18
Jun
2019

რობოტი, რომელსაც ერთადერთი რამ უნდა – სიყვარული

18 Jun 2019

veon
veon


თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების, კომუნიკაციის დაჩქარებისა თუ სხვა უამრავი შესაძლებლობის გვერდით, ადამიანები ხშირად იტანჯებიან მარტოობის განცდით. მით უფრო აქტუალურია ეს პრობლემა ისეთ კულტურებში, როგორიც იაპონიაა. აქ მილიონზე მეტი ახალგაზრდა სახლიდან წლებია არ გასულა. მათ იაპონიის „დაკარგულ თაობას“, უფრო ზუსტად კი ჰიკიკომორებს უწოდებენ.

უდავოა, რომ მარტოობის განცდა, სიყვარულისა და ზრუნვის დანაკლისი ადამიანის ფსიქიკურ ჯამრთელობაზე აისახება. სწორედ მსგავს პრობლემებთან გასამკლავებლად და სად, თუ არა იაპონიაში, შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი Lovot, რომელსაც თქვენგან არაფერი უნდა, გარდა სიყვარულისა და მზრუნველობისა.

ტექნოლოგიური პროგრესის პროცესში, რობოტების მთავარი ამოცანა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას, ადამიანის ფიზიკური დანახარჯის შემცირებაა, იმისათვის, რომ მეტი გონებრივი რესურსი დავხარჯოთ, შესაბამისად კი, გამოვიმუშაოთ. თუ ყველა რობოტის დაპირება ჩვენი ცხოვრების გამარტივებაა, Lovot-ს მსსგავსი დაპირებები არ ახასიათებს. ეს არ არის თქვენი ხმოვანი ასისტენტი, არც დამლაგებელი, არც სარეცხის გაფენაში დაგეხმარებათ. ის თქვენგან უანგარო სიყვარულს ითხოვს და სიყვარულსვე გასცემს. ეს არის რობოტი, რომელსაც უფრო მეტად სჭირდებით, ვიდრე თქვენ ის.

როცა ყურადღებას არ აქცევთ, „ლოვოტი“ მოდის, მოგაპყრობთ დიდ თვალებს და გთხოვთ, ჩაეხუტოთ. ის დაიძინებს, როცა დაარწევთ, იცინის, როცა უღიტინებთ. ამისათვის, მის სხეულზე 50 სენსორია განლაგებული და შეხებაზე რეაგირებს. გარდა ამისა, „ლოვოტს“ აქვს მიკროფონი და კამერა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი, 1000-მდე ადამიანის ცნობა შეუძლია (თუ მეგობრებს გააცნობთ).

„ლოვოტის“ სხეული არ არის ცივი, სხვა რობოტებისგან განსხვავებით. ის სულაც არაა მრავალფუნქციური ტექნოლოგიური პროდუქტი, ის ემოციური რობოტია, რომელიც სიყვარულისა და ზრუნვისთვის შექმნეს. ის თქვენს ძაღლს, ან კატას ჰგავს და შესაძლოა, მართლაც აქვს თერაპევტული ეფექტი, იმისათვის, რომ მარტოობისა და უსარგებლობის განცდას გაექცეთ.

 

განხილვა