2015 წლის სექტმებერში საგურამოში ფუნქციონირებას იწყებს ლოკომოტივის აკადემია. ამჟამად აკადემიაში 6-12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფების მიღება მიმდინარეობს.
დაწესებულება მიზნად ისახავს, აღზარდოს წარმატებული, ტექნიკურად დახვეწილი, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები, ამისათვის ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი: თანამედროვე სტანდარტების შებამისი სავარჯიშო მოედნები, მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, მენეჯმენტის გამართული სისტემა.
„მარკეტერი“ გთავაზობთ ინეტრვიუს კლუბ “ლოკომოტივის” გენერალურ მენეჯერ გიორგი ყიფიანთან, რომელიც აკადემიის მიზნებზე, სავარჯოშო სისტემაზე, გრაფიკსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
M: რა არის “ლოკომოტივის აკადემია”?
სანამ ბავშთა აკადემიაზე დავიწყებდეთ საუბარს, უმჯობესი იქნება „თბილისის ლოკომოტივის“ მთავარი გუნდის შესახებაც ვთქვათ ორი სიტყვა.
„ლოკომოტივი“ საკმაოდ ხანგრძლივი საფეხბურთო ისტორიითა და წარსულით გამოირჩევა. ქართული კლუბი, რომელიც 1936 წელს დაარსდა, კვლავ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშია და მნიშვნელოვანი მიზნებისთვის იბრძვის.
ჩვენი კლუბი არ არის სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებული და უკვე მრავალი წელია კერძო სექტორიდან ფინანსდება. უშუალოდ, დაფინანსების წყარო მოდის კლუბის პრეზიდენტ ალექსი თოფურიასგან, რომელიც გუნდს 10 წელზე მეტია სათავეში უდგას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, თბილისის „ლოკომოტივს“, ისევე როგორც სხვა კერძო კლუბებს, სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია. ნამდვილად ალოგიკურია არსებული გარემოება. კლუბს გააჩნია მკვეთრი საფეხბურთო ხედვა, ლოგიკური მიზნები და ასევე კარგად აქვს გაწერილი სტრატეგია და გაუგებარია, რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს სხვა ქართული მუნიციპალური კლუბების იდენტურად.
რაც შეეხება პატარა ფეხბურთელების აკადემიას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გვაქვს მკვეთრი, გრძელვადიანი გათვლები და მიგვაჩნია, რომ წარმატების მიღწევა სწორედ სტრუქტურულად გამართული ბავშთა აკადემიის შექმნით არის შესაძლებელი.
“ლოკომოტივის” აკადემია საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სექტემბრიდან განაგრძობს ფუნქციონირებას და მზად იქნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მისაღებად. ბავშვების ასაკი 6-იდან 12 წლამდე იქნება – U7,U8,U9,U10,U11 და U12.
M: როგორ დაარსდა აკადემია და რა მიზნით?
ჩემი აზრით, ზოგადად თუ არსებობს ამბიცია, რომ ფეხბურთის კლუბი წარმატებული იყოს, მაშინ მას ზურგს აუცილებლად ბავშვთა აკადემია უნდა უმაგრებდეს.
სწორედ ამ სისტემიდან მოდის ფეხბურთელების ძირითადი ნაკადი, რომელსაც მთავარი გუნდი უნდა ღებულობდეს.
„ლოკომოტივის“ ხედვა და მიზანი ყოველთვის ეფუძნებოდა ტალანტების წარმატებულ და შემდგარ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას. დღეს „ლოკომოტივის აკადემიის“ მთავარი ფასეულობა სწორედ ეს არის. მიგვაჩნია, რომ არჩეული გზა დასახულ მიზნებამდე მიგვიყვანს.
M: ვის შეუძლია, რომ ისწავლოს აკადემიაში?
„ლოკომოტივის აკადემიაში“ ასაკობრივი ჯგუფები დაკომპლექტებულია 6-12 წლის ჩათვლით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. (U7, U8, U9, U10, U11 და U12)
ბავშვთა სავარჯიშო სისტემა, რომელიც გრძელვადიანი გეგმითაა გაწერილი, ჩვენი მენეჯერების შექმნილია და ყველა ასაკობრივი ჯგუფის სპეციფიკაზეა მორგებული.
M: რა სისტემით ხდება წვრთნის პროცესი?
როგორც აღვნიშნე, ყველა ასაკს თავისი სპეციფიკა აქვს და სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.
სანამ აკადემიას ჩამოვაყალიბებდით, განვსაზღვრეთ, თუ როგორი ფეხბურთელების აღზრდა გვსურდა და სწორედ ეს მახასიათებელი ავიღეთ შესასრულებელი სამუშაოს ათვლის წერტილად.
ლიდერი, სწრაფი, ჭკვიანი, ტექნიკურად დახვეწილი, კრეატიული და ფიზიკურად ძლიერი. ჩემი აზრით, ის თვისებებია, რომლებიც ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, თუ სურს, რომ კონკურენტუნარიანი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს თანამედროვე საფეხბურთო რეალობაში.
ვიცი, ბევრი კომპონენტია და ზოგს გადაჭარბებულადაც მოეჩვენება ყველა ამ თვისების ერთ პიროვნებაში თავმოყრის მცდელობა, მაგრამ ეს ზუსტად ის თვისებებია, რომლებიც შესაძლებელია, სწორი სამწვრთნელო ფილოსოფიისა და მიდგომის საფუძველზე, ფეხბურთელს ბავშვობიდან გამოუმუშავო. მით უმეტეს, როდესაც საუბარი ისეთ საფეხბურთო ქვეყანაზეა, როგორიც საქართველოა. მერწმუნეთ, მთავარი მონდომება და ინდივიდუალებთან დაკვირვებული მუშაობაა.
M: როგორი გრაფიკია? თუ შეგიძლიათ, გვითხრათ საიდან -სადამდე მერყეობს ფასები ?
სავარჯიშო გრაფიკს რაც შეეხება, ჯერ დადგენილი არ არის. რადგან, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვების სასწავლო პროცესს ხელი არ შევუშალოთ.
ზუსტ დროს ვერ გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ვარჯიშების უმეტესობა საღამოს საათებში იქნება. ერთი თვის ღირებულება 140 ლარია.
6-იდან 9 წლის ჩათვლით ბავშვები (U7, U8 და U9) თბილისში ვერის ბაღის ახლადაშენებულ მოედანზე ივარჯიშებენ. ჩვენი კლუბის ფილიალი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სპეციალურად პატარებისთვის გამოიყოფა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან პატარა ასაკში ფეხბურთელების საგურამოში მგზავრობა, თუნდაც 20 წუთის ხანგრლივობით, მიზანშეწონილი არ არის. სწორედ ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შევქმენით ალტერნატივა დედაქალაქში. რაც შეეხება 10-დან 12 წლის ჩათვლით ფეხბურთელებს (U10,U11 და U12) ისინი, უკვე საგურამოს ბაზაზე ივარჯიშებენ. რა თქმა უნდა, ყველა ასაკობრივ ჯგუფს ჩვენი მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ჩაუდგებიან სათავეში.
M: გაგვიზიარეთ, მომავლის გეგმები
მართლაც რომ, დიდი გეგმები გვაქვს სამომავლოდ. ჩვენი მიზანია, საკუთარი სამწვრთნელო ფილოსოფიისა და ხედვის საფუძველზე, ყოველწლიურად შევქმნათ ახალი გუნდი ზედა ასაკობრივ ჯგუფებში. მაგალითად, 2016-ში გვეყოლება U13, 2017-ში – U14, 2018-ში – U15 და ა.შ.
ჩვენი გათვლებით, 2020 წლისთვის სრულფასოვანი U17-ის გუნდი გვეყოლება, რომლებსაც უკვე ერთი ნაბიჯი დააშორებთ მთავარ გუნდამდე. რა თქმა უნდა, თუ მანამდე ვინმე გამოირჩევა, მას პირდაპირ მივცემთ პროფესიონალურ დონეზე ჩვენს პირველ გუნდში თამაშის შანსს.
მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ხარისხიანი, ძლიერი ფეხბურთელებით დავაკომპლექტებთ.
ავტორი: ირინა საყვარელიძე