in

#თაობა – LOUDspeakers: დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა მსმენელს, რომელიც მუდამ გვერდში გვიდგას და გვაძლიერებს


LOUDspeakers ქართული ბენდია, რომლის შესახებაც ქართველმა მსმენელმა 2010 წელს, ფესტივალ „ალტერვიზიაზე“ შეიტყო. ჩამოყალიბებიდან დღემდე, LOUDspeakers-მა 3 დრამერი გამოიცვალა და დღეს მუსიკალური ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: ლევან ცხვარაძე (ვოკალი, გიტარა), სანდრო წიკლაური (კლავიში), რომელმაც ბენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ალეკო დოლიძე შეცვალა, ლევან მამალაძე (ბასგიტარა) და დათო ცომაია (დრამი).  მარკეტერი LOUDspeakers-ის ისტორიასა და გეგმებზე ესაუბრა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ლევან ცხვარაძეს.

M: მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ ჩამოყალიბდა ბენდი, რას საქმიანობთ და რა გზა გამოიარეთ დაარსებიდან დღემდე?
LOUDspeakers-ის ჩამოყალიბების იდეა 2009 წელს გაჩნდა ალეკო დოლიძისა (კლავიში) და ლევან ცხვარაძის (ვოკალი, გიტარა) მიერ. ბენდმა ჩამოყალიბების დღიდან განიცადა ცვლილებები როგორც შემადგენლობის, ასევე მუსიკალური კუთხით. ყველაზე დიდი ცვლილება უკავშირდება ალეკო დოლიძის მიერ LOUDspeakers-ის დატოვებას. ეს ბენდისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო. რაც შეეხება ტექსტებს, მათი ნაწილი ეკუთვნის ალეკო დოლიძეს, დანარჩენი კი – ლევან ცხვარაძეს. როგორც წესი, მუსიკალური იდეების დასრულება და ერთ მთლიანობად გადაქცევა მთელი ბენდის მიერ ხდება.

M: რა იყო თქვენი .. “Big Break” ?
მიგვაჩნია, რომ LOUDspeakers-ის ყველა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი უკავშირდება 2014 წელს სოლო ალბომზე მუშაობის დაწყებას. ამავე წელს, ბენდი პირველად გავიდა საზღვრებს გარეთ და მონაწილეობა მიიღო ესპანეთში გამართულ ფესტივალზე – Arenal sound. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2015 წელს სადებიუტო ალბომის – “Lighthouse” -ჩაწერა და პრეზენტაცია.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=im93RBMcuXc[/embedyt]

M: ქართულად, როგორც ვიცი, თითქმის არ გაქვთ ტექსტები, რამის შეცვლას თუ აპირებთ ამ მხრივ და რას ფიქრობთ, რატომ ირჩევს ქართველი შემსრულებლების უმეტესობა ინგლისურს სამღერად?
რთულია საუბარი სხვა ბენდებსა და შემსრულებებზე, ამიტომაც გეტყვით, რატომ მღერის LOUDspeakers, ძირითადად, ინგლისურად. ასე უფრო ბუნებრივად ხდება იმ ემოციების გამოხატვა, რომელიც გვინდა, გავუზიაროთ ჩვენს მსმენელს. ჩვენი მუსიკალური და ტექსტუალური მხარეების სინთეზი ასე უფრო მისაღებია.

M: რა პრობლემებს შეხვედრიხართ ქართულ სცენაზე როგორც მსმენელის, ასევე დამქირავებლის მხრიდან?
ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. თუმცა გვინდა, აღვნიშნოთ ქართველი მსმენელის აქტიური ჩართულობა ალტერნატიულ მუსიკაში. მათ დიდი წვლილი მიუძღვით, რომ ბენდი აქამდე მოვიდა და აგრძელებს წინსვლას.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=VtwxtS9PcDo[/embedyt]
M: გყავთ, თუ არა უცხოელთა აუდიტორია, რომელიც გისმენთ და  ხომ არ გეგმავთ საქართველოს გარეთ კონცერტების ჩატარებას?
LOUDspeakers-ს არსებობის მანძილზე სამი გასვლა ჰქონდა საზღვარგარეთ.
2014 წელი- ესპანეთი, ფესტივალი Arenal soud.
2016 წელი – უკრაინა (კიევი), ფესტივალი Atlas weekend
2016 წელი – ერევანი, სოლო კონცერტი.
ვფიქრობთ, ამ კონცერტებმა გარკვეული რაოდენობის მსმენელი გააჩინა აღნიშნულ ქვეყნებში.

M: რას აპირებთ მომავალში, რას შესთავაზებთ ქართველ მსმენელს?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: LOUDspeakers არ წყვეტს აქტიურ მუშაობას. ბენდი მუშაობს ახალ სიმღერებზე და რანდენიმე თვეში გადაინაცვლებს სტუდიაში, სადაც დაიწყება მეორე ალბომზე მუშაობა. გეგმაშია ვიდეოკლიპების გადაღება და მასშტაბური კონცერტების ჩატარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ.

M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ynW6Ske1lCA[/embedyt]


ფრთხილად, ეზოში ავი დრონია! – დაცვის განახლებული სისტემა

#თაობა: სანდრო ცქიტიშვილი – ადამიანი, რომელმაც მიკარგული ქართული მუსიკა ციფრულ სამყაროს გააცნო