in

Love is… – სიყვარულის ამბებით შექმნილი ნახატები, რომელიც მსოფლიომ შეიყვარა

Love is… – საღეჭი რეზინი ამ სახელწოდებით, ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან გვახსოვს. დასამახსოვრებელი კომიქსები, სიყვარულის ათასნაირი ინტერპრეტაციით, თავად საღეჭ რეზინზე არანაკლებ იპყრობდა ჩვენს ყურადღებას. როგორც აღმოჩნდა, ამ მრავალფეროვანი ჩანახატების უკან სიყვარულის ნამდვილი ამბავი დგას და დღეს, სწორედ ამაზე გიამბობთ.

ეს ნახატები, რომლებსაც 90-იანებში უამრავი ბავშვი ვაგროვებდით, ვინახავდით და ერთმანეთს ვუცვლიდით, ახალზელანდიელი მხატვრის, კიმ კასალის მიერ არის შექმნილი 1960-იან წლებში.

19 წლის ასაკში, კიმმა მშობლიური სახლი დატოვა და ავსტრალიის, ევროპისა და აშშ-ის გარშემო დაიწყო მოგზაურობა. ერთხელაც, კალიფორნიაში მან იტალიელი რობერტო კასალი გაიცნო. წყვილმა სასიამოვნო ტრადიცია დაამკვიდრა – კიმი რობერტოს მიმართ გრძნობებზე პატარა ჩანახატებს ქმნიდა. თავდაპირველად, ამ ჩვეულებას დღიურის წარმოების ფორმა ჰქონდა.

დაქორწინების შემდეგ, რობერტომ კიმის ნამუშევრები ჟურნალისტებს გაუზიარა და Los Angeles Times მისი პირველი კომიქსის გამოშვებას დათანხმდა. ცოლის ნამუშევრებში რობერტომ დიდი პერსპექტივა დაინახა და გადაწყვიტა მისი პროდიუსერობა აეღო საკუთარ თავზე.

იმ პერიოდში, მხატვრული ფილმი „სიყვარულის ისტორია“ გადიოდა კინოთეატრებში, რომლის სლოგანიც იყო „სიყვარული ნიშნავს, არასოდეს გჭირდებოდეს ბოდიშის მოხდა“. როდესაც კიმის ყოველკვირეული კომიქსები გამოჩნდა, საზოგადოებისგან ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა. Love is კომიქსები იმდენად პოპულარული გახდა, რომ წყვილმა დააფუძნა კორპორაცია Minikim. ნახატები არამხოლოდ პუბლიკაციებში ხვდებოდა, არამედ ცალკე პრინტებადაც ვრცელდებოდა. მათ ნახავდით ჭიქებზე, კალენდრებზე, მაისურებსა და სხვა პროდუქტებზე. 70-იანების შუა პერიოდისთვის, კომპანიის წლიური შემოსავალი 4-5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ამავდროულად, კომიქსებით გაფორმებული პროდუქტები 50 ქვეყანაში იწარმოებოდა.

კომიქსების ფერადი ვერსიით საღეჭი რეზინის თურქული წარმოება Intergum დაინტერესდა. სწორედ აქედან იწყება იმ პროდუქტის ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ბავშვობას გვახსენებს და დღესაც წავაწყდებით ხოლმე მაღაზიებში.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ექვსი KPI, რომელიც მარკეტინგის გუნდს უნდა დავუსახოთ

ობიექტების ბგერითი ტალღებით ლევიტაცია ახალ საფეხურზე ადის