რა უნდა გააკეთოთ, თუ მოდა გიყვართ და ამასთან, ბიზნესის დაწყება გინდათ? ქართული ტანსაცმლის ბრენდ „ლავლაინის“ შემქმნელები ამბობენ, რომ ასეთ დროს საუკეთესო გზაა დაიწყოთ საქმიანობა, რომელიც თანამედროვე მოდის ტენდენციებსა და ხარისხს გააერთიანებს. ასე მიიღებთ პროდუქტს და შესაბამისად, ბრენდს, რომელიც ტანსაცმლის წარმოებით იქნება დაკავებული.
„ლავლაინის“ ამბავი 2018 წლის ივნისში, ორმა მოდაზე შეყვარებულმა მეგობარმა დაიწყო. ეს იყო ელენე კახიძისა და გვანცა უბირიას სურვილი, საქართველოში, საკუთარი დიზაინით შეექმნათ მოდური და ხარისხიანი პროდუქცია. მას შემდეგ ამბობენ ფრაზას „ჩვენთან სილამაზე ხელმისაწვდომია“ და აღნიშნავენ, რომ მთელ სიყვარულს დებენ პროდუქციის შექმნაში:
ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებდით სიყვარულით. გვინდოდა, ამ სიყვარულთან ყოფილიყო ჩვენი ბრენდი დაკავშირებული, ამიტომ შევარჩიეთ სახელი „ლავლაინი“. თავიდან, შევისწავლეთ ბაზარი და რამდენიმე მოდელი შევქმენით, დაველოდეთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა. გამოხმაურების შემდეგ, მივეცით თავს იმის უფლება, რომ ექსპერიმენტებიც ჩაგვეტარებინა და როგორც ვხედავთ, გაამართლა“.
M: ელენე, გარდა მოდის სიყვარულისა, რა უნარები დაგეხმარათ ბრენდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში?
გვანცა ფინანსების მიმართულებით სწავლობს და გავლილი აქვს მოდის მენეჯმენტის კურსი. მე ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ვსწავლობ. მოდის სიყვარულთან ერთად, ეს განათლებაც გვეხმარება „ლავლაინის“ ფუნქციონირებაში.
M: რაც შეეხება დიზაინს, ის თქვენ მიერ იქმნება? პროდუქციის დამზადების კუთხით თუ თანამშრომლობთ სამკერვალოებთან?
დიზაინს ჩვენ ვქმნით და ამ დროს, ვითვალისწინებთ იმ ტრენდებს, რაც მოცემული დროისთვის აქტუალურია ბაზარზე. რაც შეეხება პროდუქციისთვის საბოლოო სახის მიცემას, ამ კუთხით, ვთანამშრომლობთ რამდენიმე სამკერვალოსთან, რომელსაც, ასე ვთქვათ, სისრულეში მოჰყავს ჩვენი იდეა.
M: როგორც გვერდიდან ჩანს, თქვენი პროდუქცია, ძირითადად, ქალებისთვისაა…
დიახ, ამ ეტაპზე ასეა. ჩვენი დაკვირვებით, მამაკაცებს უჭირთ ტანსაცმლის ონლაინ შეძენა. ძირითადად, მორგება უნდათ და ამის შემდეგ ყიდვა. თუმცა, დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ მამაკაცებისა და ბავშვების ხაზის დამატებაზე.
M: „ლავლაინი“ ფუნქციონირებს როგორც ბრენდი და ონლაინ მაღაზია. მოგვიყევით, როგორია შეკვეთის პროცესი ან, შეზღუდულია, თუ არა მოდელების რაოდენობა?
შეკვეთა შესაძლებელია ფეისბუკ გვერდის მეშვეობით. გვაქვს მზა მოდელები და თუ მათი რაოდენობა ამოიწურება, ან მომხმარებლის შესაბამისი ზომა არ გვაქვს, შეკვეთით ვკერავთ იმავე მოდელს. ზოგ მოდელზე დიდი მოთხოვნაა და 20-30 მზადდება, ზოგი უფრო შეზღუდული რაოდენობით გვაქვს. თუ პროდუქცია უკვე მზადაა, მას მეორე დღესვე ვაწვდით მომხმარებელს, ხოლო, თუ ახლიდან შეკერვაა საჭირო, 4-5 დღეში.
M: ქართულ ბაზარზე არაერთი კომპანია გვთავაზობს ტრენდულ სამოსს. რა გამოგარჩევთ მათგან?
ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირატესობაა ხარისხი, ხელმისაწვდომობა და დახვეწილი დიზაინია. ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ ფასის ფაქტორს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ის ოპტიმალური იყოს.
M: როგორია „ლავლაინის“ განვითარების ხედვა?
მაღაზიის გახსნა არის ჩვენი პირველი მიზანი, რომელიც უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება. შემდეგ, გვინდა მამაკაცისა და ბავშვის ხაზიც შევქმნათ. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები გაფართოებას უკავშირდება, ჯერჯერობით კი, ნახევარი წელია, რაც ამ მიმართულებით ვსაქმიანობთ.