in

„ფირის ფოტოგრაფიაში შედეგის მოლოდინი არის ყველაზე ამაღელვებელი რამ“ – Lomography Georgia

ფოტოგრაფი: adi_totp
Startauperi
Startauperi

„ჩვენ გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ ფოტოგრაფია არის გამოხატვის ყველაზე დემოკრატიული ფორმა, მას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა ან ძვირადღირებული ფოტოკამერა, მთავარია, თქვენი ემოციები და მათი გადმოცემის ხერხები“, – ულა მელაძე, Lomography Georgia-ს იდეის ავტორი და დამფუძნებელი. კომპანია საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ხელმისაწვდომს ხდის მის ფერად ფოტოაპარატებსა და ფირებს.

ულა მელაძე

Lomography – არის განსხვავებული, ექსპერიმენტული და კრეატიული მიმდინარეობა ფოტოგრაფიაში, რომლის იდეაც გულისხმობს მრავალფეროვანი და გიჟური ცხოვრების წესის ფირზე აღბეჭდვას.

Ленингpадское Оптико-Механическое Объединение, ასე იშიფრება აბრევიატურა – ლომო კომპაქტი ЛК-А, LC-A – პირველი საბჭოთა ავტომატური კამერა, რომელიც სანკტ პეტერბურგში, 1982 წელს იაპონური ფირიანი აპარატის – Cosina გავლენით შეიქმნა და 2 წლის შემდეგ მასობრივად გაყიდვაც დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ვენელმა სტუდენტებმა პრაღაში, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკაში, ძველი ფოტოაპარატების მაღაზიებში სიარულისას აღმოაჩინეს ლომოკამერა, რომლითაც აღფრთოვანდნენ და სამშობლოში დაბრუნებულებმა, მალე „ლომოგრაფიული საზოგადოებაც“ ჩამოაყალიბეს (DIE LOMOGRAPHISCHE GESSELSCHAFT).1992 წელს, იმის გამო, რომ LC-A-ს საწარმო დახურვის პირას იყო და შესაბამისად, ხელმისაწვდომიც აღარ იყო აპარატები, სტუდენტები სანკტ პეტერბურგში შეხვდნენ მწარმოებლებს და მას შემდეგ, ლომოგრაფიული საზოგადოება მსოფლიოში ლომო კომპაქტის ექსკლუზიური მომწოდებელი გახდა.დღესდღეობით, ლომო-კომუნა მილიონობით ადამიანსა და მათ ნამუშევრებს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო. ეს ერთგვარი ცხოვრების სტილია, თვითგამოხატვისა და გარემოს შენებური ხედვის გაზიარების საშუალება. 

მარკეტერი ულა მელაძეს, Lomography Georgia-ს იდეის ავტორსა და დამფუძნებელს ესაუბრა:

M: როგორ გადაიკვეთა თქვენი და „ლომოგრაფიის“ გზები, რატომ გახდა თქვენთვის საინტერესო ეს მიმართულება და იდეა როგორ გაჩნდა, რომ საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გამხდარიყავით?
Lomography-ს საიტი დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ციფრული აპარატი მქონდა, მომენტალურად შემიყვარდა ეს პატარა, ფერადი კამერები. პირველი ლომო კამერა საჩუქრად მივიღე, შემდეგი გამოვიწერე და ასე დამიგროვდა 5 ფოტოკამერა, რომლებიც გარდა იმისა, რომ ვიზუალურად გამორჩეული და ლამაზი იყო, ძალიან საინტერესო ფოტოებსაც იღებდა.თბილისს ძალიან უხდება ლომო-ფილოსოფია, აქ იდეალური გარემოა ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ამიტომაც, გაჩნდა იდეა, რომ ფოტოკამერები საქართველოშიც გაყიდულიყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ 3 წლის შემდეგ შევძელი ჩემს მეგობართან ერთად, ამ იდეის სრულყოფა.

Lomography-ს დაინტერესება ჩვენი ქვეყნით იყო ყველაზე რთული ეტაპი. სათავო ოფისს ათობით მეილი მივწერეთ, გავაცანით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბაზარი. ჩვენი არტისტები ძალიან დაგვეხმარნენ ამაში, რადგან მათ ოფიციალურ გვერდზე იყო ატვირთული ქართველი ლომოგრაფერების ფოტოები და დავამტკიცეთ, რომ ჩვენთან უკვე ჰყავდათ მიმდევრები. პროექტი განვახორციელეთ „სმარტ ფოტოსთან“ ერთად, რომელიც იყო რეალურად ამ პროექტის თანაავტორიც.

ფოტოგრაფი: bravebird

M: ვის მოიაზრებთ ლომო-კომუნის პოტენციურ წევრებად?
ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ტინეიჯერები, რომლებიც ახლა იწყებენ ფოტოების გადაღებას, ასევე, უკვე ზრდასრული, დასაქმებული ადამიანებიც, საინტერესო ჰობით. ამ საქმიანობამ აღმოგვაჩენინა, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობს თაობა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ციფრული ფოტოაპარატებისა და სმარტფონების ეპოქაში და საერთოდ არ იციან, რა არის ფირის ფოტოგრაფია და როგორ მუშაობს ის. მათთვის ამ ახალი შესაძლებლობის გაცნობა, მათი დაინტერესება და შემდეგ მათი აღფრთოვანების გაზიარება არის ძალიან საინტერესო.

ფოტოგრაფი: lavisionmd

M: საიდან შემოდის პროდუქცია და რა სახის არჩევანს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი ფოტოკამერები და ფირები ჩამოდის უნგრეთიდან. მომხმარებელს ვთავაზობთ „ლომოგრაფის“ ყველაზე პოპულარულ და ახალ მოდელებს, საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს როგორც დიზაინის, ისე ფასის მიხედვით. უკვე აწყობილი გვაქვს ტრანსპორტირების სქემა და თუ რომელიმე მოდელი, რომელიც მომხმარებელს უნდა და არ გვაქვს თბილისში, შეგვიძლია ჩამოვუტანოთ.

M: რით განსვხვადება ლომოგრაფით გადაღებული ფოტოები სხვებისგან?
ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხია – მოლოდინით. ციფრული ფოტოგრაფიის შედეგს წამიერად ხედავ და ფირის ფოტოგრაფიის შედეგს უნდა დაელოდო და ეს მოლოდინი არის ყველაზე ამაღელვებელი რამ. და როდესაც შედეგი კარგი გამოდის, ისეთი დიდია ბედნიერების განცდა, ვერ აღგიწერთ. მეორე განსხვავება არის ის, რომ აქ არ არსებობს წესები, ყველაზე კარგი ფოტოები წესების დარღვევის დროს გამოდის.

M: რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესება არის ის, რომ „ლომოგრაფის“ ფოტოკამერები და ფირები გავხადეთ ხელმისაწვდომი, ადამიანს შეკვეთიდან მაქსიმუმ 24 საათში შეიძლება ჰქონდეს სახლში ჩვენი პროდუქტი, აქამდე უწევდათ ოფიციალური გვერდიდან ან ამაზონიდან გამოწერა. ასევე, ჩვენი უპირატესობაა, რომ პროფესიონალურ კონსულტაციას ვუწევთ ყველა დაინტერესებულ და დამწყებ ფოტოგრაფს და ვასწავლით მათ ამ კამერების მოხმარებას, ასევე, ვაძლევთ შესაძლებლობას მათი ფოტოები გაუზიარონ „ლომოგრაფის“ დიდ ოჯახს და ფირით დაინტერესებულ ჯგუფს.

ფოტოგრაფი: disdis

M: როგორ წარმოგიდგენიათ „ლომოგრაფის“ განვითარების შემდეგი ეტაპი?
ჩვენ არ ვართ კლასიკური მაღაზია, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს ყიდის, ჩვენ გვინდა, რომ ამ პლატფორმით „ლომოგრაფის“ იდეა გავუზიაროთ საზოგადოებას, გავაერთიანოთ ფირის მოყვარულთა ჯგუფი და მათთან ერთად განვახორციელოთ ფოტოგრაფიისა და ფირის ფოტოგრაფიის პოპულარიზაციის ღონისძიებები. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა შემეცნებითი პროექტის განხორციელება, ასევე გვინდა, რომ მალევე გვქონდეს გასამჟღავნებელი სივრცე, რომ სრული სერვისი შევთავაზოთ მომხმარებლებს – ფირიდან ფოტოს ბეჭდვამდე. გეგმები ბევრი გვაქვს, რაც გვახარებს.

ფოტოგრაფი: adi_totp

ჰოლანდიელი ხელოვანის სოლო გამოფენა თბილისის არტ ვიტრინაში, ნებისმიერი გამვლელისთვის!

კარიერულ მიღწევებად ქცეული ბავშვობის შიში – სოფო ბალავაძის გზა კომუნიკაციების სფეროში