in

მასობრივი იზოლაციის შედეგად, ფეხით გადაადგილება საგრძნობლად შემცირდა

ამ პროცესს, შესაძლოა, მეორე პანდემია ეწოდოს

“ლოკდაუნმა” Covid-19-ის პანდემიის დროს უამრავი სიცოცხლე იხსნა… და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მან ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეაფერხა, იყო თანამდევი არასასურველი შედეგებიც.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატებში იზოლაციამ ფეხით სიარულის აქტივობა საგრძნობლად შეამცირა. თავის მხრივ, ეს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასაც გულისხმობს, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ჭარბწონიან თუ დიაბეტის მქონე ადამიანებზე.

“ფეხით სიარული ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი ფიზიკური აქტივობაა. ამის ნაკლებობას, შესაძლოა, კიდევ ერთი, სხვა პანდემია ვუწოდოთ” – ამბობს ესტებან მორო, MIT-ის სამეცნიერო ჯგუფის მკვლევარი.

ამერიკის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული კვლევა რეკრეაციულ და უტილიტარულ სიარულს ეხებოდა. უტილიტარული სიარული მიზნის მისაღწევად არის განსაზღვრული, მაგალითად, ფეხით მაღაზიამდე ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე მისვლა. ხოლო რეკრეაციული გასეირნება განტვირთვას ან ვარჯიშს ემსახურება.

როგორც შედეგები აჩვენებს, 2020-ის თებერვლიდან წლის სხვა პერიოდებამდე სიარული საშუალო მაჩვენებელი 70%-ით, 50%-ით მანძილი, ხოლო 72%-ით უტილიტარული სიარული შემცირდა, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც არ გაზრდილა.

ერთი შეხედვით, ეს შედეგები, შესაძლოა, გასაკვირი არ იყოს. როდესაც ხალხი სახლიდან ვერ გადიოდა, ისინი ნაკლებად მოძრაობდნენ ფეხით. თუმცა მონაცემთა უფრო ღრმა შესწავლა შემაშფოთებელ დასკვნებს წარმოგვიდგენს. მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონების მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული და ამ სერვისის შეჩერების პარალელურად ნაკლები ადამიანი გადაადგილდებოდა უტილიტარული მიზნით.

ამასთან, სხვა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაღალშემოსავლიან ადგილებში მცხოვრებმა პირებმა უტილიტარული გასეირნება რეკრეაციულით ჩაანაცვლეს. “მაღალშემოსავლიან ადგილებში მაცხოვრებლებს სამუშაოებიც აქვთ, რაც მათ გადაადგილების პირობებს უქმნის. დაბალშემოსავლიან რეგიონებში კი ამის შესაძლებლობა თუ საშუალება ხშირად არ არსებობს” – ამბობს მორო.

როგორ გაკეთდა ეს?

მკვლევრებმა Cuebiq Data-ს ანონიმური მობილური მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც სმარტფონის აქსელერომეტრის გამოყენებით შეგროვდა. მორომ და მისმა თანამშრომლებმა ეს მონაცემი სპეციალურად შემუშავებული ალგორითმების გამოყენებით დაადგინეს, როდის, რამდენ ხანს და რა მიზნით გადაადგილდებოდნენ ადამიანები.

მონაცემთა საიმედოობის უზრუნველსაყოფად, მკვლევრებმა მხოლოდ იმ ტერიტორიების ინფორმაციას იყენებდნენ, რომლებიც მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი.

რეკრეაციული და უტილიტარული გასეირნება მანძილისა და დანიშნულების მიხედვით იყო დაყოფილი. უტილიტარული გასეირნება, როგორც წესი, უფრო მოკლეა. რეკრეაციული კი უფრო გრძელია. ამასთან, მთავარი გასაღები ისაა, რომ ქალაქში გასეირნების უმეტესობა მიზნად სასურველ ადგილამდე მისვლას ისახავს. თუ ადამიანები იქ მისვლას ვერ შეძლებენ, სადაც სჭირდებათ, ზოგადად შეამცირებენ სიარულს.

რისი გაკეთება შეიძლება ამ პროცესის საწინააღმდეგოდ?

როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, ფიზიკური უმოქმედობის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის გათვალისწინებით, სიარულის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მეორე პანდემიად უნდა იქნას განხილული.

ისინი რამდენიმე ტაქტიკური ურბანიზაციის სტრატეგიას გვთავაზობენ – მათ შორის, ზოგიერთ ქალაქში ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მანქანებისთვის შაბათ-კვირას იკეტება, რათა ადამიანებმა ფეხით იარონ. ასევე, რესტორნებს გარე სასადილო სივრცეები აქვთ შეზღუდული. “თუმცა ამგვარი ზონების უმეტესობის უზრუნველყოფა ქალაქის ცენტრში ხდება, სადაც მაღალშემოსავლიან ადამიანებს ისედაც გადაადგილების მეტი შესაძლებლობა აქვთ” – აღნიშნავს მორო. აქედან გამომდინარე, დაბალშემოსავლიან ადგილებშიც უნდა უზრუნველყონ რეკრეაციული გადაადგილების საშუალება.

საგულისხმოა, რომ ეს კვლევა უნიკალურია, რადგან უშუალოდ მობილურ მოწყობილობებზეა დაფუძნებული. ამ მონაცემებმა მკვლევრებს საშუალება მისცა, შეესწავლათ სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია მათ დასკვნებთან. თანაც, ეს იზოლაციის დროს ფიზიკური აქტივობის პირველი ანალიზია, რასაც შემდგომი დადებითი ცვლილებების საწარმოებლად გამოიყენებენ.

“ჩვენ არა მხოლოდ ვატარებთ ანალიზს, არამედ ვცდილობ, მის მიღმა ახალი, სიტუაციის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკა გავატაროთ” – ამბობს მორო.

„ორეოს“ ახალი შეფუთვა მშობლების სიამოვნებისთვის! ბავშვები უფროსების ორცხობილებს ვერასდროს მიაგნებენ

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა