Loewe (გამოითქმის როგორც: lo-eh-vay) არ არის მორიგი პრემიალური ბრენდი. მას აქვს მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც თითქმის ორ საუკუნეს მოითვლის. ამ დროის განმავლობაში, Loewe შეუფერხებლად იქცა ტყავის მოკრძალებული სახელოსნოდან გლობალურ მოდის სახლად, რომელიც თავისი დახვეწილი ოსტატობითა და ინოვაციური დიზაინითაა ცნობილი. მაშ, როგორ გაჩნდა ეს ესპანური ბრენდი და რა გამოარჩევს მას? სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Loewe-ზე გიამბობთ.
Loewe-ს ისტორია იწყება 1846 წელს, ესპანეთში, მადრიდის ხმაურიან ქუჩებში: ტყავის გამოცდილმა ესპანელმა ოსტატებმა გააერთიანეს ძალები და დააარსეს სახელოსნოს, რომელიც მაღალი ხარისხის ტყავის ნაწარმის შექმნაზე იმუშავებდა. მათი ორიენტირი ნათელი იყო – ესპანელი არისტოკრატიის გამორჩეული გემოვნებისთვის ზედმიწევნით დამუშავებული ტყავის ნაწარმით ეპასუხათ.
გადამწყვეტი მომენტი 1872 წელს დადგა, როდესაც სახელოსნოს ნიჭიერი გერმანელი ტყავის მწარმოებელი, სახელად ენრიკე ლოვე როესბერგი შეუერთდა. მან თავისი გამოცდილება და ხედვა განსხვავებულად გამოიყენა და ბრენდის ტრანსფორმაციაში უზარმაზარი როლი ითამაშა. კომპანიას სახელად Loewe დაარქვეს, ენრიკეს პატივსაცემად.
ენრიკე ლოვეს ხელმძღვანელობით, ბრენდის რეპუტაცია ეტაპობრივად იზრდებოდა და განსაკუთრებული ოსტატობის სიმბოლოდ ყალიბდებოდა. Loewe-მ მოიპოვა სამეფო ბეჭედი 1905 წელს, როდესაც ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-მ მას პრესტიჟული ტიტული „სამეფო კარის მიმწოდებელი“ მიანიჭა. ასეთმა სამეფო მფარველობამ ბრენდის პოზიციები გაამყარა და Loewe ესპანური ელიტის ძვირადღირებული ტყავის ნაწარმის მწარმოებლად იქცა.
თუმცა Loewe ამაზე არ შეჩერებულა. ბრენდი ხედავდა მზარდ მოთხოვნას ფუფუნებაზე სამეფო კარის მიღმაც. არსებობის განმავლობაში Loewe-მ გააფართოვა საკუთარი პროდუქციის ხაზი და დაამატა სამოგზაურო ჩანთები, კომპლექტები და სხვა პრაქტიკული, ელეგანტური ტყავის აქსესუარები, რითაც მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრს მისწვდა.
XX საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, Loewe ოჯახის მფლობელობაში იყო. ენრიკე ლოვეს შთამომავლები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ ბრენდის ევოლუციას. 1970-იანი წლები Loewe-სთვის მნიშვნელოვანი ზრდის ეტაპი გახლდათ. ბრენდმა წარმოადგინა პირველ მზა ტანსაცმლის კოლექციები, სადაც ბრენდის ხედვა ტყავის ნაწარმს გასცდა. ამ პერიოდშივე დაიბადა ორი საკულტო ჩანთა: ფლამენკოს ჩანთა და Amazona.
90-იან წლებში, Loewe-მ საერთაშორისო ბაზარს მიაპყრო ყურადღება. 1996 წელს, ბრენდი LVMH ჯგუფმა შეიძინა და ბრენდის გლობალურ ბაზარზე გასვლას შეუწყო ხელი.
2013 წელს, Loewe-ს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ბრენდის კრეატიულ დირექტორად ჯონათან ანდერსონი დაინიშნა, რომელმაც Loewe-ს სრულიად ახალი მიმართულება მისცა, რითაც აჩვენა, რომ ბრენდს არ ეშინია ახალ გამოწვევებთან გამკლავება.
Loewe დღემდე ინარჩუნებს ტყავის დამუშავების ტრადიციულ ტექნიკას, არ ერიდება საზღვრების დარღვევასა და ახალი მასალების გამოცდას და ამ ყველაფერში უზარმაზარ გამოცდილებასა და ოსტატობას დებს. სწორედ ესაა, რაც Loewe-ს ფუფუნების ასეთ დონეზე მეტყველებს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.