მაკო მეტრეველი საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ მარკეტინგის მენეჯერი გახდა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა Windfors-ში პროექტების მენეჯერად, „ბილაინში“ პიარ სპეციალისტად, ხოლო KFC-ში მარკეტინგის დირექტორად მუშაობის გამოცდილება დაეხმარება „ლოკომოტივის“ გუნდში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მარკეტერს მაკო მეტრეველი ესაუბრა მარკეტინგული საქმიანობის განსხვავებულ სფეროში დაწყების გადაწყვეტილებაზე, სპორტულ მარკეტინგში საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებზე.
M: მაკო, როგორ მოხვდით საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში“ და რამ გადაგაწყვეტინათ KFC-დან სრულიად სხვა სფეროში გადასვლა?
ლოკომოტივში ჩემი მეგობრისა და კოლეგის, აკო ახალაიასა და კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორის, გიორგი ყიფიანის მეშვეობით აღმოვჩნდი. მე თვითონ ყოფილი მოთხილამურე ვარ, ასევე, მთელი განვლილი ცხოვრება მივდევდი სხვადასხვა სპორტის სახეობებს. კომპანია ბილაინის პიარ სამსახურში, 4 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ერთ-ერთ მიმართულებაზე, რომელიც სპორტი და სოციალური პასუხისმგებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა გახლდათ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი სპორტის მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართ. მოგვიანებით, შევქმენი კომპანია, რომელიც მართავს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს. ასე რომ, ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლოს არის.
M: რა სირთულეებს ხედავთ თქვენი ამ პოზიციაზე მუშაობის პროცესში?
სირთულეები, რა თქმა უნდა, იქნება. თუმცა არაჩვეულებრივი გარემო, მოტივირებული, ფეხბურთზე შეყვარებული კოლექტივი ძალიან ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, რომ მარტივად მოვერგები კლუბს. გამოცდილება, თავისთავად, ძალიან დამეხმარება.
M: რამდენად მნიშვნელოვანია მარკეტინგის სპეციალისტისთვის სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება?
მე ვფიქრობ, აუცლებელია, რაღაც მომენტში, იპოვო ის სფერო, სადაც გინდა მუშაობა, გიყვარს და გაინტერესებს. ამისთვის შეიძლება, ბევრი სფეროსა და საქმიანობის გამოცვლაც კი მოგიწიოს. სიახლე კი ყოველთვის კარგია, ახალი სისხლია და ახალი შესაძლებლობები, რომელიც უნდა გამოიყენო. ჩემთვის ეს იმდენად სიახლე არ არის, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი ხანია, პარალელურად, სპორტშიც აქტიურად ვარ, თუმცა ფეხბურთი ახალია, შესაბამისად, ახალი გამოწვევაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდისთვის.
M: „ლოკომოტივის“ მარკეტინგში რაზე აპირებთ ორიენტირებას, როგორია თქვენი ხედვა?
აუცილებელია ქართული საფეხბურთო კლუბების მნიშვნელობა გახდეს აქტუალური, გაჩნდეს ბევრი გულშემატკივარი, რომელიც დაესწრება ადგილობრივ თამაშებს და ამით მისცემს ფეხბურთელს დამატებით მოტივაციას. ჩვენ გავაკეთეთ რებრენდინგი, კლუბს აქვს ახალი ლოგო. ასევე, ვმუშაობთ ლოკომოტივის ფან კლუბის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მხიარულსა და აქტიურს გახდის გულშემატკივარს. ბევრი გეგმა გვაქვს და დიდი მონდომება. იმედია, დასახულ მიზნებს მივაღწევთ. გუნდი კარგ ფორმაშია. ეროვნული ლიგა წარმატებით დაიწყო, 2 მოგება გვაქვს უკვე. ასე რომ, დიდი მოლოდინები გვაქვს.