30
Mar
2014

Lost – გასართობი ცენტრი „ფორტ ბოიარდის“ თამაშით

30 Mar 2014

Startauperi
Startauperi


გასართობი ცენტრი „Lost“-ი ძირითადად, 8 წლიდან მოზარდებისთვისაა. მთავარი თამაში „ფორტ ბოიარდია“. ჯერ–ჯერობით, არ ჰყავთ ცხოველები, მწერები, ბრძენი. თუმცა, არის განსხვავებული სირთულის დაბრკოლებები.

lost

„ლოსთის“ პიარ მენეჯერი ეკო მუჯირი ამბობს, რომ ოთახებში დაბრკოლებებიც სხვადასხვა ასაკის შესაბამისია. ზოგიერთი მათგანი საკმოად რთულია. სულ 8 ოთახი გვაქვს. ზოგან რამდენიმე დაბრკოლებაა. სულ 14 დაბრკოლება. მათი სიძნელე ასაკობრივადაა გათვლილი. მონაწილეები ბარიერების გადალახვით, ცდილობენ გასაღებების მოპოვებას. თითოეული ოთახის თავგადასავალი ერთ ან ორ წუთიანია. შეგროვებული გასაღებებით ყრიან ოქროს, რომელიც იწონება და რაოდენობის მიხედვით ვაძლევთ გამარჯვებულ გუნდს საჩუქარს. თუ დაბადების დღეა, პირდაპირ იუბილარს ვასაჩუქრებთ. ამასთან, გვაქვს კარაოკე, ცეკვები, გვყავს ანიმატორები.

რა ასაკის ბავშვებისთვისაა ეს ცენტრი?

ძირიდად, 8 წლიდან. ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. 16 წლის მოზარდის დაბადების დღეც გვქონია. ყველაზე პატარა, ვფიქრობთ, 8 წლის ასაკიდან დაძლევს ამ დაბრკოლებებს. მაქსიმალური ასაკი არ არის განსაზღვრული. სახელიც აქედან გამომდინარე შევარჩიეთ. უფრო დიდებისთვისაა. თანაც, „ლოსთი“ ინტერესსაც იწვევს.

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს დაბადების დღის გადახდის გარდა?

პირველ რიგში, ჩვენთან შესაძლებელია დაბადების დღის გადახდა. უფრო მეტად მოთხოვნა სწორედ ამაზეა. ასევე გვაქვს ინდივიდუალური თამაშები. შესაძლებელია, შეიკრიბონ მეგობრები და გაიარონ ეს დაბრკოლებები. გვინდა, სამომავლოდ სკოლებს შორის შეჯიბრებებიც მოვაწყოთ. თუმცა, ამ ეტაპზე რაც გვაქვს, ესაა დაბადების დღეები, მათ შორის დიდებისთვისაც, იხდიან კორპორატიულ ღონისძიებებს.

რატომ გადაწყვიტეთ ასეთი ცენტრის გახსნა?

თბილისში არ არსებობდა ამ სეგმენტზე, „თინეიჯერებზე“ გათვლილი გასართობი ცენტრი. ვინც „ლოსთი“ დააფუძნა, ამ ასაკის შვილები ჰყავთ. უჭირდათ არჩევანის გაკეთება, სად გადაეხადათ მათთვის დაბადების დღე. ჩვენთან, ძირითადად, პატარა ბავშვებისთვის არის მსგავსი ცენტრები. ბოლოს მივედით ამ დაკსვნამდე, რომ აუთვისებელი სეგმენტის შევსება კარგი იქნებოდა.

დაინტერესება თუ არის?

დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყველა მოსული სტუმარი ამბობს, რომ ასეთი რამ არ უნახავთ სხვა ცენტრებში. ხშირად დაბადების დღეზე მოსული სტუმარი თავადაც აქ აღნიშნავს იუბილეს.

თუმცა, დღეს „ლოსთი“ არც ისე ცნობილია . . .

ცენტრი სამი თვეა, რაც გაიხსნა. გვქონია რეკლამაც, მაგრამ გრანდიოზული, ანუ სატელევიო რეკლამა – არა. ნელ–ნელა, დახვეწის პროცესში ვართ.

ქალაქში ბევრი დაბადების დღის ცენტრია. საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რატომ გაამართლებს „ლოსთი“?

პირველ რიგში, ვცდილობთ, ზუსტად დავიჭიროთ ჩვენი ნიშა და სერვისი მაქსიმალურად მოვარგოთ შერჩეულ სეგმენტს. გარდა ამისა, არის ახალი, განსხვავებული და არ არის მოსაბეზრებელი. რაც ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენთან ისინი სხვა სამყაროში გადადიან. მათთვის ძალიან საინტერესოა.

ფასები როგორია და ბავშვების რაოდენობა თუ არის შეზღუდული?

ფასები განსხვავებულია იმის მიხედვით, რა სერვისებს აირჩევ. მენიუ ჯდება გარკვეული თანხა და ამას დამატებული თამაში. ერთი დაბადების დღე, საშუალოდ, 400 ლარი, შესაძლოა იყოს 500 ლარამდე. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, თამაში რომ შედგეს, საშუალოდ, 20 ბავშვი უნდა იყოს.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

რასაც ახლა ვთავაზობთ მომხმარებელს, რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა, უკვე მოსაბეზრებელი გახდეს. ოთახებსა და დაბრკოლებებს შევცვლით. თუმცა, ამას მომავალი გვაჩვენებს რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. რა მოთხოვნაც იქნება, ისე გავიზრდებით ჩვენც. გვინდა, „ლოსთი“ გახდეს ერთგვარი ბრენდი. გვყავს ჯუჯაც, რომელიც თამაშ „ფორტ ბოიარდის“ განუყოფელი წევრია. თუმცა, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დავამკაყოფილოთ სტუმრების მოლოდინი და აქედან გასული მშობელიცა და ბავშვიც კმაყოფილი იყოს.

როგორც ბიზნესი, მომგებიანია?

ჯერ ძალიან „ახალია“ საიმისოდ, რომ მის მომგებიანობაზე ვისაუბროთ. დროთა განმავლობაში, გამოჩნდება. ახლა რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ნამდვილად არის მოთხოვნა. „ლოსთი“ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი კარგი დაბადების დღის ცენტრია.

7864b05d-c639-4c53-a275-247b229e7e3d

e1207c8a-612c-42c4-8b0a-821cf191de13

f03ebaa2-ac9a-4f01-8522-ec4b7c5d1c70

განხილვა