in

როგორ იცვლება ლოგოს შექმნის ტრენდები და როგორი ტრენდია 2024 წელს

უკვე დიდი ხანია, საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ლოგო უბრალოდ ლამაზი ნახატი არაა და ის ბრენდის იდენტობის უდიდესი ნაწილია. მისი შექმნა მნიშვნელოვანი პროცესია და ის ერთი მონახაზით თითქმის არასოდეს მტკიცდება. ლოგოს შერჩევისას ბრენდი მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს, იქნება ეს მისი ვიზუალი, ხასიათი, მესიჯი თუ სხვა, მაგრამ კიდევ ერთი, რასაც ყურადღება ექცევა, არის ტრენდი – ყველას უნდა, არ ჩამორჩეს დროს და ჰქონდეს თანამედროვე ლოგო, ამიტომ დღეს სწორედ ამ ტრენდებზე ვისაუბრებთ.

BOG
BOG

გრაფიკოსდიზაინერ მარიშა არაბულს ამ სფეროში უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება, ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტები და სტუდენტების სწავლების გამოცდილება აქვს. ის გაგვიზიარებს თავის ხედვას ლოგოში ცვალებადი ტრენდების შესახებ…

M: მარიშა, ლოგოს დამზადების როგორი ტრენდები იყო ბოლო წლებში და წელს როგორი ტრენდია დამკვიდრებული?

წელს, ისევე, როგორც ბოლო წლებში, მონოქრომული და მარტივი ფორმის ლოგოები ჭარბობს. წლების განმავლობაში კომპანიებმა ბრენდების გადააზრების დროს, ლოგოებს სიმბოლოები ჩამოაშორეს (დანკინი) და მხოლოდ ვორდმარკი (სიტყვიერი წარწერა) დაიტოვეს, რამაც ახალი ტრენდი შექმნა, აქედან გამომდინარე, ხშირად ახალი ბრენდები მხოლოდ ვორდმარკს იყენებენ. ლოგოს ტრენდები ყოველთვის გარემოპირობებზე იყო დამოკიდებული. დღეს ყველაზე კარგად შერჩეული/შექმნილი ლოგო ის იქნება, რომელიც კომპიუტერის ეკრანს, მობილურს, სმარტ ვოჩს და ბილბორდს ერთნაირად კარგად მოერგება.

M: ზოგადად, რა ქმნის ლოგოს ტრენდს, რა გარემო ფაქტორები მოქმედებს მის ცვლილებაზე?

ლოგოს ტრენდებზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა კაცობრიობის ზოგადი განწყობა. მაგალითად, 70-ანებში ლოგოებიც ისეთივე ხალისიანი და ფერადი იყო, როგორც იმ ეპოქის საერთო ხასიათი. 2010 წლებში კი 2000-იანების გადამეტებით პრიალა და მნათობი ეფექტების გადამეტებულმა დოზამ მინიმალიზმის დაბრუნებას შეუწყო ხელი და ლოგოები ისევ გეომეტრიული და მინიმალისტური გახდა.

M: ხშირად იცვლება ტრენდი ლოგოებში თუ ძირითადი კრიტერიუმები ერთი და იგივეა?

არსებობს გარკვეული ძირითადი პრინციპები რაც არასდროს „გადასულა მოდიდან”. მთავარი მიზანი ბრენდინგის ინდუსტრიაში, ყოველთვის მარტივი და ეფექტური ლოგოს შექმნა იყო. რომელ ეპოქაშიც არ უნდა ვიყოთ და რა ტრენდსაც არ უნდა ვერგებოდეთ, მთავარია, ლოგო კომპანიის განწყობას და ღირებულებებს სწორად გადმოსცემდეს.

M: გრაფიკოსდიზაინერების მხრიდან რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტრენდების ცოდნა და როგორ პოულობთ ინსპირაციას საერთო ტრენდებსა და პირად ხედვას შორის?

აუცილებელია გრაფიკოს დიზაინერი თვალს ადევნებდეს სიახლეებს თავის სფეროში და აანალიზებდეს დღევანდელ და სამომავლო ტრენდების ტალღებს. გრაფიკული დიზაინი სწრაფად ცვალებადი სფეროა. ახალი ტრენდები მეხმარებიან, მუდმივად განვვითარდე და ავუწყო ფეხი დროს. ამასობაში საკუთარ სტილზე მუშაობა და ტრენდებთან ადაპტირება სახალისო და კრეატიული პროცესი გამოდის.

ბოლოსკენ რამდენიმე ნიმუშს წარმოგიდგენთ, რომლებიც 2024 წლის მსოფლიო ტრენდებს გამოხატავს ლოგოს დიზაინში:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა სურთ განსხვავებულ დემოგრაფიულ ჯგუფებს 2024 წელს?

ნახეთ: ფოტოპროექტი მჟავით დაშავებულ ქალებზე