პროფესიის არჩევა ის პასუხისმგებლობაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გვდევს ფონად — როგორც კარიერის განვითარების, ისე ზოგადად ყოველდღიურობის განსაზღვრის კუთხით. ამიტომაც, ხშირად გვიჭირს არჩევანის გაკეთება, არ ვიცით რომელ სფეროში ვხედავთ საკუთარ თავს ყველაზე მეტად, ან რამდენად „პერსპექტიულია“ ის, რაც გვაინტერესებს. ამას ემატება გარშემომყოფთა შეგონებები და რჩევები.
თანაც, ყველა სხვადასხვა ასაკში ხვდება, რას აირჩევს პროფესიად. ზოგმა ღრმა ბავშვობიდან იცის, რომ ჟურნალისტი იქნება, ზოგიერთი კი უკვე ზრდასრულობისას ხვდება, მასში „ფარული ფეხბურთელი“ რომ იმალება. მაგრამ თუ არჩევანის გაკეთებისას „შევცდით“, ორი გზა გვაქვს: ან ვაგრძელებთ იმ საქმით ცხოვრებას, რომელიც არ გვიყვარს; ან ვიცვლით პროფესიას.

სტატიაში კი, ლუიზა ჩალათაშვილთან ერთად, სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, რა ხდება, როცა არჩევანს ვიცვლით. თავად ლუიზა პროფესიით იურისტია, თუმცა მას დღეს ყველა ვიცნობთ, როგორც ფოტოგრაფს, მისი ცვლილებების გზა კი საინტერესო და ერთგვარად შთამაგონებელია მათთვის, ვისაც ნაბიჯის გადადგმის ეშინია საყვარელი საქმიანობისკენ. „16 წლის ვიყავი უნივერსიტეტში ჩაბარებისას, როცა ვერც კი ვხვდებოდი, რატომ უნდა ამერჩია პროფესია. არც მიფიქრია ამ თემაზე. თან, ჩემ დროს „არ შეიძლებოდა“ რამდენიმე წლით მოცდა და მერე ჩაბარება. ზედაპირულად სამი ვერსია მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი: ეკონომიკური, სამედიცინო და იურიდიული. ბოლოს, ყველაზე მეტად იურიდიულთან დავაკავშირე ჩემი პიროვნება და ასე აღმოვჩნდი ჯერ ბაკალავრიატზე და შემდეგ მაგისტრატურაზე“, — ამბობს ლუიზა.
M: როდის მიხვდი, რომ პროფესიის შეცვლის დრო იყო? რამდენად გაგიჭირდა გადაწყვეტილების მიღება?
ზოგადად, ეს ძალიან ეტაპობრივად მოხდა. უნივერსიტეტში 2004-ში ჩავაბარე, 2006-დან კი უკვე ვიღებდი ფოტოებს — რეალურად, დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ჰობად, ვიდრე ძირითად საქმიანობად ვაქცევდი. ბევრს უკვირდა კიდეც, რატომ ვიყავი იურისტი და არა — ფოტოგრაფი. იმ პერიოდში ინსტაგრამიც ძალიან პოპულარული იყო და ბევრი ადამიანი მიწვევდა გადაღებებზე. მთელი ამ დროის განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად, ნაცნობობაც დავაგროვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში.
ხოლო როცა ვიგრძენი, რომ ყოველდღიურად დისკომფორტსა და სტრესს განვიცდიდი იურიდიულ სფეროში მუშაობით, ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე. ამაში ისიც დამეხმარა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ფოტოების გადაღების 9-წლიანი გამოცდილება მქონდა… თითქოს, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. მოკლედ, ერთიდან წამოსვლის აშკარა საჭიროებას ვგრძნობდი, მეორე საქმიანობის კარები კი ფართოდ იყო გაღებული — ამიტომაც, საერთოდ არ გამჭირვებია სურვილის დაკმაყოფილება.

რეალურად, პროფესიასთან არ მქონია პრობლემა, უფრო მეტად იმ საქმეებთან, რომელთა მიღმა ყოფნაც მიწევდა. თანაც, ყველაფერი მოვალეობამდე მქონდა დაყვანილი — სამსახურში წასვლა რომ გეზარება, მაგრამ ვალდებული ხარ, პასუხისმგებლობა გაკისრია.
M: რას ურჩევდი მათ, ვისაც პროფესიის შეცვლა სურს, მაგრამ ჯერ კიდევ ეშინია გადაწყვეტილების მიღების?
რა თქმა უნდა, ზრდასრულ ასაკში, როცა ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია, რთულია რადიკალურად შეცვალო ყველაფერი. ამ კუთხით, ჩემი რჩევა იქნება, ეტაპობრივობა შეინარჩუნონ — არ არის აუცილებელი, დღესვე წამოვიდნენ სამსახურიდან და ასე დაიწყონ საკუთარი თავის ახალ სფეროში მოსინჯვა. მეც ხომ ასე გავაკეთე? ჯერ ნიადაგი მოვიმზადე, გამოცდილება დავაგროვე და შემდეგ დავემშვიდობე აწ უკვე ძველ საქმიანობას.
მესმის, რთულია ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ უფრო ძნელია იმ პროფესიით ცხოვრება, რომელიც არ გიყვარს
დღევანდელ რეალობაში ეს გაცილებით მარტივია, რადგან ბევრად მეტი რესურსია ხელმისაწვდომი.
M: იზიარებ მოსაზრებას, რომ „როცა რაღაც გიყვარს, მისი კეთებით აუცილებლად წარმატებას მიაღწევ“?
შეიძლება, ზედმეტად იდეალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა: მჯერა, როცა რაღაც რეალურად გიყვარს, შენ მიერ გაკეთებული საქმეც გულწრფელია და მთელ თავს უძღვნი მას. მიმაჩნია, რომ წარმატების ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი გასაღები სწორედ საქმის სიყვარულია. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ერთი სფეროდან მეორეში გადასვლა — ამას ბევრი პირობა სჭირდება, მათ შორის, მატერიალური უზრუნველყოფა. ზოგადად, მე ისეთი ტიპი ვარ, ძალიან ბევრს რომ არ ფიქრობს და, ძირითადად, ინტუიციას მიჰყვება. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციურად მაქვს მიღებული და გამართლებულა კიდეც. არც ერთი წამით არ მინანია ფოტოგრაფიაში გადმოსვლა… პირიქით, ვფიქრობ ხოლმე, რა მეშველებოდა ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა.
ხშირად ამბობენ, რომ ბევრი შრომა წარმატების ფორმულაა. თუმცა, როცა შრომისმოყვარეც ხარ და საქმეც გიყვარს, ტანჯვით კი არ აკეთებ ყველაფერს, არამედ სიამოვნებით.
საქმის სიყვარული განაპირობებს იმას, რომ განვითარდე და რეალიზდე.

ლუიზას გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია, რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოვყოთ:
პროფესიის ზრდასრულ ასაკში შეცვლას თან ახლავს პასუხისმგებლობების გადააზრება — თუ მაღალანაზღაურებად სამსახურს დაბალშემოსავლიანზე ვცვლით, გარკვეული რესურსებით უზრუნველყოფა გვჭირდება. ამისათვის კი საუკეთესო გამოსავალია, „პაუზის“ ნაცვლად, პარალელურად დავიწყოთ საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა, დასაქმების ალტერნატიული გზების მოძიება, სანაცნობო წრის გაზრდა. ამგვარი მიდგომა იმის გაცნობიერებაშიც დაგვეხმარება, რამდენად სწორი მიმართულებით ვაპირებთ წასვლას და არის თუ არა ეს ის, რაც რეალურად გვინდა.
სირთულეს წარმოადგენს შიშის გადალახვაც. როცა საკუთარ თავთან უამრავი კითხვა გაქვს — იქნებ, ცდები… იქნებ, ეს უბრალოდ დროებითი სურვილია. მაგრამ პარალელური მოქმედებისას, ეს სურვილიც „გამოიცდება“ და მიხვდებით, რამდენად გულწრფელი ხართ მომავლის გეგმებში. აქ კი ისიც გასათვალისწინებალია, რომ სწორი პროფესიის პოვნა რეალიზებაშიც გვეხმარება: „გულწრფელად გითხრათ, ფოტოგრაფიით დაკავება ჩემთვის რეალიზების საშუალებად იქცა — დავძლიე უამრავი კომპლექსი თუ დაძაბულობა, ბევრად თავდაჯერებული გავხდი, საკუთარი თავი გამაცნო და ადგილი მაპოვნინა. ალბათ, ყველა ასეა, როცა იმას აკეთებს, რაც მისი მოწოდებაა და არ უწევს ყოველდღიური ჭიდილი“, — აღნიშნავს ლუიზა.
ავტორი: ქეთია ბელქანია