ბევრისთვის უძველესი ბრენდი, Lloyd’s of London მხოლოდ სადაზღვევო ინდუსტრიასთან ასოცირდება, თუმცა ეს არის გლობალური ინსტიტუტი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფინანსებისა და რისკების მართვის სამყაროს ჩამოყალიბებაში. ის ცნობილია მდიდარი ისტორიით, რომელშიც დასაწყისი საკმაოდ თავმდაბლური ჰქონდა, თუმცა მალე სადაზღვევო ინდუსტრიის დიდ ძალად იქცა.
მოდი, გადავხედოთ, თუ რა გზა გაიარა მან ამისთვის.
Lloyd’s-ის დაბადება
Lloyd’s of London-ის ისტორია მე-17 საუკუნის ბოლოს იწყება, იმ დროს, როდესაც სამყარო ტრანსფორმაციის ზღვარზე იყო. 1600-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო იმყოფებოდა ძიების ეპოქაში, ყვაოდა საზღვაო ვაჭრობა, რომელსაც ახლდა რისკები, რომლებიც დაკავშირებული იყო გადაზიდვებთან.
საინტერესო ისაა, რომ Lloyd’s-ის ამბავი ყავის სახლით დაიწყო – ედვარდ ლოიდმა 1688 წელს ლონდონის ფინანსური უბნის შუაგულში, თაუერის ქუჩაზე Lloyd’s Coffee House გახსნა. ის სწრაფად გახდა პოპულარული ადგილი ვაჭრების შეხვედრებისთვის. აქ, ასევე, იკრიბებოდნენ მეზღვაურები და გემის მფლობელები, რომლებიც ბიზნესის განსახილველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ განხილვის საგანი ხშირად ხდებოდა გემების დაზღვევაც.
შესაბამისად, ყავის სახლი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცხელი სასმლის დალევის ობიექტი. ის გახდა კერა საზღვაო მეწარმეებისთვის და თავშეყრის ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ვაჭრობის რისკების მართვას.
ყავის სახლიდან სადაზღვევო ბაზრამდე
წლების განმავლობაში Lloyd’s-ის ყავის სახლმა მოიპოვა რეპუტაცია საზღვაო დაზღვევის მართვის მიმართულებით. გლობალური ვაჭრობის გაფართოებასთან ერთად, ახალი საჭიროებები გაჩნდა გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის. მე-18 საუკუნის დასაწყისში გემების მფლობელები და ვაჭრები უკვე Lloyd’s-ს სთხოვდნენ არაფორმალურ კონტრაქტებს, რადგან მათ სურდათ და, ასევე, სჭირდებოდათ სტრუქტურირებული გზა გემებისა და საქონლის უსაფრთხოების გარანტიისთვის.
ამ მოთხოვნის საპასუხოდ, საზღვაო დაზღვევის იდეა წამოიწია და Lloyd’s-მა დაიწყო შუამავლის როლის შესრულება. დაარსდა Lloyd’s Underwriters-თა ჯგუფი, რომლებსაც უნდა შეესწავლათ და შეეფასებინათ რისკები პრემიის სანაცვლოდ. სწორედ ამან შექმნა საფუძველი იმ ბრენდისთვის, რომელსაც დღეს უკვე ყველა იცნობს.
1700-იანი წლების დასაწყისისთვის Lloyd’s-ის მზარდმა პოპულარობამ განაპირობა მისი პრაქტიკის ფორმალიზება. გადამწყვეტი მომენტი დადგა 1769 წელს, როდესაც Lloyd’s გახდა პირველი ინსტიტუტი, რომელმაც გამოაქვეყნა ცნობილი Lloyd’s List – ახალი ამბების გამოცემა, რომელიც მკითხველს აწვდიდა სასიცოცხლო ინფორმაციას გემების ჩასვლისა და გამგზავრების შესახებ. ეს სია გადამწყვეტი იყო მზღვეველებისა და მოვაჭრეებისთვის, რამაც გააძლიერა Lloyd’s-ის პოზიცია და აქცია საზღვაო დაზღვევის ეპიცენტრად.
ბრენდის როლი საზღვაო ისტორიაში
ლონდონის Lloyd’s სწრაფად გახდა საზღვაო რისკების მართვის სინონიმი. მე-19 საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ დააჩქარა გლობალური ვაჭრობა და საზღვაო მიმოსვლა. Lloyd’s-მა განაგრძო ზრდა, გააფართოვა თავისი შეთავაზებები გემების დაზღვევის მიღმა და მოიცვა ტვირთის, სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ Lloyd’s-მა სახელი გაითქვა საზღვაო დაზღვევით, მან აგრეთვე გამოავლინა შესანიშნავი გამძლეობა და ადაპტირება თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაში, გადაურჩა მრავალ გამოწვევას და მსოფლიოს ცვალებად მოვლენებს. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ლონდონში დიდი ხანძარი მოხდა. ეს ისტორია საფუძვლად დაედო მე-18 საუკუნეში ხანძრის დაზღვევის შემოღებას. ბრენდმა ასევე გაუძლო ორ მსოფლიო ომს მეოცე საუკუნეში. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, Lloyd’s მუდმივად ადაპტირდებოდა და აფართოებდა სადაზღვევო შეთავაზებებს, საბოლოოდ გახდა ბაზარი არა მხოლოდ საზღვაო რისკების მართვისთვის.
თანამედროვე ერა: ინოვაცია და გაფართოება
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი და 21-ე საუკუნის დასაწყისი იყო გადამწყვეტი მომენტები მის ისტორიაში. 1980-იან წლებში დაინერგა Lloyd’s Names-ის სისტემა, მოდელი, რომელშიც ინდივიდუალურ ინვესტორებს შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ დაზღვევის პროცესებში და გაეზიარებინათ მოგება-ზარალი. 1990-იან წლებში ბაზარზე დიდი დანაკარგებით გამოწვეული ფინანსური კრიზისების გამო ეს სისტემა გაუქმდა.
მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, Lloyd’s-მა აიტაცა თანამედროვე ტექნოლოგიები და გახდა უფრო დახვეწილი და გლობალური მოთამაშე სადაზღვევო სამყაროში. ბაზარი გაფართოვდა ახალ სფეროებში, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერრისკების მიმართულებით. მან, ასევე, კოსმოსის შესწავლაც კი დაიწყო.
Lloyd’s დამკვიდრდა, როგორც ლიდერი დაზღვევის სამყაროში და სთავაზობდა მომხმარებელს დაზღვევის ისეთ დაფარვას, რომლებსაც სხვა მსგავსი კომპანიები არც კი ეხებოდნენ. ეს ის ბრენდია, რომელმაც როგორც პირდაპირ, ისე მეტაფორულად გაუძლო ისტორიის ქარიშხალს და დღემდე აგრძელებს აყვავებას, იცავს ადამიანებს, ბიზნესს და მთავრობებს სხვადასხვა მოულოდნელი სიტუაციისგან ცხოვრებაში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.