in

„ლოგიკუმი“ – 0 ლარის ბიუჯეტით დაწყებული სათამაშოების სტარტაპი ფსიქოლოგი სტუდენტებისგან

Startauperi
Startauperi

ლოგიკუმი“ განმავითარებელი სათამაშოების სტარტაპია, რომელიც ორიენტირებულია ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების პროცესების ხელშეწყობაზე, ასევე, დასწავლის გზების გამარტივებაზე. პირველად, 2016 წლის 30 დეკემბერს, „თბილისი მოლში“ წარმოდგენილი პროდუქციიდან 10-დან 8-ის მალევე გაყიდვის შემდეგ, მისმა შემქმნელებმა ახალი სათამაშოების იდეების შემუშავება დაიწყეს. 0 ლარის ბიუჯეტითა და ერთი ტიპის სათამაშოთი დაწყებული საქმიანობა სპონსორებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა და „ლოგიკუმი“ უკვე 25-ზე მეტ ისეთ სათამაშოს ითვლის, რომელიც მორგებულია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის, ასევე, ტიპური განვითარების მქონე ბავშვებზე. სამი ფსიქოლოგი სტუდენტის მიერ დაწყებული სტარტაპი, მის მომხმარებელ ბავშვებთან ერთად ვითარდება. როგორ შეიქმნა „ლოგიკუმი“, როგორია მისი განვითარების დინამიკა და რა სიახლეებს შესთავაზებს ის სამომავლოდ ქართველ მომხმარებელს – ამ საკითხებზე მარკეტერი სტარტაპის ერთ-ერთ შემქმნელს – თინათინ ბლადაძეს ესაუბრა:

M: როგორი იყო „ლოგიკუმის“ შესაქმნელად გადადგმული თქვენი პირველი ნაბიჯები?
ეს იყო 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს პროექტი „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, სადაც მივედით უამრავი იდეით და საბოლოო ჯამში, მივხვდით, რომ ყველაზე მთავარი იყო, ჩვენი პროფესია გადმოგვეტანა პრაქტიკაში, მოვრგებოდით საჭიროებებს და გვეკვლია ის რესურსები, რომლებიც ძალიან გვაკლდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ, აქედან დაიწყო ჩვენი საქმიანობა, 0 ლარით, რადგან თანხები არ გვქონდა და დავიწყეთ სპონსორების მოძიება, რომლებიც საინიციატივო ჯგუფი უკეთესი განათლებითვის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდნენ.

M: რა ეტაპები გაიარა იდეამ, როგორ შექმენით პროდუქტი და რა პრობლემა გადაჭერით მისი შექმნით?
პირველი გამოფენა-გაყიდვა შედგა 30 დეკემბერს, შარშან, თბილისი მოლში, სადაც 10-დან 8 სათამაშო გავყიდეთ და მაშინ მივხვდით, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რომელსაც დიდი მომავალი ჰქონდა და გადავწყვიტეთ უფრო სერიოზულად გაგვეგრძელებინა ჩვენი მუშაობა, სათამაშოების სფეროში. დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ვიყავით შეჩერებულები, რადგან ვქმნიდით და ვხვეწდით ახალი სათამაშოების იდეებსა და დიზაინებს. მარტი-აპრილის პერიოდში, განახლებული სათამაშოებით გამოვჩნდით საქართველოს ბაზარზე. თავიდან, მხოლოდ სიუჟეტური ფაზლები გვქონდა, ნელ-ნელა იმდენი დავამატეთ, რომ დღეს 25-ზე მეტი სათამაშო გვაქვს და კიდევ, მრავალის დამატებას ვგეგმავთ.

M: დაგვისახელეთ 5 სათამაშო „ლოგიკუმის“ კოლექციიდან, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე სასარგებლოა და მოთხოვნადი..
„სიუჟეტური ფაზლები“, რომლის ილუსტრაციები ჩვენ თვითონვე შვქმენით, საქართველოში. „ჭკვიანი ანბანი“. „მათემატიკური ბოქლომები“, რომლებიც ორიენტირებულია მათემატიკური უნარების და ლოგიკის განვითარებაზე. „იპოვე მსგავსი“, რომელიც ხელს უწყობს ვიზუალურ სივრცით აღქმას და „კატეგორიზაციის თამაშები“, მაგალითად პროფესიები, რომელშიც შედის 5 პროფესია და ამ პროფესიის მახასიათებელი ნიშნები. ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლით, რომელ პროფესიასთან რა საგანი და თვისება ასოცირდება.

M: კონკრეტულად, ბავშვების რა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი თქვენი სათამაშოები და სად არის ხელმისაწვდომი?
ჩვენი სათამაშოები მზადდება დაახლოებით, წლინახევრიდან, დაწყებითი სასკოლო ასაკის, როგორც შშმ, ასევე, ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისთვის. ვმუშაობთ, რომ სხვა ასაკობრივი კატეგორიაც მოვიცვათ და უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ონლაინ გაყიდვებზე და ასევე, სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში შეიძლება ჩვენი პროდუქციის შეძენა: „ლიბრას“ მაღაზიათა ქსელში, შევდივართ მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“, თელავში – მაღაზია „ლიმბოში“, ასევე, „სანტა ესპერანსაში“, „აგრო ჰაბში“. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა მაღაზიებთანაც. ყველაზე დიდი არჩევანი წინასასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების კატეგორიაში გვაქვს. ლოგიკუმით ინტერესდებიან საჯარო ბაღები და სკოლის დაწყებითი კლასებიც.

M: რა არხებს იყენებთ მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ, როგორია სათამაშოების ფასი და „ლოგიკუმის“ განვითარების თქვენეული ხედვა?
ამ ეტაპზე, უმეტესად, facebook-ს ვიყენებთ საკომუნიკაციო არხად და იქვე ხდება ონლაინ გაყიდვა. გარდა ამისა, სხვადასხვა მედიასაშუალბის მეშვეობითაც ვცდილობთ ჩვენ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პროდუქტის ფასი, ჯერჯერობით, მერყეობს 12-დან 42 ლარამდე, ჩვენი პირველი მიზანია, რომ უფრო ხელმისაწვდომი ვიყოთ ადამიანებისთვის. ჯერჯერობით, ჩვენი დანადგარი არ გვაქვს, სათამაშოებს ვამზადებთ ტექნოპარკის ფაბლაბში, უახლოეს მომავალში კი ჩვენი დანადგარიც გვექნება. ვფიქრობთ, ამის შემდეგ, მეტს გავაკეთებთ როგორც მეტი ხელმისაწვდომობის, ასევე, არჩევანის გამრავალფეროვნების კუთხითაც. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო განვვითარდეთ, უფრო მეტი გავაკეთოთ და შევქმნათ. ეს არის საქმე, რომელიც გვიყვარს და რომლითაც, ჩვენ თვითონაც, ბევრი ვისწავლეთ. ჩვენ ვართ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო სტარტაპი 0 ლარიდან.

სტუდენტური სტარტაპ ბანაკი ბათუმში! – Garage48

როგორ გამოვიყენოთ უკუკავშირი ჩვენს სასარგებლოდ?