„ლოქსიტან საქართველოს“ წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი დიკა ოქროპირიძე გახდა. ახალ პოზიციამდე, ის სს გეფას სილამაზის კატეგორიას ხელმძღვანელობდა, რომელშიც „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებია გაერთიანებული. ახლა კი, ის ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდის მრავალწლიან ისტორიას გააგრძელებს. „ლოქსიტანი“ 93 ქვეყნის მასშტაბით, 3000-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს და ისეთ ქალაქებშია წარმოდგენილი, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო.
ახალ პოზიციამდე, დიკა ოქროპირიძემ განსხვავებულ ინდუსტრიებსა და საერთაშორისო კომპანიებში დააგროვა გამოცდილება. მუშაობდა, როგორც FMCG სადისტრიბუციო კომპანიაში, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ის სათავეში ედგა გერმანიის საქველმოქმედო ფონდის პროექტს საქართველოში, რომელიც ეხმარებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს.
ბოლო 9 წელი სილამაზის სფეროში გაატარა და მისი საქმიანობის პერიოდს დაემთხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ინოვაციური სიახლეები ფარმაცევტულ სექტორში. კომპანია „გეფა“ პირველი იყო, რომელმაც კოსმეტიკური მოხმარების პროდუქტები სააფთიაქო ბაზარზე შემოიტანა, შესაბამისად, დიკა ერთ-ერთი პირველია, რომელიც სილამაზის საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობაში ჩაერთო და საკუთარი წვლილი შეიტანა ქვეყანაში პარაფარმაციის მიმართულების დანერგვასა და განვითარებაში. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბევრი გახმაურებული სააფთიაქო პროექტი და ისეთი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა საქართველოში, როგორიცაა, ნუქსი, ეუცერინი, ურიაჟი, კრისტიან ბრეტონი, რევოლუშენ ბიუთი და სხვა.
დიკა ოქროპირიძე: „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო Groupe L’Occitane გუნდის წევრი. ამ სფეროში მრავალი წელია ვმუშაობ და კარგად ვიცნობ თავის მოვლის საშუალებების ფრანგულ ბრენდებს. ლოქსიტანმა ჩემი გული დიდი ხნის წინ მოიგო მისი ნატურალური შემადგენლობისა და დახვეწილი სურნელების წყალობით. ამ ბრენდის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საერთაშორისო პროექტები კი ხშირად გამხდარა ინსპირაციის წყარო მარკეტერებისათვის.
მიხარია, რომ ქართველმა მომხმარებელმა გაითავისა ლოქსიტანის ჯადოსნური სამყარო,ის პროდუქტები და სერვისები, რაც არის ხელმისაწვდომი ჩვენს ბუტიკებში. დღეს საქართველოში ორი სილამაზის ბუტიკი გვაქვს, სულ მალე მესამე დაგვემატება. ჩემი მიზანია, რომ ქართველ მომხმარებელს უფრო ახლოს გავაცნო ლოქსიტანის პროდუქცია და ის უპირატესობები, რასაც პროვანსული ბრენდი გვთავაზობს. აქტიურად ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე და ვეცდებით, რომ ჩვენი პროდუქტები მომხმარებლისათვის უფრო მარტივად იყოს ხელმისაწვდომი.
ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია. ლოქსიტანის ჯგუფი, გარდა L’Occitane en Provence ბრენდისა, მოიცავს ისეთ საერთაშორისო და გახმაურებულ ბრენდებს, როგორიცაა Erborian, Melvita, და სხვა. ქართველი მომხმარებელი მათ უახლოეს მომავალში ჩვენს ბუტიკებში შეიძენს. მოხარული ვარ, რომ ამით კიდევ ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა, ლოქსიტანის ქოლგის ქვეშ, დასაწყისიდანვე მივიღო მონაწილეობა მსოფლიოში ძალიან ცნობილი და მოთხოვნადი ფრანგული პროდუქტების განსაკუთრებული ხაზების დანერგვაში. ჩემთვის პერსონალურად ძალიან მნიშნელოვანია, რომ ეს პრემიუმ ბრენდები ორიენტირებულია ბუნებრივ სილამაზესა და გარემოს დაცვაზე. მრავალი წლის განმავლობაში ლოქსიტანის ჯგუფის ბრენდებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო თუ აღიარება მოუპოვებია.“
[R]