მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, თავის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი გვიყვება.
გადაწყვეტილებების მიღება არ მიჭირს. დიდხანსაც არ ვფიქრობ ხოლმე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მინუსებისა და პლუსების ჩამოწერის ნაცვლად, უფრო ინტუიციას ვენდობი. თუ შინაგანად ვგრძნობ, რაღაც ძალიან მინდა და ესაა ის, რაც მსურს, ყოველთვის ვდგამ ნაბიჯს. არ ვიცი, რისკის სიყვარულია ეს თუ გამბედაობა, მაგრამ წინათგრძნობა ყოველ ჯერზე ამართლებს.
თუმცა, ბოლო პერიოდში კვლავაც ცვლილებების წინაშე დავდექი. ეს უფრო მეტად შინაგანი ცვლილებებია. დავაკვირდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მარტოს არცერთი დღე არ გამიტარებია. ცოტა ხნის წინ, სრულიად მარტო წავედი პარიზში და ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. ზოგჯერ, შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს და მაინც გჭირდებოდეს ცვლილებები. იმისათვის, რომ კარგად დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ძალიან სასარგებლოა დროის მარტო გატარება.
დავფიქრდი შემოქმედებასა და ხელწერაზე, რაც აქამდე მაქვს გამომუშავებული. ეს ყველაფერი იმ შინაგანი სამყაროდან მოდის, რაშიც გაიზარდე, როგორ ჩამოყალიბდი, რა გაშინებს. თითქოს, ჩემი ნამუშევრები ჩემივე დისკომფორტებს უკავშირდება. ფოტოებში ვცდილობ ყველაფერი გავალამაზო, იდეალურამდე მივიყვანო. მივხვდი, ეგეც ჩემი შინაგანიდან მოდის – ვცდილობ ყველა სიტუაციაში სწორად მოვიქცე. ჩემი ფოტოგრაფია ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას გამოხატავს – თავშეკავებულია, ცდილობს არავინ შეურაცხყოს, მიუხედავად სილამაზისა. ამას კი, თავის მხრივ, ჩემივე სურვილებზე უარის თქმამდე მივყავარ. იმას, რასაც ჩვენი ცნობიერი ვერ ხვდება, ჩვენი არაცნობიერი მძაფრად განიცდის. არ მინდა დავკარგო საკუთარი შეგრძნებები იმისათვის, რომ გარემოებას, რეალობასა და ხალხს მოვერგო. ამისათვის კი, მჭირდება სივრცე, არა უბრალოდ, მარტო ჯდომა, არამედ საკუთარი თავის მოსმენა, ხელახლა პოვნა, გადააზრება. შეიძლება, ამასობაში, ახალი ინტერესებიც აღმოვაჩინო, თუნდაც, სხვა დარგებში. ვფიქრობ, საკუთარ თავზე დაკვირვებისთვის შესაბამისი სივრცე უნდა გვქონდეს დატოვებული. კი, რეგულარული შრომა აუცილებელია პროფესიონალიზმისთვის, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც მარტო პრაქტიკა ვეღარ გავითარებს და ზოგჯერ უნდა გაჩერდე, დააპაუზო და გამოუშვა ის, რაც შენშია. ეს კი საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, რადგან უამრავი ადამიანისთვის საქმიანობა არის შემოსავლის წყარო, რითაც თავს ირჩენს და ამის მიტოვება განმარტოებისთვის, ადვილი არაა. თუმცა, პრიორიტეტების გადალაგებით, შესაძლებელია დროის გამონახვა საკუთარ თავთან სამუშაოდ. სხვა შემთხვევაში, რუტინა გყლაპავს და უნდა ვეცადოთ, რომ ამას თავი დავაღწიოთ. როგორც წესი, ცვლილებები ძალიან რთულია, რადგან დაპროგრამებულები ვართ, ჩავჭიდებივართ კომფორტის ზონას და არ გვინდა სხვა რეალობაში მოხვედრა, რადგან ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.