in

გაყინული იოგურტი “Lolly” – სიახლე ქართულ ბაზარზე

lolly logoქართველი მომხმარებლისთვის ახალი და უცხო პროდუქტის, გაყინული იოგურტის შეთავაზება პროფესიით პროგრამისტ ბექა კეჟერაშვილს არ გასჭირვებია. ბიზნესმენის მთავარი მოტივი საქართველოში იმ საკვების შემოტანა იყო, რომლის მომხმარებელი ევროპაში ცხოვრებისას გახდა. Start up-ის სიძნელეებისა თუ წარმატების შესახებ, Marketer-ს იოგურტის მაღაზია lolly -ის დამფუძნებელი ბექა კეჟერაშვილი ესაუბრა.

M: გაყინული იოგურტის მაღაზია lolly გახსენით. როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

ამგვარი ხარისხის გაყინული იოგურტის მაღაზია საქართველოში, ისეთი, როგორიც არის ამერიკაში თუ ევროპაში, აქამდე არ ყოფილა.

იდეა წამოვიდა იმ დროიდან, როცა პირველად გავსინჯე გაყინული იოგურტი ესპანეთში. იქ ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში და ამ პროდუქტის საკმაოდ აქტიური მომხარებელი ვიყავი. როცა საქართველოში დავბრუნდი, გაყინული იოგურტის რამდენიმე მაღაზია ვნახე, თუმცა ევროპულ ხარისხთან მსგავსებაც არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მაღაზია გამეხსნა და გამეკეთებინა ისეთივე იოგურტი, როგორიც ესპანეთში მხვდებოდა.

lolly yogurt 3მაღაზიის გახსნისთვის დაახლოებით ორი კვირა დამჭირდა. მანამდე კი დიდი დრო დავუთმე პროდუქტის შესწავლას, რეცეპტის გაგებას თუ დანადგართან მუშაობას. ეს ყველაფერი კი ესპანეთში ცხოვრებისას გავიარე.

ივლისის დასაწყისში გავხსენით მაღაზია. გამოდის, რომ ორთვენახევარია ბაზარზე ვართ. ბოლო პერიოდში ბევრად უფრო მოიმატა მომხარებელმა.

M: ეს თქვენთვის პირველი ბიზნესია?

ამ სფეროში მანამდე არ ვიყავი, თუმცა ადრე მქონდა რამდენიმე ბიზნესი. პროფესიით პროგრამისტი ვარ. ამ ბიზნესში ჩართვისას ჩემით შევისწავლე სფეროსთან დაკავშირებული ბევრი რამ, მათ შორის გავიარე კურსები.

M: რა სირთულეები შეგხვდათ საქმის დაწყების პროცესში ?

სირთულეები შეგვექმნა ზოგადად ადგილობრივ ბაზარზე, რადგან მცირე რაოდენობით არის პროდუქტი და თითქმის ყველაფრის საზღვარგარეთიდან შემოტანა გვიწევს. ეს იქნება იოგურტის ჩასასხმელი ჭიქები თუ კოვზები, ყველაფერი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, რადგან გვინდა ხარისხი დავიცვათ.

lolly coverM: როგორ შეარჩიეთ კომპანიის სახელი და ლოგო?

სახელის და ლოგოს ავტორი მე ვიყავი. ლოგოდ ჩვენი სახელწოდება ავარჩიე. სახელი მოდის ლოლო იოგურტიდან.

M: რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია გაყინულ იოგურტს?

გაყინული იოგურტი მზადდება უცხიმო რძისგან და აქვს 83 კალორია 100 გრამზე. არ აქვს ქიმიური დანამატები და შესაბამისად ჯანსაღი პროდუქტია. რაც მთავარია, ძალიან გემრიელია.

lolly5

M: რამდენად დაინტერესებულია ქართველი მომხმარებელი გაყინული იოგურტით?

დაინტერესება თავიდანვე იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ან ველოდით. იმიტომ, რომ საქართველოში უმეტესობამ არ იცის ამ პროდუქტის შესახებ და ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ამერიკაში თუ ევროპაში. თავიდან ჩვენთან მოდიოდა ის ხალხი, ვისაც საზღვარგარეთ ჰქონდათ გასინჯული იოგურტი, ან -უცხოელები. ახლა უკვე გაგვეზარდა მომხმარებელთა რიცხვი. ვინც პირველად სინჯავს, თითქმის ყველა ბრუნდება, ისე მოსწონს. მარკეტინგული აქტივობისთვის მაღაზიის რეკლამა გავაკეთეთ სოციალურ ქსელში.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ვფიქრობთ რომ გავხსნათ ახალი ფილიალი, თუმცა ეს დამოკიდებულია მომხმარებლის რაოდენობაზე. ასევე ვაპირებთ ყოველ კვირა სხვადასხვა ხილის იოგურტის დამატებას თუ ზამთრის მენიუს შექმნას, სადაც იქნება ბელგიური ვაფლი, კრეპები, ცხელი შოკოლადი და ყავა.

 

ავტორი: მანანა ნოდია

 

 

არაჩვეულებრივი დღე! – ბაკურიანის გენიალური ინიციატივა!

რატომ წამოხვედით სამსახურიდან? – მედეა ტაბატაძე