ლონდონის „არსენალი“ ახალ სოციალურ პროექტს იწყებს. „მეთოფეების“ მარკეტინგის გუნდისა და ადიდასის გაერთიანებით, დედაქალაქელები უახლოეს სათასო დაპირისპირებაზე ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებენ. კლუბი, ისტორიაში პირველად, სრულიად თეთრი ფერის ამუნიციით გამოვა მოედანზე. „არსენალმა“ წითელი ფერი ამოიღო და ამით ახალი კამპანია დაანონსა, რომლის მიზანიც დანით ჩადენილი დანაშაულების მიმართ ცნობიერების ამაღლება და შემთხვევების კლებაა.
anti-knife – ეს არის აღნიშნული აქციის სახელი, ფორმიდან წითელი ტრადიციული ფერის ამოღება კი კლუბმა შემდეგნაირად ახსნა – No More Blood. ბოლო წლის განმავლობაში, ინგლისში დანით ჩადენილი თავდასხმების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. მათ შორის, ხშირი იყო შემთხვევები არასრულწლოვნებს შორის, რომელთა უმეტესობაც ტრაგიკულად დასრულდა.
„გულშემატკივრები დაიწყებენ შეკითხვების დასმას, რატომ სულ თეთრი ფერი? სად წავიდა წითელი? შემდეგ მიიღებენ ინფორმაციას, უფრო ჩაეძიებიან და ასე გვინდა ცნობიერებისა და მოსაზრებების ფორმირება. ეს პრობლემა თითოეულ ჩვენგანს ეხება. გვინდა, რომ მის მოსაგვარებლად ჩვენი წვლილი შევიტანოთ. კლუბი გაგებით ეკიდება სოციუმში არსებულ ამ პრობლემას და გვსურს, ჩვენი სიტყვა ვთქვათ,“ – ამბობს ლონდონის არსენალის მარკეტინგის მენეჯერი.
სიახლემ გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. სამწუხაროდ, გუნდის გადაწყვეტილებით, ფორმები რეალიზაციისთვის ჯერ არ გამოვა. ის არ გაიყიდება არც ონლაინ და არც ფიზიკურ მაღაზიებში. იმ ფორმებს კი, რომლითაც ფეხბურთელები იასპარეზებენ, საჩუქრად ის ადამიანები და ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც გასულ წელს ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ცდილობდნენ.
„კლუბის ინიციატივა ძალიან მოგვეწონა და გავერთიანდით. ფორმა დიდ იდეას ატარებს, მის უკან პრობლემების მოგვარების სურვილია დაშიფრული, ასევე ის ვიზუალურად ძალიან ლამაზი და ეფექტურია. ვაფასებთ კლუბის ამ ნაბიჯს, ვფიქრობთ რომ ამ პრობლემის მოგვარების ირგვლივ სხვა კლუბებიც უნდა გაერთიანდნენ“, – აცხადებს ადიდასის წარმომადგენელი ტომ როჩდეილი.
სათასო შეხვედრაში ლონდონის არსენალი “ემირათ სთეიდიუმზე” ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდება.