლავდა“ ხატვისა და ზოგადად ხელოვნების ულამაზესი სფერო.

M: რა განათლება გაქვს მიღებული ხატვის კუთხით?

დავამთავრე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ათწლიანი რესპუბლიკური სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის განხრით. ყოველთვის მადლიერებით მოვიხსენიებ იმ ურყევ საფუძველს და აკადემიურ ცოდნას, რაც მე ამ სასწავლებელის არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა წლების განმავლობაში მომცეს; მხატვრობისა და ზოგადად ხელოვნების ერთგულება მასწავლეს ამ სკოლის კედლებმა, ასე მგონია. თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც ჩავაბარე სკოლის შემდეგ, თუმცა ბევრად უკეთეს ადგილას წასვლის შანსმა განაპირობა, რომ სკოლის შემდეგ პარალელურად ჩავაბარე და მოვოიპოვე მაქსიმალური გრანტი United World College Dilijan-ში, სადაც IB პროგრამით ვისწავლე ორი წელი და სახვითი ხელოვნება ერთ-ერთ გაძლიერებული დონის საგნად მქონდა აღებული. ეს ორი წელი იყო   ინტენსიური მუშაობის პერიოდი ,რამდენადაც მე გარემო მიქმნიდა ჩემს ნამუშევრებში უამრავი ექსპერიმენტის ცდის საშუალებას. საკუთარ თავზე მუშაობის ამ ორმა ინტენსიურმა წელმა ჩემი ექსპრესია მხატვრობაში უფრო გულწრფელი გახადა და მე მაქცია უფრო გაბედულად გამომსახველი ხერხების მხრივ, რისკის სიყვარულის მხრივ, ნამუშევრის თემატიკის მრივ თუ ასე შემდეგ. ამას გარდა, ამ წლების მანძილზე ვაწყობ პერსონალურ  გამოფენებს – ორჯერ  გამოფენა მქონდა ვენაში, ერთხელ გერმანიაში, იტალიაში, სომხეთში, საქართველოში. ამჟამადაც მიმდინარეობს ჩემი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,პოტური მისტერიები „ თბილისის ისტორიის მუზეუმში (საქართველოს ეროვნული გალერეა), რომელიც 19 ივნისამდე გაგრძელდება. სამხატვრო კონკურსებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი და მაქვს მიღწევები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორეისო კონკურსებში, საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც. ახლა, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, აგვისტოში ამერიკაში მივდივარ, ფლორიდაში, რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში გავაგრძელებ სწავლას. ამერიკული განათლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დავიმატო პარალელურად სხვა სპეციალობები ერთი ძირათადად კიდევ , ან ერთი ან ორი დამატებით სპეციალობად. ვაპირებ ფერწერასთან ერთად დამატებას სხვა სპეციალობებისას, რასაც ადგილზე გადავწყვეტ.

M: რა არის ის მთავარი ინსპირაცია/მოტივაცია, რაც გახატინებს..

ჩემი მოზღვავებული განცდა და ენერგია არის ის, რაც მე მავსებს. მავსებს იმდენად, რომ დატევა აღარ შემიძლია და ჩემი გზა ამ ყველაფრის გამოთავისუფლებისა არის ხატვა. ვიცი, რომ ჩემში არსებულ ამ მუდმივად მბრუნავ, დაუდეგარ ენერგიას შექმნა სწყურია და მუდმივად ვგრძნობ ამ ენერგიის არგაფლანგვის პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, როდესაც შთაგონებაზე ვსაუბრობ, გოდერძი ჩოხელს მოვიშველიებ ყოველთვის და სევდის მისეულ განმარტებას. ეს „ადამიანად ყოფნის“ და „ადამიანად არყოფნის ტკბილი“ სევდა არის ჩემი მხატვრული შთაგონების დიდი საგანი. ეს ის მუდმივი სევდაა, რომელიც ჩემი აზრით, ყველა ადამიანის თანამდევია, ინტენსიური ფიქრის შედეგია და გაქარვებას არ საჭიროებს. ამგვარი სევდა, და არამარტო ამგვარი, არის ჩემი შთაგონების ამოუწურავი წყარო. ხატვისას უფრო მიმარტივდება გულწრფელობა, უფრო ადვილად ვშიშვლდები, თუ შეიძლება ასე ვუწოდო.

M: ძირითადად, ავტოპორტრეტებს ხატავ, რატომ?

მაინტერესებს საკუთარი თავი ძალიან. ჯანსაღად ოღონდაც, არანარცისულად. სწორედ საკუთარი თავის ინტერესის გამო არის, რომ მარტოსულობას ძალიან იშვიათად თუ შევუწუხებივარ. ვერ ამომიხსნია საკუთარი თავი, თან ყველაზე კარგად ვიცნობ, თან ყველაზე ცუდად. და აი ეს დიდი მისტერია, როგორც მე მას ვუწოდებ, მაიძულებს, დავაკვირდე და ვხატო საკუთარი თავი. ყოველი ავტოპორტრეტის შემდეგ მაქვს ის შეგრძნება, რომ საკუთარ თავს ერთი ნაბიჯით დავუახლოვდი, რაღაც მეტი შევიტყე და აი, ეს შეგრძნება დიდ როლს თამაშობს იმ ჰარმონიაში, რომლის დამყარებას თუ შენარჩუნებას მუდმივად ვცდილობ ჩემს თავთან. გარდა ამისა, როდესაც საკუთარ თავს ვიყენებ კომპოზიციებში, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ზუსტად გამოვსახავ, რა ვიგრძენი, რა გამოვცადე თუ განვიცადე. და მსგავს სენსიტიურ კომპოზიციებში ვერიდები სხვა სახეებს, რამეთუ ვერ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, სხვისი პირით ვილაპარაკო და იმის გამოსახვას ვეცადო, რაც მე ჩემს თავზე არ გამომიცდია. ეს ჩემთვის მხატვრობაში ყველაზე დიდ ღირებულებას – გულწრფელობას – ასუსტებს.ამიტომაა, რომ თუ სხვა ადამიანებს ვიყენებ კომპოზიციებში, ძირითადად არარეალური ადამიანების სახეებს ვხატავ, ჩემით გამოგონილს, რაც კიდევ უფრო მაახლოვებს ჩემს ნამუშევრებთან ემოციურად.

M: შენს ნახატებში, ვფიქრობ, მკაფიოდ იგრძნობა კლიმტის გავლენა.. ვინ არიან ის მხატვრები, ვინც შენს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს..

გავლენა ბევრი მქონია და მე ეს მხოლოდ მახარებს. საოცარი ცოდნა მომცეს გავლენებმა. ეგონ შილე იყო პირველი, ვინც მთელი გულით შევიყვარე, როგორც დიდი მხატვარი. შევიყვარე მისი გაბედული ექსპრესია, საკუთარი თავდაუჯერებლობის თავდაჯერებულად გამოსახვის უნარი, სიშიშვლის სილამაზესა და ესთეტიკასთან ასოცირება, თავისუფლება. გუსტავ კლიმტსაც ჰქონდა დიდი გავლენა. აუტანლად ესთეტიკურს ვუწოდებ ხოლმე მის ნამუშევრებს, იმხელა სილამაზე და ცოდნა არის ამ სილამაზის მიღმა. ზოგადად  ავსტრიულ და გერმანულ ექსპრესიონიზმს ჰქონდა ჩემზე დიდი გავლენა. ლუდვიგ კირხნერი, ოსკარ კოკოშკა, ემილ ნოლდე და ა.შ. ედვარდ მუნკის ექსპრესიის სიზუსტე იყო ასევე ძალიან შთამაგონებელი ჩემთვის, მარკ შაგალის ჰაეროვნება, უწონადობა და მისტიკა, ჰენრი მატისის პერსპექტივის ყველა კანონის უარყოფა, ზოგადად ფოვიზმის უბრალოება და ბოლოს, ჟან-მიშელ ბასკია და მისი თავისუფლება იყო ის, რამაც მე უფრო გაბედული, უფრო ექსპერიმენტული ექსპრესიონიზმისკენ მკრა ხელი და უკანმოუხედავად გადავეშვი მეც.

M: როგორ ფიქრობ, რა არის ის მთავარი მახასიათებელი/მახასიათებლები, მხოლოდ და მხოლოდ შენს შემოქმედებას ახასიათებს..

არ მინდა, რაიმე არათავმდაბლურად გამომივიდეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ერთ ისეთ რამეს ვერ დავასახელებ, რაც მხოლოდ ჩემს ნამუშევრებშია და სხვაგან არსად. ნახატებში ხშირად ვიყენებ საკუთარი ლექსებიდანვე ამონარიდებს, ამ ბოლო დროს ჩემს საყვარელ სიმღერებსაც მივმართავ ხოლმე. ეს შეიძლება ჩაითვალოს რაღაც განმასხვავებლად. დიდი გულწრფელობით ვხატავ ყოველთვის. არასდროს არაფერი დამიმალია ხატვისას. მთლიანად ვამბობ, რაც მაწუხებს, რაც არ მაძლევს მოსვენებას. ვინ როგორ გაიგებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ჩემსას ვაკეთებ. აი, ეს გულწრფელობა ახასიათებს ჩემს ნამუშევრებს, ჩემი აზრით. ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ნამუშევრებს არ ახასიათებს, თუმცა მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ჩემი აზრით, და ამიტომ აღვნიშნე.

M: გავიგეთ, რომ ხატვის გარდა, სხვა გამოხატვის ხერხებსაც მიმართავ, მოგვიყევი მათზე..

მუსიკასაც ადრეული ასაკიდან მივსდევ. ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური მუსიკალური სკოლა დავამთავრე. 9 კლასი ვისწავლე როგორც პიანისტმა, თუმცა შემდეგ კომპოზიციაზე გადავედი და ამავე მიმართულებით დავამთავრე სკოლა. კონსერვატორიაშიც ჩავაბარე კომპოზიციის ფაკულტეტზე, თუმცა მერე აკადემიური ავიღე და UWC Dilijan კოლეჯში წავედი… კლასიკურ მუსიკას ვწერ სხვადასხვა საკრავებისთვის. 2016 წელს თბილისში მქონდა საკუთარი ნაწარმოებების კონცერტი. შარშან კომპოზიციების ნოტების კრებულიც გამოვუშვი. შარშან ჩემმა კომპოზიციამ ყაზახეთის კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიმსახურა. ლექსებს რაც შეეხება, სადღაც 11-12 წლისამ დავიწყე. ორი კრებული მაქვს გამოცემული. ერთი პატარაობისას, 13 წლისა ვიყავი და მეორე, „მზეს’უმზირა“, 2016 წელს, რომლის წარდგენაც მწერალთა სახლში მოეწყო. ზოგადად ხშირად ვმართავ ხოლმე პოეზიის საღამოებს. მონაწილეობას ვიღებ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ლიტერატურულ  კონკურსებში და ასევე მაქვს მიღწევები.

M: რატომ ფიქრობ, რომ შენს ნახატებს სიტყვები სჭირდებათ?

უფრო აკურატულად გამოსახავენ ჩემს ემოციას, ასე მგონია. ამით ფერწერის გამომსახველობით ხერხებს არ ვაყენებ ჩრდილს. ზოგადად, არ მიყვარს პირდაპირ გამოსახვა მოვლენებისა. მე ამ ჩემი ცხოვრებისეული მოვლენების შედეგებს ვხატავ, შედეგში კი იმას ვგულისხმობ, თუ რა განცდას მიტოვებს და რა ემოციურ გავლენას ახდენს ჩემზე. არც სიმბოლოებით და შეფარულად საუბარი მიყვარს მხატვრობაში. სიტყვებმა კი თითქოს ოქროს შუალედი მაპოვნინეს. რაღაც უხილავ ძაფებს ავლებენ ჩემს ემოციებს, მათ გამომწვევ საგნებსა და მათ მნიშვნელობას შორის.

M: გავიგეთ, რომ საკმაოდ ბევრი კოლეჯისგან თუ უნივერსიტეტისგან მიიღე შემოთავაზება..

სამხატვრო და მუსიკალური სკოლების გარდა, ოქროს მედალზე დავამთავრე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, რომლისაც ასევე ძალიან მადლიერი ვარ. შემდეგ, როგორც ვახსენე, UWC Dilijanკოლეჯში წავედი 2 წლით IB პროგრამაზე სასწავლად მაქსიმალური გრანტით (70 000$). სწავლის გაგრძელებას რაც შეეხება, აპლიკაცია ბევრ ამერიკის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში მქონდა გაგზავნილი. უმეტესი მათგანიდან დადებითი პასუხი მოვიდა, თანაც მაქსიმალური დაფინანსებით. მათ შორის, ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან, ჩიკაგოს არტ ინსტიტუტიდან, სავანას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯიდან, როუდ აილენდის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან, ლონდონის  უნივერსიტეტი- კოლეჯიდან, გოლდსმიტის ლონდონის უნივერსიტეტიდან, ბრაიტონის უნივერსიტეტიდან , ჩელსის  აკადემიიდან, რომის თანამედროვე ხელოვნების აკადემიიდან და ა.შ, თუმცა მიუხედავად მათ მიერ გაცემული მაქსიმალური დაფინანსებებისა, მაინც ბევრი რჩებოდა გადასახადი. ბაკალავრიატის ოთხი წლის სრული დაფინანსება (250 000 $) და საუკეთესო პირობები შემომთავაზა  ამერიკაში, ფლორიდაში, რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯმა, სადაც აგვისტოდან გავაგრძელებ  სწავლას.

M: როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა შენს შემოქმედებას რაიმე კონკრეტული სახელი? ან რას დაარქმევდი?

საინტერესო კითხვაა ძალიან, თუმცა რთულად საპასუხო. ყველა ნამუშევარი რთულია ერთი სახელწოდების ქვეშ გავაერთიანო. თუმცა, ვიტყოდი, რომ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები დიდ როლს თამაშობენ ჩემს ნამუშევრებში, ოღონდ ისე, რომ თავად არ იციან ამის შესახებ. დღიურივით არის ჩემი ნამუშევრები ჩემთვის და სწორედ დღიურებს ვუწოდებდი, ალბათ, რამდენადაც ჩემი ნამუშევრები ყველაზე კარგად მახსენებენ, როდის რას ვგრძნობდი, როდის რა გადამხდა და როდის რა მინდოდა.

M: რომ არა ხატვა..

ფსიქოპატი  ვიქნებოდი (ეს ხუმრობით ცხადია). თუმცა, არ ვიცი, რას ვუზამდი ამდენ ენერგიას, რად გარდაიქმნებოდა, რას ჩამადენინებდა, სად წავიღებდი. ავფეთქდებოდი, ალბათ. მადლობა ღმერთს, რომ ხატვა შემიძლია.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა