in

ლუ ოტენსი, კომპაქტ-კასეტის გამომგონებელი, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

მას სურდა, მუსიკა პორტატული და ხელმისაწვდომი ყოფილიყო 

veon
veon

ალბათ, ამ სტატიის კითხვის დროს თაროზე შემოდებული, დამტვერილი კასეტა უნდა აიღოთ და მაგნიტოფონში მოათავსოთ. ან, უბრალოდ წარმოიდგინოთ, რომ ამას აკეთებთ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპაქტ-კასეტის გამომგონებელი, ლუ ოტენსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გავლენიანი და ნიჭიერი ინჟინერი იყო, რომელმაც Philips-ში მუშაობა 1952 წელს დაიწყო. 1960 წელს კი კომპანიის პროდუქტების განვითარების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში და სულ რაღაც ერთ წელიწადში მისმა გუნდმა პორტატული მაგნიტოფონი შექმნა.

ლუს სურდა, მუსიკა პორტატული და ხელმისაწვდომი ყოფილიყო

ოტენსის მიზანი მართლაც ეს იყო – რაიმე მარტივისა და ყველასათვის ხელმისაწვდომის შექმნა. შემდეგ ნაბიჯი კი 1963 წელს კომპაქტური კასეტის შექმნა იყო, რომელიც საკმარისად პატარა იყო იმისათვის, რომ ქურთუკის ჯიბეში მოთავსებულიყო. სამწუხაროდ, კასეტის ორიგინალური ხის პროტოტიპი, რომელიც ოტენსმა შექმნა, დაკარგულია.

როგორც დოკუმენტური კინორეჟისორი ზაკ ტეილორი ამბობს, ლუ მომხრე იყო იმისა, რომ Philips-ს ახალი ფორმატის ლიცენზია მწარმოებლებისთვის უფასოდ მიეცა, რათა კასეტები მსოფლიო სტანდარტად ქცეულიყო. “ლუ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც ტექნოლოგია უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მის გამოგონებებს მოკრძალებული საწყისი ჰქონდა” – აღნიშნავს “ფილიპსის” მუზეუმის დირექტორი ოლგა კულენი.

მიუხედავად მუსიკის სიყვარულისა, ლუს სენტიმენტალური დამოკიდებულება არ ჰქონია ერთ დროს ძალიან პოპულარულ ფირებთან მიმართებით და პირიქით, უარყოფდა კიდეც, როგორც მუსიკის მოსმენის პრიმიტიულ საშუალებას. ის ჩიოდა, რომ მასში მეტისმეტად ბევრი ხმაური იყო, რაც ხმას ამახინჯებდა. კასეტა კი ნამდვილ სენსაციას წარმოადგენდა, რომელიც ვინილის ერთგვარ ჩამნაცვლებლად მიიჩნეოდა.

თითქმის 20 წლის შემდეგ, რაც Philips-მა კასეტების აქტიური წარმოება დაიწყო, ოტენსი კომპანიას კომპაქტური დისკის ტექნოლოგიის შემუშავებაში დაეხმარა. მისმა გუნდმა Sony-სთან ერთად იმუშავა, რათა შეექმნა ფორმატი, რომელიც ინდუსტრიის სტანდარტად იქცეოდა. “ამიერიდან ტრადიციული საკრავი მოწყობილობები მოძველებულია” – განაცხადა ლუ ოტენსმა, როდესაც CD ფლეერების წარმოება დაიწყო.

მსგავსი პროგნოზები ვრცელდებოდა კომპაქტ-კასეტასთან დაკავშირებითაც, თუმცა ბოლო პერიოდში მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, მიუხედავად ციფრული ცხოვრებისა. ალბათ, “აღორძინებას” ნოსტალგიური შეგრძნება განაპირობებს… კასეტებს ხომ ათწლეულების განმავლობაში იყნებდნენ მუსიკოსები და მსმენელები, როგორც მუსიკის ჩაწერის, გაზიარებისა და მოსმენის საუკეთესო საშუალებას.

ბევრისათვის კასეტებმა საკულტო სტატუსი შეინარჩუნა…

“მე ძილში დავწერე Satisfaction” – წერს კით რიჩარდსი 2010 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში. მან დილას, გაღვიძების შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მის Philips-ის კასეტის ჩამწერს რაღაც ჩაუწერია… როგორც ჩანს, მან მართლაც დაწერა ღამით რაღაც. ეს რაღაც კი არც მეტი, არც ნაკლები, იყო სიტყვები – “I can’t get no satisfaction”.

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე რეკორდული და წარმატებული აღმოჩნდა კასეტების გაყიდვების მხრივ, რამაც, როგორც ცნობილია, ოტენსი ძალიან გააკვირვა. “ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა, დიდი რამ გამხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ რევოლუციად იქცეოდა” – ამბობდა ლუ ოტენსი.

წიგნები და ქალის მკერდი ერთ ფილტრში – კამპანია მრავალფეროვნების მიმღებლობაზე

500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია!