in

ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის სასარგებლოდ გამოყენება – ქართული პლატფორმა LLM.GE

Startauperi
Startauperi

დღეს, AI უბრალოდ კონკურენტული უპირატესობის მოპოვების, დროის დაზოგვისა და მონეტიზაციის მთავარ იარაღად იქცა. მიუხედავად დიდი ინტერესისა, ქართული ბიზნესისა თუ საგანმანათლებლო სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიების ყოველდღიურ პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. სწორედ ამ საჭიროებამ და ქართულენოვანი, პრაქტიკული რესურსების ნაკლებობამ განაპირობა ახალი პლატფორმa LLM.GE-ის შექმნა. ეს არის ინტერაქტიული სივრცე, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელოვნურ ინტელექტთან სწორ კომუნიკაციას, ანუ „პრომპტების“ წერას ასწავლის და მზა ინსტრუმენტებს სთავაზობს. როგორ უნდა ვაქციოთ AI ჩვენს პერსონალურ ასისტენტად ნაცვლად იმისა, რომ მისი ჩანაცვლების გვეშინოდეს? რა პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს ახალი პლატფორმა ქართველ მომხმარებელს და როგორია მისი განვითარების გრძელვადიანი ხედვა? ამ და სხვა საინტერესო თემებზე Marketer-ს LLM.GE-ს დამფუძნებელი, ბექა მჭედლიშვილი ესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა LLM.GE-ს შექმნის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი სივრცის გაჩენა სწორედ ახლა იყო მნიშვნელოვანი?

სიმართლე გითხრათ, იდეა სრულიად ბუნებრივად დაიბადა. წლების განმავლობაში კომუნიკაციების სფეროში ვმუშაობდი და ყოველთვის ვაკვირდებოდი, თუ რამხელა ძალა აქვს ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდებას. როდესაც ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმი დაიწყო, ნათელი გახდა, რომ საქართველოში ამ მიმართულებით უზარმაზარი საინფორმაციო ვაკუუმი არსებობდა. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სივრცე, რომელიც მხოლოდ თეორიულად კი არ მოგიყვებათ AI-ის შესახებ, არამედ გასწავლით, თუ როგორ აქციოთ ის თქვენს უპირატესობად. გვინდა, რომ ქართველმა მომხმარებელმა ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ ეპოქას და რეალურ დროში მიიღოს ინფორმაცია ყველაზე აქტუალურ სიახლეებზე.

M: რა არის ის მთავარი პრაქტიკული ღირებულება, რასაც მომხმარებელი თქვენი პლატფორმით მიიღებს და კონკრეტულად ვის მოიაზრებთ LLM.GE-ს მთავარ სამიზნე აუდიტორიად?

ჩვენი მთავარი აუდიტორია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც კარგად იაზრებენ, თუ რამხელა ტრანსფორმაციული ძალა აქვს ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს ყოველდღიურობასა და მომავალზე. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელი LLM.GE-ზე მხოლოდ სიახლეების წასაკითხად არ შემოდიოდეს. სწორედ ამიტომ, პლატფორმაზე დავნერგეთ პრაქტიკული ინსტრუმენტები – პრომპტების ბიბლიოთეკა და გენერატორი, რომელთა გამოყენებაც ადამიანებს ყოველდღიურ საქმიანობაში შეუძლიათ.

ჩვენი სამიზნე აუდიტორია განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებაა: სტარტაპერები, რომლებიც ახალ პროდუქტს ქმნიან. მარკეტერები, დეველოპერები თუ უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც რუტინული პროცესების ავტომატიზაცია და კონტენტის მონეტიზაცია სურთ. მოკლედ, ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ AI დღეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მთავარი იარაღია.

M: პლატფორმაზე უკვე ინტეგრირებულია პრომპტების ბიბლიოთეკა და გენერატორი. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორ უმარტივებს ეს ინსტრუმენტები მომხმარებელს სამუშაო პროცესს?

ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც პირველად ვხსნით ChatGPT-ს ან რომელიმე ვიდეო გენერატორს და არ ვიცით, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მოთხოვნა სასურველი შედეგის მისაღებად. სწორედ ამ ბარიერის დასაძლევად შევქმენით პრომპტების გენერატორი. ახლა დამწყებ მომხმარებელს ექსპერიმენტებზე დროის კარგვა აღარ უწევს – საკმარისია, ჩაწეროს მარტივი იდეა, თუნდაც ორი სიტყვის სახით და ჩვენი სისტემა მას ავტომატურად უქცევს პროფესიონალურად გამართულ დავალებად, სადაც უკვე გაწერილია როლიც, კონტექსტიც და საჭირო ტექნიკური დეტალებიც. რეალურად, ჩვენ მომხმარებელს ვეხმარებით, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საერთო ენა მარტივად და ეფექტურად გამონახოს.

M: თქვენი დაკვირვებით, რამდენად მზად არის დღეს ქართული ბიზნესი და საგანმანათლებლო სექტორი, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ ტენდენციებს და დანერგოს ინოვაციები?

ინტერესი მართლაც ძალიან დიდია, თუმცა რეალური მზაობა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე. ქართული ბიზნესსექტორის დიდი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს ჯერ ისევ საკმაოდ ზედაპირულად იყენებს. მაგალითად, სოციალურ ქსელში კონტენტის შესაქმნელადაც კი მხოლოდ ერთეული კომპანიები ცდილობენ მის ათვისებას. არადა, ხელოვნური ინტელექტის რეალური პოტენციალი გაცილებით მასშტაბურია და ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციასა თუ მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს მოიცავს.

მსგავსი სურათია საგანმანათლებლო სფეროშიც. ხშირად ისევ იმაზე ვწუხართ, რომ სტუდენტი დავალებას AI-ის დახმარებით დაწერს, ნაცვლად იმისა, რომ მას ვასწავლოთ, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია როგორც პერსონალური მენტორი და ასისტენტი. ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და გვჯერა, რომ ჩვენი პლატფორმით ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.

M: თქვენ ასევე ამახვილებთ ყურადღებას ეთიკასა და უსაფრთხოებაზე. რა არის ის მთავარი გამოწვევები და რისკები, რაზეც მომხმარებლებმა დღესვე უნდა დაიწყონ ფიქრი?

ხელოვნური ინტელექტით აღფრთოვანება არ ნიშნავს, რომ მას ბრმად უნდა ვენდოთ. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეგრეთ წოდებული „ჰალუცინაციები“ და ყალბი ინფორმაციის მარტივად გენერირებაა. როდესაც ადამიანებს ასეთ მძლავრ ტექნოლოგიურ იარაღზე ვაძლევთ წვდომას, აუცილებელია, მათ უსაფრთხოების წესებიც გავუზიაროთ.

ამ მიმართულებითაც აქტიურად ვგეგმავთ მუშაობას. გვინდა, მომხმარებელმა მკაფიოდ გაიაზროს, რომ AI-ის მოწოდებული ნებისმიერი ფაქტი – განსაკუთრებით ჯანმრთელობასა და ფინანსებთან დაკავშირებული თემები – ყოველთვის გადამოწმებას საჭიროებს. ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირადი და კონფიდენციალური მონაცემების დაცვაც.

M: და ბოლოს, როგორია LLM.GE-ს სამომავლო განვითარების ხედვა და რა კონკრეტულ სიახლეებს უნდა ველოდოთ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში?

ჩვენი თავდაპირველი მიზანიც ის იყო, რომ პლატფორმა მხოლოდ ტრადიციულ ბლოგად არ დარჩენილიყო. გრძელვადიანი ხედვით, გვსურს, რომ LLM.GE სრულფასოვან Web-აპლიკაციად ჩამოყალიბდეს.

უახლოეს მომავალში ჩვენი მომხმარებლები AI ინსტრუმენტების ბევრად უფრო დახვეწილ და მასშტაბურ ბაზას, ახალ ინტერაქტიულ გენერატორებსა და პრაქტიკულ კონტენტს იხილავენ, რომელიც დაეხმარებათ, თავიანთი პროექტები ამ ტექნოლოგიების მეშვეობით დაამონეტიზონ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც ადამიანი შემოვა იდეით, გავა კონკრეტული, ხელშესახები შედეგით და გაუჩნდება სურვილი, რომ უკან მალევე დაბრუნდეს.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით OpenClaw-ს მსგავსი ინსტრუმენტების გამოჩენის შემდეგ – AI აგენტების მიმართულებით უდიდესი ინტერესი გაჩნდა. ამ კუთხითაც ვგეგმავთ გააქტიურებას, რადგან მაქსიმალურად უნდა ავუწყოთ ფეხი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპებს. ტექნოლოგიურ სამყაროში სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ჩაიფიქრე და იმოქმედე” – „მეტროპოლის” ღონისძიებაზე მორაგბე დავით ნინიაშვილი ბავშვებს შეხვდა

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა