16
Jul
2019

Louis Vuitton-მა ვიდეოთამაში შექმნა – ბრენდის კიდევ ერთი ექსპერიმენტი

16 Jul 2019

Louis Vuitton-მა ვიდეოთამაში Endless Runner შექმნა. ბრენდისთვის, ერთი შეხედვით, უცნაური პროდუქტის გამოშვება, სულაც არ არის შემთხვევითი. ცოტა ხნის წინ, მოდის სახლმა, მომხმარებლებს, Jenga-ს საკუთარი ვერსია წარუდგინა. კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს კომპანიის სტრატეგიის ნაწილია და ამით განსხვავებული სეგმენტის ათვისებას ცდილობს. სიახლის შესახებ საზოგადოებას Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზაინერმა ვირჯილ აბლომ აცნობა.

 

Endless Runner-ის გრაფიკა რეტრო სტილშია და 1980-იანი წლების ვიდეოთამაშებს ჰგავს. მთავარ გმირს გზაზე ხვდება წინაღობები: ნაგვის ურნები, ტელეფონის ჯიხურები. მისი მიზანი კი ფრანგული ბრენდის ლოგოს აბრევიატურის, “LV”-ისა და რომბის ფორმის, ოთხ-ქიმიანი ვარსკვლავის მოპოვებაა.

ბრენდმა, ვიდეოთამაში, 2019–2020 წლების შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექციის მხარდასაჭერად შექმნა. მთავარი კონცეფციაც – გრაფიკა და სტილი – ახალი სამოსის მიხედვით შეარჩია. Endless Runner-ში მოქმედება ნიუ-იორკის ქუჩებში ვითარდება და ერთ-ერთი სწორედ ის ლოკაციაა, სადაც, 2019 წლის ზამთარში, მომავალი სეზონის კოლექციის ჩვენება გაიმართა.

განხილვა