დღეს, ერთ-ერთ უმსხვილეს ციფრულ პლატფორმაზე უნდა გიამბოთ, რომელსაც 14 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, $1.5 მილიარდად არის შეფასებული და 200,000-ზე მეტ ბიზნესს ემსახურება. Loom-ით შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანაწერი თქვენი კამერის, მიკროფონისა და დესკტოპის ეკრანის დახმარებით. ჩაწერის შემდეგ, თქვენი ვიდეო მომენტალურად იქნება ხელმისაწვდომი გასაზიარებლად, პლატფორმის სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით. თქვენ დილის გემრიელი ყავა მოიმზადეთ, ჩვენ კი Loom-ზე გიამბობთ.
Loom-ს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს. სანამ სტარტაპის ერთად წამოწყებას გადაწყვეტდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა – ვინეი ჰირემათმა – კოლეჯში სწავლა მიატოვა და სტარტაპების ინტერესით კალიფორნიაში, პალო ალტოში გადავიდა. ეს მისთვის დიდი ცვლილება იყო, რამაც სტარტაპ სამყაროსკენ გაუხსნა გზა. სამი წლის შემდეგ, მან საკუთარი ბიზნესიდეა წამოიწყო, რომელსაც დღეს Loom-ის სახელით ვიცნობთ.
თანადამფუძნებლები ვინეიმ ეტაპობრივად იპოვნა – ჯოუი თომასი და შაჰედ ხანი. 2015 წელს, გადაწყვიტეს ერთად ეშენებინათ კომპანია, რომლის პლატფორმის საშუალებითაც ადამიანებს მომენტალურად შეეძლებოდათ ვიდეოშეტყობინებების გამოქვეყნება. დამფუძნებლები საკუთარი რესურსებით მუშაობდნენ, რომ წარმატებული პროტოტიპი და ხარისხიანი პროდუქტი შეექმნათ. დღესდღეობით, პლატფორმა წარმატებულია, თუმცა ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაში ვერავინ გაიგო მისი ტრაექტორია. ვინეიმ საკუთარი საკრედიტო ლიმიტი თითქმის მთლიანად ამოწურა და მალე ხელსაც ჩაიქნევდა, მაგრამ ასე რომ მოქცეულიყო, $200 მილიონიან ინვესტიციას გაუშვებდა ხელიდან ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Sequoia, Andreessen Horowitz და Kleiner Perkins.
როდესაც გარკვეული რაოდენობით მომხმარებლების დაგროვება შეძლეს, Loom-ის გამოწვევად მათთვის კარგი გამოცდილების შექმნა იქცა. ყურადღებით უსმენდნენ მომხმარებლების უკუკავშირს, იკვლევდნენ, თუ რა ფუნქციებზე ჰქონდათ მოთხოვნა. გუნდი ხვდებოდა, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილი იყო. შედეგად, მათთვის პრიორიტეტები ასე დალაგდა: უნდა შეექმნათ ფუნქცია, რითაც მომხმარებლებს შეტყობინების გაგზავნა შეეძლებოდათ ვიდეოს ყურებისას. ასევე, მუდმივად უნდა გაეუმჯობესებინათ ჩამწერის სიჩქარე/პერფორმანსი და შემოეკრიბათ ბრწყინვალე გუნდი.
ტოპ-ტალანტების მოსაზიდად კი დიდი შრომა დასჭირდათ. ვინეის დღეში 200-300 ადამიანთან ჰქონდა ხოლმე კომუნიკაცია. გასაუბრება ძალიან ხანგრძლივად მიმდინარეობდა. კანდიდატებისთვის უნდა აეხსნათ Loom-ის პრინციპი და ამავდროულად, მათი საჭიროებები გაეგოთ, რათა კონკურენტული პირობები შეეთავაზებინათ. სწორედ მძლავრი გუნდის შემოკრება დაეხმარა კომპანიას მკვეთრად გაეზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. ეს ზრდა კიდევ უფრო მოქნილი ფუნქციონალის შექმნის წინაპირობად იქცა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.