ყოველდღიურად, დიზაინერის სამუშაოში ჩნდება ახალი გამოწვევები. გარდა იმისა, რომ მან უნდა შექმნას გლობალური კულტურისთვის მისაღები ნამუშევარი, მისი დიზაინი უნდა იყოს უნიკალური. იმის შანსი კი, რომ ახალი დიზაინი დაემსგავსება წარსულში უკვე შექმნილს – სულ უფრო იზრდება.
შესაძლოა, დიზაინერს არასდროს უნახავს მისი ნამუშევრის მსგავსი ვიზუალი, ან შესაძლოა, მან დაინახა და შექმნის გზით ამოიტანა ის არაცნობიერიდან. ძველი ტენდენციები ახალი სახით უბრუნდებიან თანამედროვეობას, ანუ, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ლოგოდიზაინშიც, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ფაქტია, რომ ზოგიერთი კომპანიის ლოგო ძალიან ჰგავს წარსულში უკვე არსებულ ლოგოტიპს.

Alibaba Group-ის მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების ჯგუფის მენეჯერი – სპენსერ ჩენი, 1989 წელს გამოცემული წიგნის „მსოფლიოს სავაჭრო ნიშნები და სიმბოლოები: დიზაინის ანბანი” (Trademarks & Symbols of the World: The Alphabet in Design) განხილვისას აღნიშნავს რამდენიმე ლოგოს, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელ ცნობილ ლოგოებს.
Medium-ის ‘M’ ძალიან ჰგავს 1977 წელს, ამერიკული გამომცემლობისთვის – Metrocraft შექმნილ ლოგოტიპს.

Airbnb-ს დაკლაკნილი ლოგო დიზაინით იაპონურ Azuma Drive-ს მოგვაგონებს, 1975 წლიდან.

Flipboard-ს გამოყენებული აქვს Frisol Oil-ის 1981 წელს შექმნილი ლოგო, თუმცა წინამორბედი ბევრად მარტივია, გრადაციების გარეშეა და აქვს თითოეული კვადრატის გამყოფი ხაზები.

Beats -ის ‘b’ გვახსენებს ყურსასმენებს, თუმცა, ის ასევე ძალიან ჰგავს Stadt Bruehl-ის ნიშანს, რომელიც შეიქმნა ამ გერმანული ქალაქისთვის 1971 წელს, თუმცა ეს ერთადერთი მსგავსება არ არის.
















