in

როდის არის ლოგოს რედიზაინის დრო?

ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორ მარკეტინგს და ბრენდის იდენტობას დიდი გავლენა აქვს კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე. თავის მხრივ, ეს სრულყოფილ ლოგოსაც მოიცავს. თუმცა ამ იდეალურობამდე მიღწევა საკმაოდ რთულია — განსაკუთრებით ახალი კომპანიებისთვის. თანაც, დროთა განმავლობაში დიზაინის ტენდენციებში, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელთა ქცევაში უამრავი ცვლილება ხდება. ეს კი ლოგოს იდენტობასა და სანდოობის გადმოცემის უნარს საფრთხეს უქმნის.

BOG
BOG

ეს ძირითადად ისეთ კომპანიას ეხება, რომელიც უკვე არსებობის რამდენიმე წელს ითვლის  — თანაც, თუ ლოგო იმ დროისათვის პოპულარული დიზაინის ტენდენციების საფუძველზე შეიქმნა. თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია და უშუალოდ გეხებათ, შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ იმის ანალიზში, რამდენად აღიქმება თქვენი ლოგო თანამედროვედ და აქტუალურად.

როდის უნდა დავიწყოთ რედიზაინი?

იმის ცოდნა, თუ როდის უნდა შეიცვალოს თქვენი ლოგო, ზუსტი მეცნიერების საგანს არ წარმოადგენს. შესაძლოა, საშიშადაც კი გეჩვენებოდეთ ისეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, როგორც იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილის გარდაქმნა და მისი წარმატებით დამკვიდრებაა. თუმცა თუ ამას სწორად გააკეთებთ, ნამდვილად საოცარ შედეგს მიიღებთ.

ამ პროცესში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ როდესაც მომხმარებელთა გარკვეული ბაზა უკვე ძველ ლოგოსაა მიჩვეული, ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. არასწორი ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელია აუდიტორიის დაკარგვა, რაც გაყიდვებზეც ნეგატიურად იმოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ასე რომ, თუ ლოგოს რედიზაინის ზღვარზე ხართ, სტატიაში მოცემული 6 შეკითხვა აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ — დროა, ნულიდან დაიწყოთ თუ ძველი ლოგო შეინარჩუნოთ?

1. შეიცვალა თქვენი აუდიტორია?

თუ აღმოაჩენს, რომ თქვენი მიზანი ახალი აუდიტორიის მოზიდვაა, შეიძლება, ამჟამინდელი ლოგოს დიზაინის შეცვლა იყოს საჭირო. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, როცა სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია გიჭირთ და ახალ გზებს ეძებთ მასთან დასაკავშირებლად. მარტივად, კომპანიის ახალი ლოგო დაგეხმარებათ, ბრენდს ახალი იერსახე მიანიჭოთ და სხვებისთვის ადვილად თუ საინტერესოდ იდენტიფიცირებადი გახადოთ.

2. ახალი კონკურენციის წინაშე დგახართ?

ყველა ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები ხშირად აწყდებიან მკაცრ კონკურენციას ახალბედების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უფრო მოქნილები, თანამედროვეები და ამასთან, გაუმჯობესებული ტექნოლოგიები აქვთ. განახლებული ლოგოს შექმნა კი საზოგადოებას დაუმტკიცებს, რომ უმოქმედოდ არ ზიხართ და პირიქით, მუდმივ განვითარებაში ხართ.

3. გაფართოვდა თუ არა თქვენი ბიზნესის ახალი მიმართულება?

კომპანიები ხშირად აფართოებენ ან ცვლიან ფოკუსს, როგორიცაა ახალი პროდუქტის ხაზის დამატება ან სხვა კომპანიასთან შერწყმა. თუ თქვენი ბიზნესი მნიშვნელოვნად შეიცვალა, განიხილეთ თქვენი ლოგოს შეცვლა, რათა ეს ცვლილებები ნათლად აისახოს.

4. ლოგო კონკრეტულ პერიოდთან მსგავსებას ავლენს?

ეს რთული კითხვაა, მაგრამ აუცილებელია, საკუთარ თავს დაუსვათ. დიდი შანსია, რომ მოდის და დიზაინის ტენდენციები ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენი ლოგო პირველად შეიქმნა. მისი შეუცვლელობით კი რისკავთ, რომ ადამიანები თქვენს კომპანიას „წარსულის გადმონაშთად“ აღიქვამენ.

5. თქვენი ლოგო კვლავ ცნობადია?

ბოლო წლებში საკომუნიკაციო არხები ძალიან შეიცვალა. დღეისათვის კომპანიები სატელევიზიო რეკლამებსა და ბილბორდებს ნაკლებად იყენებენ — ამის ნაცვლად, ინტერნეტ მარკეტინგის ინსტრუმენტები ჭარბობს, როგორიცაა Facebook, Instagram და PPC კამპანიები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვეობას მორგებული ლოგოები პატარა ეკრანების გათვალისწინებით უნდა იყოს შექმნილი. თუ თქვენი ლოგო ძნელად აღიქმება პატარა ეკრანზე, მისი რედიზაინი მოგიწევთ.

6. არის თუ არა თქვენი ლოგო რაიმე აზრის მატარებელი?

ლოგო კომპანიის იდენტობას წარმოადგენს და მას ერთგვარი მისია აკისრია, მნიშვნელოვანი გზავნილი გადასცეს საზოგადოებას. თუ ის უბრალოდ ლამაზი ვიზუალის მატარებელი და ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილია, დროა, მის შეცვლაზე იზრუნოთ. აუცილებელია, ისეთი ლოგო შექმნათ, რომელიც თქვენი ბიზნესის ძირითად ღირებულებებსა და ძლიერ მხარეებს უსვამს ხაზს.

ეს სურათი ვარსკვლავს ისე გაჩვენებთ, როგორც აქამდე არასდროს გინახავთ

რჩევები ხელნაკეთი ნივთების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გასაყიდად