in

რთული არჩევანი გრძელვადიან სამსახურსა და რაღაც ახლის დაწყებას შორის

ისეთი სამსახურიდან წასვლა, სადაც კარიერის უმეტესი დროის მანძილზე მუშაობდით, რთულია – ერთი მხრივ, სასიამოვნოა წარმატებით დასრულებული ეტაპი, მეორე მხრივ, ცხოვრების ახალ ფაზაში გადასვლის დროა.

დატოვოთ სამსახური, სადაც წლების ან ათწლეულების განმავლობაში მუშაობდით, რათა დაიწყოთ საკუთარი საწარმო ან წახვიდეთ სხვა კომპანიაში, გახლავთ სრულიად განსხვავებული ემოციური და პრაქტიკული გამოცდილება.

ეს შეიძლება იყოს სწორი ნაბიჯი თქვენი ცხოვრებისა და კარიერისთვის, მაგრამ გარდამავალი ეტაპი შეიძლება იყოს გაურკვეველი. შეიძლება უცნაური სევდიანი შეგრძნებები დაგეუფლოთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ, როდესაც ფიქრობთ ისეთი კომპანიის დატოვებას, სადაც თქვენი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარეთ.

განხილვა და ყოყმანი

პირველი გამოწვევა, რომელსაც სავარაუდოდ წააწყდებით, არის ყოყმანი – „დავრჩე თუ წავიდე?“. ეს მახეა. ბევრი პროფესიონალი წლებს ატარებს დიდ დროს ამ გაორებაში, დატოვოს თუ არა თავისი დიდი ხნის სამსახური. სამწუხაროდ კი, ტოვებს მხოლოდ მაშინ, როცა მიაღწევს უკმაყოფილების იმ დონეს, რომელიც აუტანელს ხდის იქ მუშაობას.

ამის ნაცვლად, იპოვეთ მცირე გზები იმ წინაპირობის შესამოწმებლად, რომლის შესწავლაც გსურთ („მომეწონება თუ არა პროფესიონალური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობა?“) და გქონდეთ მზაობა ექსპერიმენტირებისთვის. ჯერ მოსინჯეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ისწავლეთ, გადადგით ნაბიჯი, ისევ მოსინჯეთ, ისევ ისწავლეთ და არ იფიქროთ პერფექციონისტულად.

დანაშაულის გრძნობა

გასაგებია, რომ თქვენ დაამყარეთ ნდობა და ურთიერთობა თქვენს კოლეგებთან დროთა განმავლობაში. ეს გარემოება ორიენტირებულია ასეთი წინაპირობის გარშემო: მათ შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ. ახლა კი ისეთ დროს მიდიხართ, სავარაუდოდ გრძელვადიანი პროექტების შუაში, სადაც თქვენი წვლილი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი.

ბევრი პროფესიონალისთვის ბუნებრივია, რომ დანაშაულის გრძნობა იგრძნოს გუნდთან დამშვიდობებისას. კომპანიაში მხოლოდ რამდენიმე წელი თუ დაყავით, ცოტას გაუკვირდება, რომ წინსვლა გადაწყვიტეთ. ამასთან, თუ ორგანიზაციაში საკმარის დროს გაატარებთ, ადამიანები – შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად – ნეგატიურად შეხვდებიან თქვენს წასვლას.

სტატუსის დაკარგვის შიში

კიდევ ერთი ხშირი პრობლემა არის პროფესიული აღიარების დატოვება – და ეგოს ვალიდაცია, რაც თქვენს პოზიციას ახლდა.

როდესაც ნატალი ფიქრობდა დაეტოვებინა თავისი დიდი ხნის აკადემიური კარიერა მეწარმეობისთვის, მან გააცნობიერა, რომ მისი ყოყმანის დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო მის, როგორც პროფესიონალის იდენტობასთან – სტატუსთან, რომლის მისაღწევადაც ბევრს შრომობდა. თქვენი ეგოს რეფლექსის ამოცნობა და მისი გაშვება დაგეხმარებათ ახალი ტერიტორიის შესწავლაში.

ადაპტაციის საჭიროება

თქვენი კიდევ ერთი საზრუნავია თქვენი შესაძლებლობების ადაპტაცია საქმის კეთების ახალ გზებთან, ან ამოუცნობ ჩვევებთან, ბრმა წერტილებთან, რომლებიც მოულოდნელად ვლინდება.

მაგალითად, თუ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით დიდ კორპორაციულ გარემოში, შეიძლება დაეყრდნოთ იქაურ რესურსებსა და ბიუჯეტს საქმის საკეთებლად. ხოლო თუ აპირებთ შეუერთდეთ უფრო მცირე არაკომერციულ ორგანიზაციას ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, მაშინ აუცილებელი იქნება უნარი გახდეთ უფრო მრავალმხრივი და შემოქმედებითი ამ თვალსაზრისით.

თქვენი ახალი კოლეგების აღქმა

მიუხედავად იმისა, სამართლიანია თუ არა – ახალმა კოლეგებმა შეიძლება თქვენი უნარები მოძველებულად ან ვიწროდ მიიჩნიონ. ამ რისკის შესამცირებლად, იფიქრეთ ქცევებზე, რომელთა ხაზგასმაც გსურთ (მაგალითად, აქ იგულისხმება სურვილი ისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები ან სისტემები).

საპირისპირო ემოციების დაბალანსება

ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროფესიული გზა იყოს აღმავალი. მაშინ, როდესაც ტოვებთ კომპანიას, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდით – მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ემოციების მოზღვავება იქნება, ეს იქნება სასიამოვნო ეიფორიაც და მწუხარებაც. აღფრთოვანებული იქნებით ახლის სწავლის, აღმოჩენისა და იმ თავგადასავლების გამო, რაც გელით. ასევე სავარაუდოა, რომ შეიძლება იგრძნოთ სევდა და შიში. რა მოხდება, თუ მარცხს განიცდით? რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ არც ისე ძლიერი ხართ ახალ წამოწყებაში? სწორედ ამ კონტრავერსული ემოციების დაბალანსება შედის თქვენს ახალ მიზნებს შორის.

წყარო: HBR



Adidas-მა ეტლით მოსარგებლე კალათბურთელებისთვის უნიფორმა შექმნა

ვენის შუაგულში გახსნილი პატარა მაღაზიის დიდი ისტორია – Julius Meinl