18
Dec
2018

Lost Tag – პლატფორმა, რომელიც დაკარგულ ნივთებს გაპოვნინებთ

18 Dec 2018

Startauperi
Startauperi


დაკარგული ნივთების ტრაგედია სწორედ ისაა, რასაც კაცობრიობა მუდმივად მისტირის. წლების წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შემთხვევით გამქრალი ნივთების დაბრუნება ძალიან მარტივი გახდებოდა. დღესდღეობით ეს პლატფორმა (“lost tag“) უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყანაში, საქართველოში კი მის დამკვიდრებას თამარ ზამთარაძე ცდილობს.

M: საიდან გაჩნდა „lost-tag-ის“ შექმნის იდეა?

lost tag-ს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ხშირად ვკარგავ ნივთებს, მაგალითად, სახლის საკეტი ერთი წლის განმავლობაში 3-ჯერ მაქვს გამოცვლილი. შარშან, ზაფხულში, შვეიცარიაში ვიზიტის დროს, ჩემი  შვეიცარიელი მეგობრის სახლის გასაღებიც დავკარგე და ძალიან შეღონებულმა მოვუბოდიშე, ავუხსენი, რომ, სავარაუდოდ, ჩანთიდან ამომივარდა ტრანსპორტში. მან შვეიცარიული სიმშვიდით მითხრა, რომ გასაღებზე lost tag-ის აქსესუარია შებმული და თუ სადმე ხილვად და თავშეყრის ადგილზე დავკარგე, მარტივად დაიბრუნებდა. ძალიან გავოგნდი და ბევრი კითხვა დავუსვი. სიმართლე გითხრათ, მაინც არ მჯეროდა, რომ ნივთს დამიბრუნდებდნენ. ზუსტად მეოთხე დღეს, ტელეფონზე და, ამავდროულად, მის პირად ფოსტაზე, მოვიდა შეტყობინება, რომ ნივთი იპოვეს (ანუ დაკარგული გასაღები). მართლა არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო… ეს პროდუქტი იმდენად მშობლიურად მომეჩვენა და იმდენად საჭირო რამედ ჩავთვალე, რომ სწრაფად შევუდექი მწარმოებელ კომპანიაზე ინფორმაციის მოძიებას.

M: საიდან მოდის “lost tag-ის” წარმომავლობა, რეალურად?

ეს გამოგონება ერთი შვეიცარიელი ბიჭის სტარტაპი ყოფილა, რომელსაც ძალიან მარტივად დავეკონტაქტე და ვუთხარი, რომ ეს ნივთი საქართველოშიც გვჭირდებოდა. თურმე მის გამოგონებას უკვე  6 ქვეყანაში,  მათ შორის, აშშ-შიც წარმატებით იყენებენ, ბრენდი კი, სულ რაღაც 1 წლისაც არ არის. ასე დაიწყო lost tag-ის ქართული ისტორია. შევთანხმდით თანამშრომლობაზე და დავპირდი, რომ სათავეში ჩავუდგებოდი lost tag-ის პოზიციონირებას ქართულ ბაზარსა და მეზობელ ქვეყნებში. გავითვალისწინეთ ქართველი მომხმარებლის სპეციფიკა, ვიმუშავეთ ვებგვერდის ქართულ ვერსიაზე და ნელ-ნელა წინ ვიწევთ.

აღსანიშნავია, რომ ნივთის პატრონის პოვნა მასზე მიმაგრებულ აქსესუარზე დატანილი QR კოდის სკანირებით ან საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობითაა შესაძლებელი. lost tag-ის საშუალებით, ნივთის მფლობელის პერსონალური ინფორმაცია ანონიმური დარჩება.

M: თქვენი აზრით, რამდენად დიდია დღესდღეობით “lost-tag-ის“ საჭიროება და რამდენად ძლიერი ბერკეტია იგი დაკარგული ნივთების საპოვნელად?

დღემდე, ქართულ ბაზარზე, ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, არანარი ინსტრუმენტი არ გვაქვს იმისთვის, რომ ნაპოვნი ნივთის მფლობელის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. მაქსიმუმ ჩვენ facebook გვერდზე დავდოთ ნაპოვნი ნივთის ფოტო და მეგობრებში ვითხოვოთ დახმარება, რომ მფლობელი გვაპოვნინოს. ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, lost tag-ის აქსესაური მივაბათ ნებისმიერ ჩვენთვის ძვირფას ნივთს და დაკარგვის შემთხვევაში, მპოვნელი მარტივად მოახდენს მფლობელის იდენტიფიცირებას აქსესუარზე დატანილი QR კოდის ან მასზე მითითებული სიმბოლოების ვებგვერდზე შეყვანით. ეს გარკვეული ინოვაციაა საქართველოს ბაზრისთვის. ამასთანავე, ადამიანებს ნამდვილად გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ სიკეთე ვაკეთოთ და ნაპოვნი ნივთები მფლობელს დავუბრუნოთ.

M: როგორია მისი სამომავლო ხედვა?

პროდუქტი, თავდაპირველად, B2B სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი, კომპანიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აქსესუარი შეუკვეთონ თავიანთი კომპანიის ლოგოთი და მათ, ზრუნვის ნიშნად, მომხმარებლებს გადასცენ საჩუქრად. მოგვიანებით კი ვგეგმავთ, საცალო გაყიდვაშიც ჩავუშვათ. ეს ძალიან გაახარებს ცხოველების მფლობელებსაც. აქსესუარი სპეციალური დიზაინით, შეგვიძლია, გამოვიყენოთ შინაური ცხოველების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

lost tag-ის აქსესუარებს, ბევრი კომპანიის მხრიდან, უკვე მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება. ყველა ხედავს ამ ინსტრუმენტის საჭიროებას და ვფიქრობ, უწყინარი პროდუქტია, რომელიც ადამიანებს სიკეთის გაკეთებისკენ უბიძგებს. lost tag-ი დაგვეხმარება, რომ უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვიყოთ და გავახაროთ ის ადამიანები, ვინც ჩემსავით, მუდმივად, თავიანთ დაკარგულ ნივთებს ეძებენ.

განხილვა