in

5 სტუდია და 5 განსხვავებული ხედვა – 22 ოქტომბერს „ლოკო პარკი“ არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს

როგორი უნდა იყოს არქიტექტურა, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის შექმნილი გარემოა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „ლოკო პარკი“ საცხოვრებელი ზონის არქიტექტურული კონცეფციების დახურულ საერთაშორისო კონკურსს მართავს. 21-22 ოქტომბერს ხუთი ქართული და იტალიური არქიტექტურული სტუდია საკუთარ ხედვებს წარმოადგენს. 22 ოქტომბერს კი საერთაშორისო ჟიური მათ შორის გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს.

„ჩვენი მიზანია, შევარჩიოთ არა უბრალოდ გამომსახველობითი არქიტექტურა, არამედ გადაწყვეტა, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება როგორც პროექტზე, ისე მიმდებარე უბანსა და მთელ ქალაქზე. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო კონკურენტული პირობების შექმნა”, – ამბობს „ლოკო პარკის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კოსტავა.

კონკურსის მონაწილეები „ლოკო პარკის“ გენერალური გეგმით განსაზღვრულ პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობენ. გეგმა 2025 წელს ნიდერლანდურმა კომპანია MLA+-მა შეიმუშავა, რითაც ტერიტორიის გარდაქმნის საერთო ხედვა განისაზღვრა. გამარჯვებული პროექტიც სწორედ ამ ხედვის ნაწილი უნდა გახდეს.

„ამ ტერიტორიას საკუთარი იდენტობა აქვს და სივრცის გარდაქმნის პროცესში მისი შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. არქიტექტურულმა სტუდიებმა უნდა წარმოადგინონ თანამედროვე გადაწყვეტები, რომლებიც უკვე არსებული გენერალური გეგმის პრინციპებს განავითარებს და, ამავდროულად, მასში საკუთარ, ახალ ხედვასაც შემოიტანს. გადაწყვეტილების მიღება რთულია, რადგან კონკურენცია ორი ქვეყნის წამყვან არქიტექტურულ სტუდიებს შორის ძალიან დიდია. შეფასებისას გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება მხოლოდ ვიზუალური მხარე. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რამდენად სწორად ურთიერთქმედებს შემოთავაზებული არქიტექტურა ტერიტორიასთან, საზოგადოებრივ სივრცეებსა და გენერალური გეგმის საერთო ლოგიკასთან“, – აღნიშნავს საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე, არქიტექტორი მარკუს აპენცელერი.

„ლოკო პარკისთვის“ არქიტექტურა შენობა-ნაგებობების ვიზუალს სცდება. ის წარმოადგენს გარემოს შექმნის ინსტრუმენტს, სადაც ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ და საერთო სივრცეს იზიარებენ. შესაბამისად, პროექტის შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი იქნება არა მისი ვიზუალი, არამედ ის, თუ როგორი ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის ადამიანებისთვის. ამ ხედვის ცენტრში კი ლანდშაფტი და საზოგადოებრივი სივრცეა, რომელიც გამარჯვებულ პროექტში მთავარ ელემენტებად უნდა იყოს ინტერგირებული.

საერთაშორისო კონკურსის ფორმატის არჩევა „ლოკო პარკისთვის“ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაცვლად ერთი კონკრეტული არქიტექტურული სტუდიისთვის პროექტის დაკვეთისა, წამყვან ქართულ და იტალიურ გუნდებს საშუალება მიეცათ, ტერიტორია დამოუკიდებლად შეეფასებინათ და საკუთარი ხედვები წარმოედგინათ. გამარჯვებულის გამოვლენა კი დამოუკიდებელ ექსპერტებს მიენდო, რაც კონცეფციების პროფესიული და კონკურენტული შეფასების შესაძლებლობას ქმნის.

ასეთი მიდგომა ქმნის ურბანული განვითარების ისეთ ხედვას, რომელშიც შენობა თვითმიზანი არ არის. საწყისი წერტილი ადამიანია, ხოლო არქიტექტურის ამოცანა ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც საზოგადოებრივ სარგებელს ემსახურება. ამ კონტექსტში კი ტერიტორიის ისტორია მისი მომავალი განვითარების გააზრების საფუძველი ხდება.

„ლოკო პარკი“ გურამიშვილის გამზირზე, თბილისის ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი ყოფილი ინდუსტრიული სივრცის მრავალფუნქციურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნას ითვალისწინებს, რომელიც საცხოვრებელ, კულტურულ, საზოგადოებრივ, რეკრეაციულ და კომერციულ ფუნქციებს გააერთიანებს.

[პარტნიორის კონტენტი]

Call of Duty-მ ლონდონში თამაშის ქუჩა ააშენა

Amazon-მა ორი ახალი AI-პროდუქტი წარადგინა