მართალია, ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ასე გენეტიკოსებმა დაავადებებისადმი მდგრადი ლოქო შექმნეს და ის ერთ დღეს ჩვენი კვების რაციონის ნაწილიც კი შეიძლება გახდეს. ნაშრომში აუბურნის უნივერსიტეტის მკვლევრები ამაზე დეტალურად საუბრობენ: როგორ ამოიღეს კათელიციდინის გენი ნიანგიდან და როგორ ჩაუსვეს იგი ლოქოს…
შეგახსენებთ, რომ კათელიციდინი ძირითადად ნაწლავებში გვხვდება და ანტიმიკრობულ პეპტიდს წარმოადგენს, შესაბამისად, ორგანიზმს დაავადებებთან გამკლავებაში ეხმარება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფერმაში მოშენებულ თევზზე მოთხოვნა იზრდება, სადაც სივრცის ნაკლებობის გამო ძალიან სწრაფადაც ვრცელდება დაავადებები და უმრავლესობაზე არც ანტიბიოტიკები მოქმედებს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია… კონკრეტული გენი კი ლოქოს CRISPR-ის დახმარებით შეუყვანეს, რამაც თევზი დაავადებებისადმი მეტად მდგრადი გახადა. მეტიც, თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ველურ ლოქოსთან შედარებით, მისი გადარჩენის მაჩვენებელი 2-5-ჯერ მეტია.
იმის გამო, რომ მათ კათელიციდინი რეპროდუქციული ჰორმონის გენშიც დაამატეს, ლოქოს რეპროდუქციის უნარიც შეიზღუდა, რაც, როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანი იყო, რათა ჰიბრიდული და ველური ლოქოების დაწყვილება თავიდან აეცილებინათ. მართალია, კვლევა ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ გენეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ამ მეთოდს ლოქოს მოშენების სხვა ტექნიკებთან ერთადაც გამოიყენებენ…