Thames & Hudson-მა გამოაქვეყნა ახალი მონოგრაფია მე-20 საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი ფოტოგრაფის, ლუის სტეტნერის შემოქმედებაზე. წიგნი ასახავს სტეტნერის ბრწყინვალე კარიერას, რომლის ნამუშევრებმაც დიდი გავლენა იქონია ბევრ თანამედროვე შემოქმედზე.
1922 წელს ბრუკლინში დაბადებული სტეტნერი ფოტოგრაფიით თინეიჯერობის წლებში დაინტერესდა. მან სწრაფად დახვეწა თავისი მხატვრული ხედვა, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში საკულტო ჯგუფს — Photo League — შეუერთდა, სადაც ისეთ შემოქმედებთან თანამშრომლობდა, როგორებიც სიდ გროსმანი და ვეგი არიან. 1936 წელს დაარსებული Photo League იყო საერთო სოციალური და შემოქმედებითი ხედვის მქონე მხატვრების გაერთიანება.
სტეტნერი მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ფოტოგრაფი იყო. ომში მიღებული გამოცდილება მის ფოტოგრაფიულ ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა. ამ პერიოდს მხატვარი მისი შემოქმედების მთავარ შთაგონებას უწოდებს.
სტეტნერის ნამუშევრების დიდი ნაწილი ეხება იმ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, რომლებიც გარს ეხვივნენ და ეძებდა სილამაზეს უბრალოებაში. სტეტნერი გვაოცებს სპონტანურობითა და თანაგრძნობის მხატვრულობით. თითქმის არაფრისგან ქმნის შედევრებს და უბრალო მომენტებს მნიშვნელოვან მოვლენებად აქცევს.
1947 წელს სტეტნერი პარიზს ეწვია. თავდაპირველად სამი კვირით აპირებდა დარჩენას, მაგრამ ეს მოგზაურობა საფრანგეთის დედაქალაქში ხუთწლიან ცხოვრებად გადაიქცა. ამ დროის განმავლობაში პარიზმა დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. დარჩენილი ცხოვრება კი ნიუ-იორკსა და პარიზს შორის მოგზაურობაში გაატარა. როგორც თავად ამბობდა, ეს იყო მისი „ორი სიყვარული“. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ფოტოგრაფიული ტრადიციის გავლენის ქვეშ იყო, მისმა ესთეტიკამ შეინარჩუნა ნიუ-იორკის ქუჩების ფოტოგრაფიის გარკვეული სიმწვავე.
წიგნში დაბეჭდილი ფოტოები და ნაწერები ხაზს უსვამს მის ერთგულებას საკუთარი იდეების მიმართ. მან უარი თქვა ნებისმიერ კომპრომისზე თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში. ის ცხოვრობდა რწმენით და თავისი ემპათიური, ღირსეული და გაბედული მიდგომის ერთგული დარჩა ხელოვნებისა და ცხოვრების მიმართ.