in

Logisticswise, E-commerce კომპანიებს, სრული ლოჯისტიკური ციკლის „აუთსორსს“ სთავაზობს

ელექტრონული კომერცია, საცალო გაყიდვებში, ისედაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მსოფლიო პანდემიის დროს კი, ეს კომპონენტი, უფრო აქტუალური გახდა. „ონლაინ“ გაყიდვების ციკლში, ერთ-ერთი მთავარი რგოლი ლოჯისტიკაა. ამიტომ, მოთხოვნა ამ მიმართულების სერვისებზეც ავტომატურად გაიზარდა. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ კომპანია, Logisticswise-ზე უნდა გიამბოთ. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, მომხმარებლებს სრული ლოჯისტიკური ციკლის „აუთსორსს“ სთავაზობენ, უფრო კონკრეტულად კი – სასაწყობე მომსახურებას, ნივთების შეფუთვას და საკურიერო სერვისს.

ელიზბარ ლომინაძე, კომპანიის დამფუძნებელი: ელექტრონული კომერციის როლზე და მის მნიშვნელობაზე, საცალო გაყიდვებში, დიდი ხანია, კითხვები აღარ ისმის – E-commmerce-ს წილი, ყოველწლიურად, იზრდება და ეს პროცესი შეუქცევადი იყო პანდემიამდეც. ერთი შეხედვით, ელექტრონული კომერცია საცალო გაყიდვებში მხოლოდ ლამაზ ვებგვერდთან ასოცირდება, მაგრამ რეალურად, ეს გაცილებით რთული პროცესია, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან პრობლემებთან – ნაშთების კონტროლის, სასაწყობე ფართების მენეჯმენტის, შეფუთვის, საკურიერო თუ ლოჯისტიკური ციკლის მართვის და მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით.

წინა საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიის დამფუძნებლებს გვქონდა ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობის გამოცდილება, როგორებიცაა:  H&M, M&S, Next. სწორედ მათთან ურთიერთობისას ვნახეთ დაბრკოლებები, ელექტრონული კომერციის წარმოებისას, საწყობების და საკურიერო-ლოჯისტიკის მიმართულებით. ეს პრობლემები საკმაოდ მწვავედ დგას წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც და შესაბამისად, ჩვენთვის ნათელი გახდა, თუ რატომ არ ავითარებენ ასეთი გლობალური ბრენდები ელექტრონული კომერციის მიმართულებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. მათ არ უჭირთ ვებგვერდების გადმოთარგმნა, რეალურად, აუცილებელია შესაბამისი დამხმარე სერვისების არსებობა.

ამიტომ გადაწყვიტეთ LogisticsWise-ს შექმნა? 

დიახ, სწორედ აქედან გაჩნდა LogisticsWise-ს შექმნის იდეა. თავიდანვე გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად მოგვეგვარებინა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა და გაგვემარტივებინა, როგორც გლობალური ბრენდებისთვის, ისე ადგილობრივი საცალო მოვაჭრეებისთვის ელექტრონულ კომერციის წარმოება.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

განვითარებულ ქვეყნებში ჩვენს მომსახურებას მოიხსენიებენ როგორც 3PL (third-party logistics), ასევე შეიძლება ვუწოდოთ Fulfillment სერვისიც.

მარტივად, რომ ავხსნა, ჩვენ „ონლაინ“ ვაჭრობით დაკავებულ მეწარმეებს და კომპანიებს ვთავაზობთ სასაწყობე მომსახურებას, ნივთების შეფუთვას და საკურიერო სერვისს. ანუ „ონლაინ“ მაღაზია, რომელიც ითანამშრომლებს ჩვენთან, სრულ კონცენტრაციას გააკეთებს მარკეტინგსა და გაყიდვების ზრდაზე, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს და პრობლემებს კი მთლიანად LogisticsWise-ს გუნდი გადავიბარებთ.

აქ მთელი ციკლი ძალიან მარტივად გვაქვს აწყობილი. ჩვენს საწყობში განთავსებულია კომპანიის მარაგები. შეკვეთა, „ონლაინ“ მაღაზიაში შემოსვლისთანავე, გადმომისამართდება LogisticsWise-ში და ამ მომენტიდან სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ნივთის შეფუთვაზე, დროულად მიწოდებაზე და საჭიროების შემთხვევაში, უკან დაბრუნება-დასაწყობებაზე. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია ფასის კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, სერვისის მიახლოებითი საფასურის დათვლა.

ვისთვის არის LogisticsWise? რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მომსახურება? 

ჩვენი სერვისი ეს არ არის ტრადიციული სასაწყობე ფართის გაქირავება, არც ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომი საკურიერო მომსახურება. LogisticsWise მთლიანად მორგებულია ელექტრონული კომერციით დაკავებულ ბიზნესებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ვემსახურებით ნებისმიერი ზომის ბიზნესს, რომელსაც აქვს „ონლაინ“ მაღაზია და დაინტერესებულია მასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სერვისი იდეალურად ერგება ისეთ ბიზნესებს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ და იწყებენ საცალო გაყიდვებს „ონლაინ“ სივრცეში.

რითია თქვენი კომპანია გამორჩეული?

მსგავს სერვისს საქართველოში არც ერთი კომპანია არ სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენთან თანამშრომლობით, „ონლაინ“ მაღაზიებს შეუძლიათ, საგრძნობლად შეამცირონ დანახარჯები და სრულად კონცენტრირდნენ მათ ძირითად საქმიანობაზე, გაყიდვებზე და შემოსავლების ზრდაზე.

ლოგიკურია, რომ კომპანიას, რომელიც შედის „ონლაინ“ გაყიდვებში და ორიენტირებულია სწრაფ ზრდაზე, არ უღირს გააკეთოს საკუთარი საწყობი, იყიდოს ან იქირაოს  ფართი, მოაწყოს და აღჭურვოს ის, აიყვანოს შესაბამისი გამოცდილების თანამშრომლები, დანერგოს საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, იზრუნოს საწყობის უსაფრთხოებაზე. პარალელურად, დაიქირაოს კურიერები, ან თუნდაც საკურიერო კომპანია და აკონტროლოს შეკვეთის შესრულების პროცესი, სრულად.

ჩვენი „აუთსორს“ სერვისი იდეალურად ერგება ნებისმიერი ზომის კომპანიას. მცირე ზომის კომპანიების შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ მათ ურჩევნიათ, აირიდონ საოპერაციო პრობლემები და კონცენტრირდნენ ზრდაზე, მაგრამ იგივე გლობალური მსხვილი ბრენდებიც დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ, რომ ე. წ. Fulfillment სერვისის კომპანიის გარეთ გატანით გაცილებით დიდი ხარჯების ეფექტურობის მიღწევაა შესაძლებელი.

ამჟამად განვითარების რა ეტაპზეა თქვენი კომპანია? 

Logisticswise-ს სერვისი, სრული დატვირთვით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. 6-თვიანი აქტიური მუშაობის შემდგომ შეიქმნა პლატფორმა, რომელიც სრულად ავტომატიზებულს ხდის „ონლაინ“ გაყიდვების ლოჯისტიკურ ციკლს. სექტემბერში GITA-ს ორგანიზებულ კონკურსში გავიმარჯვეთ, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ჩვენი პროექტის განხორციელების ტემპი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

2021 წელი მთლიანად დაეთმობა ადგილობრივ ბაზარს, შემდეგ კი ვგეგმავთ, სხვა ქვეყნებშიც მოვსინჯოთ ძალები. ვგულისხმობ როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სადაც მსგავსი 3PL სერვისები ჯერ არ არსებობს, ისე რამოდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომლებში ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

რა თქმა უნდა, პარალელურად გაგრძელდება პლატფორმის პროგრამული ნაწილის მუდმივი დახვეწა და განახლება.

 

[R]

Glovo-ს ახალი ინიციატივები მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის

პროკრედიტ ბანკის ახალი ინტერნეტ ბანკინგი, თქვენი ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისთვის