in

ლონდონში ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება

ლონდონი ქართული ღვინის ფესტივალისთვის ემზადება. ღონისძიება, 8 ნოემბერს, ლონდონის Canal Museum-ში გაიმართება. სტუმრები გაეცნობიან ქვევრის ღვინის 8000 წლიან კულტურას, რომელიც UNESCO-მ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ფესტივალს მასპინძლობენ ქართული ღვინის ბრიტანელი იმპორტიორები და ქართული სათვისტომო დიდ ბრიტანეთში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ღვინის კომპანიები: Taste of Georgia, 8000 Vintages, GvinoUK და ქართული ქეთერინგი Walnut & Spice. ასევე, Artisan Cru, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქვევრის ღვინოს წარმოებით არის დაკავებული.

ქართული ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 ქართული ქარვისა და ქვევრის წითელი ღვინის, ასევე, ბრიტანეთში დაყენებული ქვევრის ღვინის ოთხი სახეობა და ქართული კანაპე. ღონისძიების გასართობ ნაწილში სტუმრებს ელით ქართული მუსიკა და ცეკვები.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იქნება ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, რომელიც წარადგენს ქართულ ღვინოსა და ქვევრის ღვინის ტექნოლოგიას. სარა არის ქართული ღვინის ექსპერტი და პრომოუტერი. „ქართულ ღვინოს მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა. ბრიტანელმა იმპორტიორებმა და ღვინით მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს ახალი ქართული ღვინოები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. აღნიშნულ დეგუსტაციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი  ქართული ღვინის მრავალფეროვნება წითელი, თეთრი და ქარვისფერი ღვინოების სახით. ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან“ – აღნიშნა სარა ებოტმა ქართული ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან საუბრისას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 68 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ენდე ჩუქების ძალას“

18 ნოემბერს დაგეგმილი სფოთლაითის პროგრამა ცნობილია!