ლონდონის პორტრეტების ეროვნულმა გალერეამ გადაწყვიტა, ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გახსნას კარები საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევის აღსანიშნავად, მუზეუმმა გადაწყვიტა, სრული რებრენდინგი გაეკეთებინა მონოგრამის, ლოგოს, შრიფტისა და ფერთა პალიტრის კუთხით.
Edit Brand Studio-ს კრეატიულ დიზაინერებთან და Boardroom Consulting-ის ბრენდის სტრატეგებთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ შთაგონებისთვის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს და პორტრეტების ძვირფას კოლექციას მიმართა. როგორც ამბობენ, გალერეის ახალი ვიზუალური იდენტობა „უკეთესად ასახავს მის როლს, როგორც ხალხისგან შექმნის და ხალხისთვის არსებულს“ — ის, პორტრეტების საშუალებით, სრულფასოვნად მოგვითხრობს ბრიტანეთის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
რებრენდინგის ფარგლებში ძირითად ორიენტირს მუდმივი, შესაბამისი და მოქნილი იმიჯი წარმოადგენდა. თავის მხრივ, ამგვარი მიდგომა ისტორიულ შენობასა თუ ნამუშევრებს თანამედროვე მოვლენებსა და პროგრამებთან აერთიანებს. რეალურად, პირველი ცვლილება გალერეაში შესვლისთანავე იწყება — აქ ვიზიტორები “NPG” ინიციალებს დაინახავენ, რომელიც შემდგომ მთელ შენობაშია, მათ შორის ლითონის მოაჯირის კონსტრუქციებზე, ჭედურ ავეჯსა და მოზაიკაზეც კი.
ილუსტრატორმა და ტიპოგრაფმა პიტერ ჰორიჯმა ახალი სიმბოლოს ესკიზი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც დაწესებულების პირველი დირექტორის, სერ ჯორჯ შარფის ორიგინალი ვერსია იპოვეს — ასოები ერთმანეთში იყო გადახლართული და წრიული ფორმებით გარშემორტყმული. ჰორიჯმა ახალი ლოგოსთვის, NPG Serif-თან ერთად, Monotype-ის მიერ შექმნილი სრულიად ახალი შრიფტიც გამოიყენა.
ეს დიზაინის ელემენტები, პორტრეტების კოლექციასთან ერთად, გამოყენებული იქნება „ახალი თანამედროვე ფერების პალიტრით“, რომელიც არქივის ფერებითაა შთაგონებული. „არქიტექტურულ ხედვაზე დაყრდნობით, ჩვენი ბრენდის ახალი იდენტობა გალერეის მდიდარ მემკვიდრეობას ასახავს. ამავდროულად, ამიერიდან თანამედროვე ადამიანებისთვის მეტად აქტუალურებიც გავხდებით“, — განმარტავს ნიკოლას კულინანი, პორტრეტების ეროვნული გალერეის დირექტორი.