პური ნამდვილად არ არის საკვები, რომელიც სიტყვა “დივნის” ხსნებაზე გვახსენდება… დივანი, როგორც წესი, დასვენებაზე ორიენტირებულ, კომფორტულ და პასიურ აქტივობებთან ასოცირდება. ის მჭიდროდაა დაკავშირებული ტელევიზორის ყურებასთან, სამაგიდო თამაშებთან ან სახლის სხვა გასართობ საშუალებებთან. ამდენად, საკვები, რომელსაც დივანთან მივირთმევთ ძირითადად მსუბუქი, მარტივი და “უსაფრთხოა” (არ გემუქრებათ ტანსაცმლის ან დივნის გაცხიმიანება). თუმცა IKEA-ს ახალმა პროდუქტმა შეიძლება ყველაფერი სრულად შემოაბრუნოს და დივნის გამოყენების ახალი იდეები შთაგაგონოთ — გამორიცხული არაა, მისი მირთმევისკენაც კი გიბიძგოთ.
ეს რეპერი ტომი ქეშის მორიგი დიზაინერული ავანტიურაა — დივანი პურის ფორმებით. ამ ექსტრაორდინარულ პროდუქტს LOAFA ეწოდება და ის მართლაც მადისაღმძვრელად გამოიყურება. გარდა პურის ფორმებისა, მას საკონდიტრო ნაწარმისთვის დამახასიათებელი იმდენად რეალისტური წებოვნების ეფექტი აქვს, შესაძლოა, დაგაფიქროთ მართლა ღირს თუ არა დივანზე მოთავსება.
ტომი ქეში აქტიურად ცდილობდა სოციალურ ქსელში 10000-ზე მეტი კომენტარი მოეგროვებინა რათა დაერწმუნებინა IKEA, რომ დივნის ეგზემპლარების გაყიდვა დაეწყო. რეპერის პოსტი ინსტაგრამზე 10000 კომენტარს საგრძნობლად გასცდა, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია “ცხვება” თუ არა IKEA-ს საწარმოო პუნქტებში პურით შთაგონებული დივნები.