
M: თამუნა, მოგვიყევით თქვენ შესახებ – რა პროფესიული გზა გაიარეთ და როგორ მიხვედით საავტორო ილუსტრაციებამდე?
პროფესიით გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი ვარ; რაც თავი მახსოვს, ვხატავ და ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს პერსონაჟების შექმნა თუ მათი სამყაროს გამოგონება. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში სხვადასხვა დიზაინპროექტზე მიმუშავია, მათ შორის – საბავშვო წიგნების ილუსტრირებაზე, ამჟამად კი „ბლუტაბლაში“ პროდუქტის მიმართულებით გრაფიკულ დიზაინერად და ილუსტრატორად ვმუშაობ.

M: როგორ გაჩნდა ქალაქ „ლხინკლისის“ იდეა და რა კონცეფცია აერთიანებს თბილისს, ხინკალსა და ლხინს?
წლების წინ დავხატე იოგათი დაკავებული ხინკლები წარწერით: „ხინკალი თუ იოგა?“, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას შემდეგ პერიოდულად კვლავ ვუბრუნდებოდი ჩემს მოვარჯიშე პერსონაჟებს, მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ მათ საკუთარი სამყარო ჰქონდათ და მეტ თავგადასავალს ითხოვდნენ – ასე ჩაეყარა საფუძველი ქალაქ „ლხინკლისს“, სადაც სწორედ ეს ხინკლები ბინადრობენ. სახელწოდება თბილისის, ხინკლისა და ლხინის გაერთიანებით დაიბადა, ამ სამყაროს მთავარი ინსპირაცია კი ნამდვილი თბილისური ამბებია.

M: რა სათქმელი და ემოცია ჩადეთ ამ ილუსტრაციებში, როდესაც ქალაქის ფანგვერდი შექმენით?
ქალაქ „ლხინკლისის“ ფანგვერდი ცალკე იმიტომ შევქმენი, რომ ამ პერსონაჟების ამბები მომეყოლა. ამ ქალაქს უკვე ჰყავს თავისი „ხინკლის დედა“, „მუზა“, „მზეჭაბუკი“ და კიდევ არაერთი გმირი, რომელთა ისტორიებსაც გამომწერებს ეტაპობრივად გავაცნობ; მსურდა, ნაცნობი ურბანული მომენტები და ქალაქური ყოფა თბილი იუმორით დამენახებინა საზოგადოებისთვის.
M: როგორ გარდაიქმნა ქალაქური პერსონაჟების ისტორიები კონკრეტულ პროდუქტებად და რა სახის ნივთებს სთავაზობთ მომხმარებელს?
საბავშვო წიგნის ილუსტრაციის ვორკშოპზე ჩემი ილუსტრაციებით შექმნილი ღია ბარათები წავიღე, მათ შორის – „იოგა ხინკალიც“. ყველას სწორედ ეს ბარათი მოუნდა და ვისაც არ შეხვდა, გულიც კი დასწყდა, რის შემდეგაც მკაფიოდ დავინახე, რომ ამ იდეას გაცილებით დიდი პოტენციალი ჰქონდა. სწორედ მაშინ მივეცი წამოწყებას ბრენდის სახე, გავაკეთე ცალკე ფანგვერდი, დავიწყე უშუალოდ პროდუქტებზე მუშაობა და ასე შეიქმნა „ლხინკლისის შოპი“.

M: როგორ იქმნებოდა „ლხინკლისის“ ბანქოს დასტა და რა კონცეფცია უდევს საფუძვლად ამ პროდუქტს?
როდესაც ბანქოზე მუშაობა დავიწყე, საწყის ვერსიაში პერსონაჟები აქაც იოგას ვარჯიშობდნენ, თუმცა პროცესში თითქოს თვითონვე უკარნახეს მიმართულება – „აცეკვდნენ“ და საბოლოოდ შეიქმნა ქართული ცეკვის თემატიკაზე აგებული ბანქოს დასტა.
M: ვინ არის პროექტის სამიზნე აუდიტორია და სად არის შესაძლებელი „ლხინკლისის“ პროდუქციის შეძენა?
„ლხინკლისი“ განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც უყვარს ილუსტრაცია, იუმორი და ქართული კულტურა – ის ერთნაირად საინტერესოა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უფროსი თაობისთვის, ვისაც განსხვავებული და სახალისო ქართული საჩუქრები მოსწონს. ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე წიგნის მაღაზიებში: „სტამბის წიგნები“, „პროსპეროს წიგნები“ და „წიგნები ვაკეში“.

M: ბიზნესის თვალსაზრისით, რა პოტენციალს ხედავთ „ლხინკლისის“ კონცეფციაში?
ბიზნესის კუთხით, „ლხინკლისს“ განვიხილავ როგორც საინტერესო და ფუნქციურ პროდუქტს, რომელიც თანაბრად მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის.
M: როგორია პროექტის სამომავლო ხედვა და რა ეტაპებს მოიცავს მისი შემდგომი განვითარება?
მსურს, „ლხინკლისი“ უფრო მასშტაბურ სტარტაპად იქცეს, დაემატოს ახალი პერსონაჟები და მათი ისტორიები. ამ ეტაპზე მთავარი მიზანი „ლხინკლისის“ კომიქსებზე მუშაობაა, საბოლოო ჩანაფიქრი კი ანიმაციური მინისერიალის შექმნას უკავშირდება; „ლხინკლისი“ ჯერ პატარა ქალაქია, მაგრამ დიდი გეგმები აქვს და ვიმედოვნებ, მის მომავალ თავგადასავლებში არაერთი ადამიანი შემოგვიერთდება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











