in

Loladze Family Winery – 16 წლის ასაკში დაწყებული წარმატებული მეღვინეობა

Loladze Family Winery-ს საქმიანობა 2012 წელს დაიწყო, როცა ლოლაძეების ოჯახის 16 წლის წევრმა – ერეკლე ლოლაძემ, თბილისში, საკუთარ ავტოფარეხში რამდენიმე ჯიშის ყურძენი დაწურა და 100 ბოთლამდე ღვინო ჩამოასხა. ოჯახის სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, 2013 წელს, „ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობამ” „თბილისის ღვინის ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მაღაზიის ყურადღებაც მიიქცია. რეალიზების გზების გაჩენამ მეღვინეობის გაფართოება გამოიწვია და დღეს, აღნიშნული წარმოების ღვინის დაგემოვნებას ბევრ მაღაზიასა თუ ბარში შეძლებთ. როგორი იყო ახალგაზრდა მეღვინის პირველი ნაბიჯები, რამ შეუწყო ხელი წარმოების განვითარებას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ Loladze Family Winery-ს – ამ საკითხებზე მარკეტერი, ამჟამად, უკვე 21 წლის მეღვინეს – ერეკლე ლოლაძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ღვინის წარმოების მიმართ და როგორი იყო თქვენი გამოცდილება ამ პერიოდში?
კახეთში გავიზარდე და ჩემთან ერთად იზრდებოდა ჩემი ინტერესი ღვინის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ არასერიოზული ნაბიჯი გადავდგი, რადგან არანაირი პროფესიული გამოცდილება მქონდა. შემდეგ, გადავწყვიტე შესაბამისი განათლება მიმეღო და საქმიანობა გამეგრძელებინა პროფესიონალურ დონეზე. აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, გადამზადება გავიარე რამდენიმე დიდ საწარმოში, კონსულტაციები მქონდა მეღვინეებთან და ნელ-ნელა დამიგროვდა გამოცდილება. 

M: როგორი იყო თქვენი, როგორც მეღვინის პირველი ნაბიჯები და რამ შეგიწყოთ ხელი განვითარებაში?
საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა, პირველ ეტაპზე. თუმცა, ძალიან სწრაფად განვვითარდით. ხელისშემწყობი ფაქტორი იყო „თბილისის ღვინის ფესტივალი”, რომელიც ყოველ წელს ტარდება. ჩვენი საოჯახო მეღვინეობა 2013 წლის ფესტივალზე გვქონდა წარმოდგენილი, სადაც რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტის დაინტერესება გამოვიწვიეთ და ჩვენი ღვინის სერიოზული რეალიზების პირველი გზებიც მოვსინჯეთ. რის შემდეგაც, სკეპტიკურად განწყობილი ოჯახის წევრები გვერდით დამიდგნენ, აუცილებლობიდან გამომდინარე, გადაწყდა გაფართოება. ერთ მაღაზიას მეორე მოჰყვა და ასე თუ ისე, ადგილობრივი ბაზარი ნელ-ნელა ავითვისეთ.

M: ღვინის დამზადების რა ტექნოლოგიას იყენებთ და როგორ ხდება წარმოება?
ჩვენი ღვინო მზადდება ქართული ტრადიციული მეთოდისა და თანამედროვე სტანდარტების სინთეზით. ვცდილობთ, დიდი წარმოების შეხედულებებიც გავითვალისწინოთ და ქართული საოჯახო ღვინის ტრადიციებიც. მცირე მარნის ტიპის სივრცე გვაქვს, სადაც ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქტს.  ყურძნის გადამუშავებით დაწყებული და მარკეტინგით დასრულებული, ყველაფერს ჩვენ ვახორციელებთ.

M: რა სახეობის ღვინოებს აწარმობთ და რით არის თქვენი ღვინო გამორჩეული?
მეღვინე არასდროს საუბრობს თავის ღვინოზე, მასზე უნდა ისაუბროს მომხმარებელმა. სახეობას რაც შეეხება, ძირითადად კახეთის რეგიონის ჯიშები გვაქვს, ვაწარმოებთ მშრალ თეთრსა და წითელ ღვინოს. ახალი მარნის მშენებლობას ვასრულებთ და უკვე გადავალთ სხვა რეგიონების ჯიშებზე, პარალელურად კი – ნახევრად ტკბილი და ნახევრად მშრალი ღვინის წარმოებაზე.

M: ყურძნის ნედლეულს საიდან იღებთ? საკუთარი ვენახი თუ გაქვთ?
5-6 წლის განმავლობაში მევენახეები გვყავდა, რომლებთანაც ყურძნის მოყვანის და კრეფის პერიოდიდან მოყოლებული ვთანამშრომლობთ. საკუთარ ვენახებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ახალშენები გვაქვს, რომლებიც სრულ მოსავალს 3 წელიწადში მოგვცემს.

M: სად შეიძლება თქვენი ღვინის შეძენა და რა არის ბოთლის ფასი?
ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში. ჩვენი ღვინის საშუალო ფასი მაღაზიებში არის 30-35 ლარი, ბარებში კი 40-45 ლარი.

M: რა გეგმები გაქვთ თქვენი მეღვინეობის განვითარებისთვის?
მცხეთის რაიონში ვაშენებთ ახალ მარანს, კახეთშიც გვაქვს დაგეგმილი; მშენებლობის დასრულების შემდეგ, წარმოების ახალ ეტაპზე გადავდივართ. მარნის ლოკაციისთვის შუალედური ადგილი ავირჩიეთ, რომ კახეთიდან, რაჭიდან და ქართლიდან ყურძნის ჩამოტანისას, ოპტიმალური მანძილი გამოვიდეს. ახლო მომავალში, ასორტიმენტის გაფართოებას ვგეგმავთ, მათ შორის ნატურალური და ბიოდინამიური ღვინოების წარმოებასაც.

Skittles-ს რეკლამა, რომლის ყურების შემდეგაც მადა დაგეკარგებათ

იწყება თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – SOU 2017