27
Apr
2018

რას ნიშნავს, იყო კარგი უფროსი?!

27 Apr 2018

მეც, შენც და, ალბათ, ყველას გვინდა, საუკეთესო ხელმძღვანელები ვიყოთ. თითოეული ჩვენი თანამშრომელი თვლიდეს, რომ ყველაზე კარგ ორგანიზაციაში მუშაობს და იდეალური თუ არა, მასთან მიახლოებული უფროსი ნამდვილად ჰყავს. სანამ ასეთ ოცნებებში ვართ, შესაძლოა, ზუსტად ამ მომენტში ჩვენი რომელიმე თანამშრომელი კომპანიიდან უკანმოუხედავად გარბოდეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოიდგინეთ, ადამიანი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, ცდილობს, საქმეში თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს და შედეგიც შესაბამისი აქვს. მაგრამ, შემდეგ პიკს აღწევს და კონკრეტულ პოზიციაზე შეუძლებელია, ამაზე მეტად განვითარდეს. რაღაც ახალი უნდა რომ ისწავლოს და წინ წავიდეს. და რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ, ხელმძღვანელები? არაფერს. ის ხომ პროფესიონალი და სუპერ პროდუქტიულია, ყველაფერს უნაკლოდ ასრულებს. შესაბამისად, არც ვფიქრობთ, სხვა პოსტი და უფლება-მოვალეობები შევთავაზოთ, ახალი შესაძლებლობები მივცეთ.

როგორც ბიზნეს მოაზროვნე უითნი ჯონსონი წერს, ზუსტად აქ ვცდებით. ჭკვიანი და გამოცდილი პროფესიონალი ერთ წრეზე დიდხანს არ იტრიალებს. ძალიან მარტივად ადგება და წავა:

„ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვიყავი, დაახლოებით, 10 წლის წინ. 8 წელი ვიმუშავე Merrill Lynch-ში. საკმაოდ დიდი მიღწევები მქონდა, როგორც ანალიტიკოსს. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, მიხვდი, რომ ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. ყოველთვის მომწონდა მენტორობა და ქოუჩინგი. ამიტომ, აღმასრულებელ ხელმძღვანელობას მენეჯმენტის რგოლში გადაყვანა ვთხოვე. სამწუხაროდ, არანაირი მხარდაჭერა არ მიმიღია. ჩემთვის ახალი შესაძლებლობების მოცემაზე არც უფიქრიათ – სადაც ახლა ხარ, ზუსტად მაგ პოზიციაზე გვჭირდები და მოგვწონხარო. Merrill Lynch-ში ამ ამბიდან ერთი წელიც აღარ გავჩერებულვარ.

სამწუხაროდ, მე არც პირველი ვიყავი და არც – უკანასკნელი. თითქმის, ყველა კომპანიაში დღესაც იგივე ხდება, რასაც საბოლოოდ, ჩვენი დრო და ფინანსები ეწირება. მაგრამ იმ მიუღებელ გარემოში რომ დავრჩენილიყავი, დამიჯერეთ, ჩემი, როგორც პროფესიონალის ღირებულება უფრო დაეცემოდა. როცა ადამიანი ვერ ვითარდება, აღარც პროდუქტიულია, ეს კი მის პოტენციალს ანადგურებს.

როდესაც თანამშრომელი ვეღარ იზრდება, აზრს კარგავს კონკრეტული სამუშაო. თუ ჩვენ, მენეჯერები მათში ინვესტიციას არ ჩავდებთ, შედეგი პირდაპირპროპორციული იქნება – ასეთი თანამშრომელი ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ კომპანიაში ყველა, თქვენი ჩათვლით, არასწორად მოქმედებს. თითოეულს, ვინც ახალ შესაძლებლობებს ითხოვს, უნდა მივცეთ შანსი. ასეთ შემთხვევაში, პრობლემები სწრაფად მოგვარდება, თანამშრომლები კი უფრო პროდუქტიულები, შრომის უნარიანები და თავდაჯერებულები იქნებიან. და რა მოჰყვება ამას? თუ აქამდე არსებული ბარიერები დაუძლეველი გვეგონა, ნელ-ნელა შევატყობთ, რომ ყველაფერი ლაგდება. საერთოდ, მგონია, რომ ნებისმიერი პროფესიონალი, ერთ პოზიციაზე, მაქსიმუმ, 4 წელიწადში სრულად ამოწურავს თავს და თუ შემდეგაც იმავე ადგილზე, იმავე საქმის კეთება უწევთ, ეს უკვე ერთი ადგილის ტკეპნაა.

აი, მაგალითად ჩემი კარიერა რომ ავიღოთ: ნიუ იორკში ახალგამომცხვარი მუსიკოსის დიპლომით ჩამოვედი. ერთი ჩვეულებრივი პიანისტი ვიყავი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა ჯაზი. მაგრამ მალე „უოლ სტრიტმა“ „დამატყვევა“ და დავიწყე კიდეც იქ მუშაობა. 1980-იან წლები იყო. ჯერ მდივნად მოვეწყვე ერთ-ერთ საფინანსო კომპანიაში. პარალელურად, საღამოს სკოლაში ჩავაბარე, რომ ინვესტირება მესწავლა. რამდენიმე წელიწადში, ჩემმა უფროსმა მომცა შანსი, რომელიც ასე მჭირდებოდა – საინვესტიციო ბანკირის პოზიციაზე გადამიყვანა. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი შესაძლებლობა იყო ჩემთვის. თუმცა, ზრდა და განვითარება არ შემიწყვეტია – რამდენიმე წლის შემდეგ, ანალიტიკოსი გავხდი. არც ამით დავკმაყოფილებულვარ. თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორის რანგისათვის მიმეღწია.

სულ თავიდან, იმითიც ბედნიერი ვიყავი, „უოლ სტრიტზე“ მდივნად რომ დავიწყე მუშაობა. ზუსტად ასევე მიხაროდა, როდესაც ჯერ საინვესტიციო ბანკირი, შემდეგ კი ანალიტიკოსი გავხდი. იმის მიუხედავად, რომ სამივე პოზიციაზე ნულიდან მომიწია ყველაფრის სწავლა, მოვახერხე და პროგრესს მივაღწიე, ნელ-ნელა პროფესიონალი გავხდი. შემდეგ ეს საქმეც მომწყინდა და ახლის ძიება დავიწყე. ასეა, რაც არ უნდა კარგი სამსახური გვქონდეს და  საყვარელ საქმეს ვაკეთებდეთ, დროთა განმავლობაში, ტვინი სიგნალს გვაძლევს –  რაღაც ახალს ითხოვს. ჩვენც ვიწყებთ ძიებას და საბოლოდ ვპოულობთ იმას, რასაც გული და გონება ეძებდა. თუ ამას ვერ ვახერხებთ, თავს ცუდად ვგრძნობთ. ადამიანი ასეა მოწყობილი – სწავლა მხოლოდ სკოლის ასაკში  ან ახალგაზრდობაში კი არა, მთელი ცხოვრების მანძილზე სურს. როდესაც ვსწავლობთ, ტვინი სრული დატვირთვით მუშაობს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს გამოიმუშავებს. კარგი იქნება, თუ ამას ყველა ხელმძღვანელი დაიმახსოვრებს და გაითვალისწინებს.

სტატისტიკის მიხედვით, კომპანიის თანამშრომელთა, დაახლოებით, 15% დაბალ რგოლზეა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახლა სწავლობენ და თავიანთი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. 70%-მდე საშუალო რგოლს წარმოადგენს. ისინი უკვე შემდგარი პროფესიონალები არიან და, ასე ვთქვათ, ტკბებიან თავიანთი მიღწევებით. დანარჩენი 15% კი უმაღლესი რგოლია. აი, აქ იწყება უკვე სიახლისკენ სწრაფვა. ამ სამიდან, თითოეულ ეტაპზე, როგორც კი მაქსიმუმს ვაღწევთ, აუცილებლად მომდევნო საფეხურზე უნდა გადავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ჩვენ და შესაბამისად, ვერც კომპანია, უბრალოდ ვერ ვიმუშავებთ.

მთელ ამ პროცესში, ორივე მხარე მუდმივად რაღაცას ვსწავლობთ, რაღაცისკენ ვისწრაფვით – თანამშრომლებს ახალი გამოწვევები და განვითარება სჭირდებათ, ჩვენ, ხელმძღვანელობას კი კომპანიის წარმატება“.

წყარო: Harvard Business Review



განხილვა