L’Oréal ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიაა მსოფლიოში, რომელსაც ყველა იცნობს. მან შექმნა ორი უმდიდრესი ქალის ისტორიაც: ლილიან ბეტანკურისა და მისი ქალიშვილის, ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსის. გარდაცვალებამდე, 2017 წელს, 94 წლის ასაკში ლილიანი იყო L’Oréal-ის ერთადერთი მემკვიდრე. ლილიანის გარდაცვალების შემდეგ ფრანსუაზამ თავის თავზე აიღო საოჯახო ბიზნესი.
ბრენდის დაბადება
ლილიანის მამა ევგენი შუელერი იყო ქიმიკოსი და მუშაობდა ლაბორატორიაში. ერთხელ მას დიდი სადალაქოს მეპატრონე ეწვია და სინთეზური თმის საღებავის შექმნაში დახმარება სთხოვა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგი ქალები რეგულარულად არ იღებავდნენ თმას, ძირითადად იმიტომ, რომ იმდროინდელ ტოქსიკურ საღებავს ჰქონდა ტყვიის მაღალი შემცველობა, რომელიც აღიზიანებდა თავის კანს. შუელერი დაინტერესდა და დათანხმდა, რომ ყოფილიყო დალაქის ტექნიკური მრჩეველი, პარალელურად კი, თავის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების კეთება დაიწყო.
1909 წლისთვის მან წარმატებული ფორმულა შეიმუშავა და დააარსა Société française de teintures inoffensives pour cheveux, თმის საღებავების ფრანგული კომპანია. მან მალევე შეცვალა თავისი ახალბედა კომპანიის სახელი L’Oréal-ით.
ბრენდის ზრდა და კავშირი ნაცისტებთან
შუელერი დააკვირდა, რომ შვებულებების პერიოდში, ზაფხულობით, ბევრი ადამიანი მიემართებოდა ზღვისკენ. ამით მას გაუჩნდა იდეა, ეწარმოებინა მზისგან დამცავი კრემები, Ambre Solaire, რითაც მისი გაყიდვები გაიზარდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შუელერის კავშირმა გერმანელებთან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი ქონების ზრდაში. 1940 წლიდან 1944 წლამდე L’Oréal-ის გაყიდვები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
თუმცა სიტუაცია შეიცვალა ომის შემდგომ. ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო შუელერს ბევრი აუჯანყდა და მას სანქციები დაუწესეს, მაგრამ შუელერს აღმოაჩნდა მტკიცებულებები, რომ ომის დროს რამდენიმე ებრაელი შეიფარა და თავის კომპანიაში ამუშავებდა. საბოლოოდ, მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოხნილი იქნა.
1957 წელს შუელერი გარდაიცვალა.
შემდეგი თაობა
შუელერის ერთადერთი მემკვიდრე მისი ქალიშვილი, ლილიანა იყო. ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ის L’Oreal-ში შეგირდად მიებარა და მამის საქმიანობას სწავლობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო კომპანია.
ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ბრენდის განვითარებაში და 2012 წლის თებერვლამდე საბჭოს დირექტორიც იყო. ლილიანის კომპანიის სათავეში ყოფნის წლებში ბიზნესი გაფართოვდა სხვა კომპანიების შეძენით. ლილიან ბეტანკურს ხშირად ლორეალის იმპერიის მატრიარქსაც უწოდებენ.
1970-იანი წლები
აღმასვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იყო ბრენდისთვის. ათწლეულის დასაწყისში კომპანიამ ჩამოაყალიბა ახალი მენეჯმენტის სტრუქტურა, შექმნა ახალი ოპერატიული განყოფილებები და უფრო გლობალურად დაიწყო გაფართოება. ის თანამშრომლობდა სხვადასხვა სამოდელო სახლთან და ჟურნალთანაც.
L’Oréal დღეს
დღესდღეობით კომპანია აწარმოებს 500-ზე მეტ ბრენდს და ათასობით პროდუქტს, მათ შორის თმის საღებავს, კოსმეტიკას მაკიაჟისთვის, ტანისა და კანის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს. ის შეურთდა ბევრ სხვა კომპანიას, როგორებიცაა: The Body Shop, NYX Cosmetics, Carol’s Daughter და სხვა. კომპანიის ძირითად წილს კი ისევ ბეტანკურების ოჯახი ფლობს.
მისი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი 2006 წლიდან არის ჟან-პოლ აგონი, რომელსაც აქვს ერთი მისია – „სილამაზე ყველასთვის”. ბიზნესის გარდა კი, L’Oréal გამოირჩევა ახალი ინიციატივებითა და სოციალური პასუხისმგებლობით.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი