in

LOUDspeakers – თუ ახალი ალბომი ერთ ადამიანს მაინც მოევლინება მკურნალად, ჩვენი მიზანი მიღწეულია

ბენდის ახალი ალბომი, Pills Of Time 25 დეკემბერს Leno Records-ზე გამოვიდა


LOUDspeakers ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი რომ, ბოლო დეკადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ჯგუფია ქართულ სცენაზე. ფაქტია რომ მათი სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის ახლობელი აღმოჩნდა და 10 წლის განმავლობაში ჯგუფი საკმაოდ სტაბილურად მოღვაწეობს. 6 წლიანი პაუზის შემდეგ ამჟამად ტრიომ ახალი ალბომი, „Pills Of Time“ გამოუშვა და სწორედ ამ ალბომთან დაკავშირებით ჩავწერეთ მათთან ინტერვიუ:

M: უკვე 10 წელი არსებობთ ქართულ სცენაზე, რაც ქართულ, არასტაბილური მუსიკალური პერსპექტივით საკმაოდ სოლიდური პერიოდია – როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა რომ თქვენი პროექტი დღემდე აქტიურია?

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:  უანგაროდ გვიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებთ. ასე იყო თავიდან და ახლაც ასეა კიდევ უფრო გააზრებულად. ვიცით, რამდენად გაგვიმართლა, რომ დღემდე ვაკეთებთ მუსიკას. თუმცა მხოლოდ საქმისადმი სიყვარულიც არ კმარა, როცა საჯაროდ გამოგაქვს პროდუქტი და გარკვეულწილად მასთან ერთად შენი თავიც, შენი პიროვნება. მუსიკა, როგორც ხელოვნების ყველა დარგი, ემოციების გაცვლაა იმ ადამიანებთან, რომლებიც შენი საქმით და ამ საქმის შედეგით ინტერესდებიან. ჩვენი მსმენელის გარეშე, აქამდე ვერც მოვიდოდით. სწორედ მათგან ვიღებთ იმ ზღვა ემოციებს  ამ წლების მანძილზე, რაც გვაძლიერებს და სურვილს გვიჩენს რომ მხოლოდ წინ ვიყუროთ. ამას საქმისადმი სიყვარული, პატივისცემა და ის ადამიანები ემატებიან, რომლებიც გვერდით გვედგნენ და დღესაც გვიდგანან. გვაძლიერებენ და სწორ მიმართულებას გვაძლევენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გვაჯია, რომელიც ჩვენი მეგობრის და პროდიუსერის გარდა, ჩვენი მასწავლებებლი და მრჩეველია (თან საკმაოდ კრიტიკულიც)

M: ჯგუფის შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა – რამდენად კომფორტულად გრძნობთ ამჟამინდელი ტრიოს შემადგენლობით?

ახლა LOUDspeakers-ის შემადგენლობაში ოფიციალურად სამნი ვართ. რაც კომფორტულია, რადგან სამივენი 10 წელია ერთად ვუკრავთ ჯგუფში და ერთმანეთის კარგადაც გვესმის. დასარტყამ ინსტრუმენტზე კი, გიორგი ბულბულაშვილი იგივე ბულბულა გვეხმარება, რომელიც ჩვენი მეგობარი, კარგი მუსიკოსი და უბრალოდ კარგი ადამიანია.

M: ახალი ალბომი პირველიდან 6 წლის შემდეგ გამოვიდა – რატომ იყო თქვენს შემოქმედებაში ეს პაუზა? თუ არ ყოფილა პაუზა და უბრალოდ საჯაროობა აკლდა?

რთულია საქართველოში ალბომების დროულად ჩაწერა და შემდეგ დროულად გამოცემა. ამას ემატება პანდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და ყველას და ყველაფერს პრობლემას უქმნის. ყველაფერმა ერთად კი დრო დაგვაკარგვინა და ალბომის გამოსვლაც გაიწელა. თუმცა გვირაბის ბოლოს მაინც გავედით და ალბომი უკვე ოფიციალურად გამოსულია.

M: ამ წლების განმავლობაში თავი დაიმკვიდრეთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური პროექტი – რამდენად რთულია მუდმივად ამ გამოწვევაზე შესაბამის მზადყოფნაში ყოფნა?

ეს ურთულესი რამაა. როცა საქმე გიყვარს, მსმენელის მიმართ კი პატივისცემა გაქვს,  ვერ მისცემ თავს უფლებას, უხარისხო და ზერელე პროდუქტი აკეთო. ყოველთვის ცდილობ, მსმენელის მხრიდანაც შეაფასო და ამავდროულად შენი თავი და შენი ნიშა არ დაკარგო. ეს ყველაფერი კი ტონუსში გამყოფებს და მეტწილად ყოველთვის მობილიზებული ხარ.

M: Pills Of Time – დროის მკურნალ ეფექტს ეხება – რამდენად არის ეს ალბომი თითოეულ თქვენგანის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული?

მთლიანი ალბომი, სრულად ჩვენი ემოციების გამოხატულებაა. იმ ემოციების, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა, დრომ მოიტანა ან წაიღო. თუ ეს ალბომი, ერთ ადამიანს მაინც მოევლინება მკურნალად, ან უბრალოდ გაუმრავალფეროვნებს ცხოვრებას, მაშინც თამამად ჩავთვლით, რომ ჩვენი და ალბომის მიზანი მიღწეულია.

M: ალბომის რამდენიმე კომპოზიცია რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სხვადასხვა სახით ხელმისაწვდომი – რა არის შეცვლილი ალბომის ვერსიაში?

მთლიანი ალბომი რამდენჯერმე გადამუშავდა, დაიხვეწა. ყოველი ახალი მოსმენისას ახალი ნიუანსები ემატებოდა და საბოლოოდ ის სახე მიიღო, როგორც ყველა წამყვან მუსიკალურ პლატფორმაზეა წარმოდგენილი. ალბათ ეს პროცესიც ერთ-ერთია, რომელიც ალბომის გამოსვლას აჭიანურებს, თუმცა სჯობს მოიცადო და თავად იყო ბოლომდე კმაყოფილი, ვიდრე ნაჩქარევად გააკეთო და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგრჩეს.

M: ალბომი Leno Records-ზე დარელიზდა – როგორია თქვენთვის გვაჯისთან მუშაობის გამოცდილება?

ძალიან გვიხარია, რომ მეორე ალბომზეც გვაჯიმ იმუშავა და მთლიანი ალბომი Leno Records-ში ჩაიწერა. გვაჯი პირდაპირი ადამიანია და რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ჩვენთვის მისი პირდაპირობა მოტივატორია და გვეხმარება, რომ მუდამ ფხიზლად ვიყოთ. გარდა საქმისა, ის ჩვენი კარგი მეგობარია და ვფიქრობთ, რომ მასთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები და კრეატიულები გავხდით.

M: ალბომამდე ერთი სინგლი უკვე გამოაქვეყნეთ – რა  არის „ეიფორიის“ ძირითადი სათქმელი?

ჩვენი აზრით, ეიფორია, შეიძლება წამიერად სასიამოვნო, თუმცა ზოგადად არც ისე სახარბიელო განცდაა. ხშირია მომენტი, როცა ეს გრძნობა გაშორებს რეალობას და გადამეტებულად განგაცდევინებს სხვადასხვა ემოციას. მალევე კი, ნაკლებად კარგ რეალობას ეჯახები. ან იმდენად დიდ ემოციას და ძალას ხარჯავ ეიფორიის დროს, რომ შემდეგ მიწაზე ენარცხები და ხვდები, რომ რეალობის ადეკვატური აღქმა, ყველაზე სწორი, თუმცა ამავდროულად ძალიან რთულია. სიტყვები: „Euphoria, here I come. Please just push me away. Because don’t want to lose control, don’t want to lose myself, Euphoria again“, ამ ყველაფრის ნათელი გამოხატულებაა.

M: ქართული მუსიკალური სცენა ბოლო 5-6 წლის განამვლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, გამოცჩნდნე ახალი თაობის მუსიკოსები/ბენდები რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ქართულ ენაზე მღერის – თქვენ რამდენად აპირებთ ამ მიმართულებით სიარულს?

ალბომში ერთი კომპოზიცია „რომ არ დაშავდე“ ქართულენოვანია. ასევე გვაქვს კიდევ ქართულენოვანი სიმღერის  დემო-ჩანაწერი „შენ“. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში უფრო აქტიურად შევიტანოთ მშობლიური ენა ჩვენს მუსიკაში და როცა ეს მოხდება, მსმენელი პირველი გაიგებს ამის შესახებ.

M: რა განსხვავებაა მუსიკალურად Lighthouse-სა და Pills Of Time-ს შორის? რამდენად ცდილობთ ხოლმე მუსიკალურად ახალი ფორმების შემოტანას  თქვენს შემოქმედებაში – თუ თქვენს მსმენელს ისევ ძველი LOUDspeakers-ის მოსმენა უფრო მოენატრა?

 

ჩვენ ორ ალბომს შორის განსხვავება დიდია. მეორე ალბომი ჩვენთვის უფრო ახლოა, როგორც მუსიკალურად, ისე ემოციურად. ორივე კომპონენტი უფრო გააზრებული და მრავალფეროვანია. გვესმის მსმენელის იმ ნაწილის, რომელიც ძველი და ასე ვთქვათ „გაჰიტებული“ სიმღერებიდან ხელმძღვანელობს. თუმცა ჩვენი ემოციები და ემოციების გამოხატვის ფორმები ცვალებადია. რაც ვფიქრობთ კარგია, რადგან ეს  მრავალფეროვნებას უყრის თავს. თუმცა არ არსებობს ძველი და ახალი LOUDspeakers. ეს ერთი მთლიანობაა, რომელიც წლებია გრძელდება და ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ბედნიერება და პატივია.

M: რა არის თქვენი გეგმები ალბომის შემდეგ? ამ წლების განმავლობაში კიდევ ახალ მუსიკაზე ხომ არ დაგიწყიათ უკვე მუშაობა?

სამომავლო გეგმები სრულად ახალ სიმღერებს უკავშირდება. რამდენიმე ახალი კომპოზიცია უკვე მუშაობის პროცესშია, რომლის დასრულების შემდეგაც, გვინდა მათი ერთად შეკრება და EP-ის ან LP-ის სახით გამოცემა, გააჩნია მათ რაოდენობას. საახალწლო პერიოდის ჩავლის შემდეგ, პირველი რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება. იმედია მეორე და მესამე ალბომებს შორის, ექვსწლიანი პაუზა აღარ განმეორდება (იცინიან).


“აჭარაბეთს“ სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ჯილდო გადაეცა

COMMSCHOOL-მა 2021 წელი შეაჯამა