in

როგორ მოვიქცეთ, თუ ინტუიციის შესუსტებას ვგრძნობთ

ხელმძღვანელებს ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება უწევთ, იქნება ეს ხარჯების შემცირება, რეკლამის მიმართულების არჩევა, ახალი პროექტების განსაზღვრა თუ სხვა. რა თქმა უნდა, ისინი ეყრდნობიან მონაცემებს, რათა არჩევანი ინფორმირების საფუძველზე გააკეთონ. სამწუხაროდ, მონაცემები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით სწრაფად ცვალებად ან გაურკვეველ სიტუაციებში. ასეთ დროს, ლიდერი მიმართავს ინტუიციას, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა გამოცდილებით.

რა ხდება, თუკი ინტუიცია გღალატობთ? ლიდერისთვის, რომელიც უკვე მიჩვეულია ინტუიციის არსებობას და მას რთულ სიტუაციებში მოქნილად იყენებს ხოლმე, ეს დიდი დისკომფორტია. ინტუიციის ღირებულება ნათელია: კვლევებმა აჩვენა, რომ ინტუიციის ანალიტიკურ აზროვნებასთან დაწყვილება გეხმარებათ მიიღოთ უკეთესი, სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებები და უზრუნველყოფს მეტ ნდობას არჩევანის მიმართ, ვიდრე მხოლოდ ინტელექტზე დაყრდნობის შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით ეხება იმ მომენტს, როცა ზედმეტად ფიქრობ ან არ არსებობს ერთი მკაფიო, „სწორი“ ვარიანტი.

ინტუიციის დაქვეითება რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს. ხშირად, ეს გადაღლილობის შედეგია, ან სამსახურეობრივი დაძაბულობის, რაც გონებრივ რეზერვებს ამცირებს. განცდამ, რომ ინტუიცია სათანადოდ ვერ გეხმარებათ, შფოთვებიც შეიძლება გამოიწვიოს. მაინც, როგორ აღვადგინოთ კავშირი საკუთარ ინტუიციასთან?

დაეყრდენით საკუთარ გუნდს

„ინტუიციის დაბინდებას“ ერთი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს: შეხსენება, რომ არაა აუცილებელი იყოთ ის, ვინც განახორციელებს ყველა ზარს, მუდმივად. ცადეთ უკან გადადგათ ნაბიჯი და თქვენს გუნდს მისცეთ საშუალება მიიღოს გადაწყვეტილებები დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი გადაწყვეტილებებისგან შესვენებას ორი მთავარი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს გაძლევთ დროს გადატვირთვისთვის. რაც მთავარია, თქვენი გუნდი იძენს პრაქტიკას ორგანიზებასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს გააძლიერონ და გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები. ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ არის ჯანსაღი თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის. დელეგირების დადებითი გვერდითი ეფექტია ის, რომ თქვენ შეძლებთ გააფართოვოთ თქვენი შესაძლებლობები და იფიქროთ უფრო ფართო სურათზე თქვენი გუნდის გარეთ.

გამოყავით მეტი დრო სიმშვიდისთვის

ინტუიცია თანდაყოლილი და დახვეწილი ფენომენია, საკმაოდ ფაქიზი, რის გამოც ზეწოლის ქვეშ ადვილად შეიძლება იგრძნოთ მისი შესუსტება. თქვენს შინაგან ინსტინქტთან დაბრუნების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნათ სივრცე, დღის განმავლობაში მშვიდად დასაფიქრებლად. ასეთ დროს, სასარგებლოა, რომ კალენდარში გამოყოთ შესაბამისი დრო, რომელსაც გეგმების გარეშე გაატარებთ.  თავდაპირველად, ბევრს უხერხულობას უქმნის ეს, მაგრამ დაუგეგმავი დრო  თქვენს ტვინს საშუალებას აძლევს აღიქვას იმპულსები, რომლებსაც სხვა სიტუაციაში ვერ შეამჩნევდა.

შეწყვიტეთ მულტითასქინგი

ჩვენ ხშირად ვასრულებთ ერთდროულად ბევრ ამოცანას. ძალიან ბევრი საქმის ერთდროულად კეთება კი უმოკლესი გზაა ინტუიციის ჩახშობისკენ. როდესაც ტვინი ერთდროულად ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრას ცდილობს, ძნელია გონების მოსმენა და მოვლენებზე სხვა თვალით დაკვირვება. თუ გაქვთ ინტენსიური შეხვედრები, თქვენს კართან რიგი დგას, პრეზენტაციაც დასაწერია და ოჯახიც – გამოსაკვები, რა გასაკვირია, რომ ინტუიცია სადღაც მიმალულია, დაძაბული გონების ლაბირინთებში. გაარკვიეთ, რა შეიძლება ამოიღოთ თქვენი დღის წესრიგიდან, მოკლევადიან პერიოდში. რისი დელეგირება შეგიძლიათ?

გაივარჯიშეთ პატარა გადაწყვეტილებებზე

კიდევ ერთი სტრატეგია არის თქვენი ინტუიციის გამოყენება მცირე გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელსაც ინტუიცია ჰქონდა შესუსტებული, გააცნობიერა, რომ იმ მონაცემებს ეყრდნობოდა ახალი პროგრამისთვის, რომელსაც მისი დეპარტამენტი ქმნიდა. მას მოსწონდა მონაცემები და მოდელები, რომლებსაც მისი გუნდი აწვდიდა, მაგრამ ასევე, მრავალი უცნობი ფაქტორიც იყო ამოსახსნელი. ინტუიციასთან დასაკავშირებლად, მან გამოიყენა მარტივი სტრატეგია: საკუთარ იდეებსა და სტრატეგიებს იქამდე აფასებდა, სანამ მონაცემებს გადახედავდა. ამგვარად, მას ჰქონდა მონაცემთა „უსაფრთხოების ბადე“, რომელიც დაეხმარებოდა და შეეძლებოდა გადაემოწმებინა საკუთარი ინტუიცია. შეგიძლიათ გაავარჯიშოთ საკუთარი ინტუიცია თქვენ მიერ გაცემული რეკომენდაციებით. მაგალითად, თუ გაქვთ ბიუჯეტის სამი ვარიანტი კლიენტისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ინსტინქტი და ეცადოთ გამოიცნოთ, რომელს დაამტკიცებს კლიენტი.

არ იფიქროთ სრულყოფილებაზე

როგორც თეოდორ რუზველტმა თქვა: „გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერ მომენტში, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის სწორი მოქმედება, შემდეგი საუკეთესო რამ არის არასწორი მოქმედება, ხოლო ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის არაფერი”. მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ თქვენი ინტუიცია ვერ სათანადოდ იმუშავებს, მნიშვნელოვანია გარკვეულ მომენტში მიიღოთ გადაწყვეტილებები და დაიწყოთ მოქმედება. ზოგჯერ, მიღებული გადაწყვეტილება უკეთესია, ვიდრე შესაფერისი მომენტის მოლოდინი.

წყარო: HBR



ნდობა მონაცემების ნაცვლად — რას ურჩევს Meta მარკეტერებს?

საინტერესო პოდკასტი l ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება