ახალ წლამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა, ბრენდებმა კი უკვე დაიწყეს თემატური კამპანიების გადაღება და 2024 წლისთვის ახალი ემოციებით მზადება. ამჯერად Marks & Spencer-ის ვიდეორგოლზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ერთგვარ გამოწვევად გვევლინება — დავარღვიოთ რუტინული ბალანსი და ამ წელს რაღაც განსხვავებული ვცადოთ.
თითქოს წლების განმავლობაში შინაგან ვალდებულებად გვიყალიბდება, ტრადიციულად შევხვდეთ ახალ წელს — მკაცრად გაწერილი გეგმით და კონკრეტული ჩვევებით. ალბათ, გულის სიღრმეში გვეშინია კიდეც, რომ თუ რაღაცას განსხვავებულად გავაკეთებთ, ბალანსი დაირღვევა, „ახალი წელი“ არ დადგება. მსგავსი აღქმის დარღვევას კი ბრენდი ემოციური კამპანიით ცდილობს, სახელწოდებით Love Thismas (Not Thatmas). რეკლამაში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სახალისო დილემებს აწყდებიან, წვრილმანებთან მიმართებითაც კი… ზოგიერთი მათგან იმას აკეთებს, რაც არ მოსწონს, ზოგი კი უბრალოდ უარს ამბობს წესებზე.













